თქვენ აქ ხართ

გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებაა. ქალებს უფლება აქვთ, იცხოვრონ ღირსეულად, სიღარიბისა და შიშის გარეშე. ქალთა გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მისაღწევად და სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

ძლიერი ქალები ხელს უწყობენ ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას და პროდუქტიულობას და შემდეგი თაობის სამომავლო პერსპექტივების გაუმჯობესებას.

მაგრამ, მიუხედავად სანდო მტკიცებულებებისა, რომლებიც ცხადყოფს ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას სიღარიბის აღმოფხვრისთვის, განვითარების ხელშეწყობისთვის და მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, გენდერული თანასწორობა მიუღწეველ პირობად რჩება.

ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია - მათ შორის გენდერული ნიშნით ძალადობა, ეკონომიკური დისკრიმინაცია, უთანასწორობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და საზიანო ტრადიციული პრაქტიკა - უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და მდგრადი ფორმაა. ჰუმანიტარული კრიზისების, განსაკუთრებით კი შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ქალები და გოგონები საშინელ სირთულეებს და გაჭირვებას განიცდიან.

30-ზე წელიწადზე მეტია გაეროს მოსახლეობის ფონდი ადვოკატირებას უწევს გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებებს,  ხელს უწყობს საკანონმდებლო და პოლიტიკურ რეფორმებს, გენდერულად სენსიტიური მონაცემების შეგროვებას, ასევე მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც აუმჯობესებს ქალთა ჯანმრთელობას და ხელს უწყობს მათი ცხოვრებისეული არჩევანის გაფართოებას. 

გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს:

  • ადვოკატორება და პოლიტიკის შესახებ დიალოგი გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციულ უფლებათა პრიორიტეტების სახელმწიფო პოლიტიკასა და ეროვნულ სამოქმედო გეგმებში ინტეგრაციის მიზნით;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტის გაძლიერება რეპროდუქციული უფლებების ჩართვის მიზნით  ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მონიტორინგის ჩარჩოში;
  • მულტისექტორული მიდგომის გაძლიერება გენდერული ნიშნით ძალადობის საპასუხოდ;
  • ადრეულ ასაკში/ბავშვთა ქორწინების, ვაჟებისათვის უპირატესობის მინიჭების, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკების პრევენციის გაძლიერება;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა შესაძლებლობების გაძლიერება გენდერული თანასწორობის და რეპროდუქციული უფლებების ხელშეწყობის, მათ შორის გენდერული ნიშნით ძალადობის და საზიანო პრაქტიკების პრევენციის მიზნით.

 

მულტი სექტორული მიდგომის გაძლიერება გენდერული ნიშნით ძალადობის საპასუხოდ

ოჯახში ძალადობის/ქალების მიმართ ძალადობის ეროვნული რეფერალური მექანიზმის გაძლიერების კრიტიკული საჭიროებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საპასუხოდ მულტისექტორული მიდგომის გაძლიერების საჭიროების გათვალისწინებით გაერო-ს მოსახლეობის ფონდი მხარს უჭერს ქალების მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეაგირების გაძლიერებას. ამ მიზნით ფონდი იყენებს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ კონცეფციას მულტისექტორული მიდგომა გენდერული ნიშნით  ძალადობის საპასუხოდ. აღნიშნული კონცეფცია საფუძვლად უდევს უწყებათაშორის და მულტისექტორულ ინტერვენციას და რეფერალურ მოქმედებებს, აყალიბებს რა შესაბამისი აქტორებისთვის ზოგად მეთოდოლოგიურ ჩარჩოს.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერა მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებისთვის სტანდარტული სამუშაო პროცედურების ჩამოყალიბებას, პილოტირებას და შეფასებას, ტრენინგის  რეგიონული მოდულის ადაპტირებას და ტრენინგების ჩატარებას ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის, დახმარებას სახელმძღვანელო მითითებების და პროტოკოლების ჩამოყალიბება/განახლებაში სექსუალური ძალადობის შემთხვევების კლინიკური მართვისთვის.

 

ადრეული/ბავშვის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენცია

ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ადრეული ქორწინება არის ოფიციალური, ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც 18 წლის ასაკს მიუღწეველია. ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად ითვლება, რადგან არასრულწოვანს არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა ქორწინებაზე.

არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 14% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. თუმცა, მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული.

ადრეული ქორწინება გენდერულ ჭრილში განსახილველი ფენომენია - ის  განსხვავებულ გავლენას ახდენს ბიჭებსა და გოგონებზე. ზოგადად, ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა, გოგონებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია. ადრეული ქორწინება გოგონებისთვის მძიმე შედეგების მომტანია, ხშირ შემთხვევაში მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს და ხელს უშლის გოგონებს განათლების დასრულებაში. მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო როგორც პოლიტიკის და კანონმდებლობის დონეზე, ასევე თემებთან და თვითონ მოზარდებთან მათი დამოკიდებულების შესაცვლელად.

2017 წლიდან, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია გამონაკლისის დაშვების გარეშე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ადვოკატირების შედეგად ადრეული/ბავშვთა ასაკში ქორწინების საკითხი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა. ფონდი ხელს უწობს:

  • კოორდინაციას, დიალოგს პოლიტიკის შესახებ, რეკომენდაციების შემუშავებასა და ინტეგრირებას  ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ეროვნულ სამოქმედო გეგმებში;
  • სანდო მონაცემების მოგროვებას ადრეული/ბავშვთა ქორწინების საკითხის შესახებ;
  • მოზარდებისა და ახალგაზრდების, ისევე როგორც მშობლების და თემების გაცნობიერების ამაღლებას ადრეული/ბავშვის ქორწინების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების შეცვლისათვის;
  • თანამშრომლობას რელიგიათა შორის საბჭოსთან ადრეული/ბავშვის ასაკში ქორწინების პრაქტიკის აღმოფხვრისათვის. 

