სიახლეები

მტკიცებულებიდან პოლიტიკასა და ადვოკატირებამდე

27 სექტემბერი 2019

სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში

2019 წლის 25 სექტემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა კვლევის „სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში“ ძირითად მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინა. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, რომელიც გენდერული დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გამოვლინებაა, დაბადებამდე ნაყოფის სქესის შერჩევას გულისხმობს და განპირობებულია საზოგადოებაში არსებული ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭების განწყობითა და გოგონების დაბალი ღირებულებით.

"გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი 2014 წლიდან ატარებს კვლევით საქმიანობას საზიანო პრაქტიკების მიმართულებით. კვლევები აჩვენებს, რომ 2014 წლიდან დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ტენდენციამ გაუმჯობესება დაიწყო და 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მიუახლოვდა ნორმალურ დონეს. კვლევა, რომელსაც დღეს წარვადგენთ მიმოიხილავს სწორედ იმ ფაქტორებს, რომელმაც, ბოლო 15 წლის მანძილზე, საქართველოში ამ ტენდენციის გაუმჯობესება განაპირობა. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული კვლევის მიგნენები და რეკომენდაციები გამოყენებული იყოს სამომავლო პოლიტიკის შესაქმნელად." - ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

საქართველოში დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის შემცირებაზე სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკის შესაძლო გავლენის შესასწავლად, 2018 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის ინსტიტუტთან პარტნიორობით, სპეციალური კვლევა განახორციელა. კვლევის ამოცანაა გამოავლინოს, თუ რა გავლენა იქონია სოციალურ-ეკონომიკურმა პოლიტიკამ და პროგრამებმა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის ტენდენციის გაუმჯობესებაზე - ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭების შემცირებისა და ოჯახების რეპროდუქციულ ქცევასა და არჩევანზე ზეწოლის შემსუბუქების გზით. აღნიშნული კვლევა განხორციელდა გლობალური პროგრამის (2017-2019) „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. კვლევის ყველა ეტაპზე კვლევითი ინსტრუმენტები, მეთოდები და შედეგები განიხილებოდა დემოგრაფიისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევასთან დაკავშირებული პოლიტიკის ანალიზის წამყვან ექსპერტებთან, რომელთა შორის არიან - დოქტორი კრისტოფ გილმოტო, დოქტორი ლორა რემი და სარა ტაფურო.

"საქართველოს გამოცდილება განსაკუთებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო, სამხრეთ კორეასთან ერთად, იმ ორ ქვეყანას შორის არის სადაც, ამ სახის გენდერული დისკრიმინაციის შემცირება აშკარაა. ამჟამად დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა საქართველოში ძალიან ახლოს არის ბიოლოგიურ ნორმასთან, ჩემი გათვლით, ძალიან მცირე ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ საქართველო სრულად დაუბრუნდეს ნორმალურ დონეს. აუცილებელია სხვა ქვეყნებმა ისწავლონ საქართველოს მაგალითზე, რადგან შემდეგ შეძლონ მსგავსი მექანიზმების გამოყენება აღნიშნული საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად." - დოქტორი კრისტოფ ზ. გილმოტო, დემოგრაფი, მოსახლეობის და განვითარების ცენტრის (CEPED) მკვლევარი.

„კვლევის ძირითადი მიგნება არის ის, რომ გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ, სიღარიბის შემცირების არსებულმა ტრენდმა, ასევე ეკონომიკის სტრუქტურულმა ცვლილებამ და სერვისის სექტორის წინ წამოწევამ ხელი შეუწყო დაბადებისას სექსთა რაოდენობრივი თანაფარდობის შემცირებას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უზრუნველვყოთ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რომელიც, თავის მხრივ, სხვა დადებით შედეგებთან ერთად, განაპირობებს არსებული ტენდენციის შენარჩუნებას და არ დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რომელიც 2004-2003 წელს გვქონდა ამ მხრივ.“ -   მაკა ჭითანავა, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევითი გუნდის ხელმძღვანელი.

კვლევის შედეგებისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის გარდა, ღონისძიებამ ასევე საფუძველი ჩაუყარა დისკუსიას პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, აქტივისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და მასმედიის წარმომადგენლებს შორის. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ბოლოდროინდელი დადებითი დინამიკის შესახებ გამართული დისკუსია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი პერსპექტივის ჩამოყალიბებას საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის.

ღონისძიება გახსნეს: გოჩა ლორთქიფანიძემ - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარემ, საბინე მახლიმ - გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, ლელა ბაქრაძემ - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, თამარ სულუხიამ - თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის ინსტიტუტის (ISET-PI) დირექტორმა.