გენდერული ნიშნით სქესის სელექციის პრევენცია გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის

ვაჟიშვილებისათვის უპირატესობის მინიჭება და გოგონების დაუფასებლობა, რაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის ძირეული მიზეზია, საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ამ პრაქტიკის შედეგად საქართველოში უფრო მეტი ბიჭი იბადება, გოგონების რაოდენობა კი მცირდება. ტენდენციების შესწავლის და მტკიცებულებებზე დამყარებული საზოგადოებრივი დისკუსიის წამოწყების მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდმა 2014 წელს ჩაატარა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა მჭიდრო კავშირშია კულტურულ და რელიგიურ, ასევე ქალაქსა და სოფლად ცხოვრების თავისებურებებთან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რამდენიმე გადამწყვეტი ფაქტორის არსებობა, მათ შორის ოჯახებში ვაჟებისათვის უპირატესობის მინიჭება.

სტატისტიკის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-ისთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 9% არჩევდა. ამჟამად საქართველოში   დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 110 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შორის ნორმალური ბიოლოგიური ბალანსი მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. დაბადებისას სქესთა შორის დარღვეული ბალანსი მნიშვნელოვნად იზრდება მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში და 100/140-ს აღწევს. გამოთვლებით დადგინდა, რომ ასეთი პრაქტიკის გამო 1990 წლიდან 2010 წლამდე საქართველოში დაახლოებით 25 000 გოგონა არ დაიბადა.

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა გენდერული დისკრიმინაციის რადიკალური გამოვლინებაა; ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგად მივიღებთ ძალადობის გაზრდას, ეკონომიკურ რეგრესს და შობადობის შემცირებას. ამ პროცესის შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესია პრობლემის აღიარება და საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება იმ სოციალური ნორმებისა და ქცევების შესაცვლელად, რომლებსაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევამდე მივყავართ.

დიდია იმის ალბათობა, რომ ცვლილების უმთავრესი წყარო იქნება იმ კულტურული დამოკიდებულებების შეცვლა, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭების ტენდენციის კლება. რაც უფრო სწრაფად მოხდება აღნიშნული ტრანსფორმაციები გენდერულ დამოკიდებულებებში, მით უფრო მცირე იქნება დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის საერთო შედეგები  საქართველოს დემოგრაფიული სტრუქტურებისთვის მომავალში.

მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში უკვე შეინიშნება დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის კლების ტენდენცია და ეს ხელსაყრელი მომენტია, რათა მივიღოთ ზომები აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამა დახმარებას უწევს:

  • სქესთა შორისი ბალანსის დარღვევის შესახებ ცოდნის ბაზის გაფართოებას დემოგრაფიული და სოციალურ-კულტურული კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის ხელშეწყობით;
  • ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებას სქესთა შორის დარღვეული ბალანსის გამოსასწორებლად პოლიტიკისა და პროგრამების ადვოკატირების, შემუშავების, განხორციელების და მონიტორინგისა და შეფასებისათვის;
  • ამ საზიანო პრაქტიკის შესახებ მოსახლეობაში ცოდნის გავრცელებას, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც უფრო მეტად არის დარღვეული სქესთა შორისი ბალანსი.

 

მამაკაცებისა და ბიჭების ჩართულობა

შეუძლებელია გენდერული თანასწორობის მიღწევა მამაკაცებისა და ბიჭების ჩართულობის გარეშე. ცვლილებებს დიდი დრო სჭირდება, თუმცა ბოლო დროს მამაკაცები სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს ქალებისა და გოგონების გაძლიერებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი 2010 წლიდან მუშაობს მამაკაცებთან და ბიჭებთან გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად  - რაც ყველა ადამიანს და მთლიანად, საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. სხვადასხვა პროექტი, მათ შორის ტრენინგები „მამაკაცური საუბრები“, მიზნად ისახავს, წაახალისოს მამაკაცები და ბიჭები, რათა დაძლიონ საზიანო სტერეოტიპები, დაამყარონ ჯანსაღი, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და ხელი შეუწყონ ყველა ადამიანის უფლებების განხორციელებას.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ (MenCare) გაეროს მოსახლეობის ფონდმა საქართველოში 2016 წლის ივლისში წამოიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია “We Care“-თან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში. კამპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტი, რომ მას საფუძვლად უდევს კვლევების შედეგები და იგი ითვალისწინებს საქართველოს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს.

2013 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის დახმარებით და IMAGES მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარებული კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მონაცემები ადასტურებს, რომ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლის მამაკაცებს, აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ. მონაცემები ასევე ცხადყოფს ფესვგადგმული სოციალური სტანდარტების არსებობას.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია, ხელი შეუწყოს მამაკაცების, როგორც სამართლიანი, არამოძალადე და მზრუნველი მამებისა და მეუღლეების, ჩართულობას ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და წაახალისოს მამაკაცები, უფრო მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოების ჰარმონიულ განვითარებაში. კამპანიაში „კაცები ზრუნავენ“ მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას და პრინციპებს იზიარებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა პრომუნდოსა და გლობალურ MenEngage Alliance- თან თანამშრომლობით ხელი შეუწყო რეგიონალური MenEngage პლატფორმის შექმნას. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური MenEngage პლატფორმა წარმოადგენს ალიანსს, რომელიც მოიცავს არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და გაეროს პარტნიორებს 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მასშტაბით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური MenEngage პლატფორმის წევრები კოლექტიურად და ინდივიდუალურად შეიმუშავებენ და გაავრცელებენ ცოდნასა და ინფორმაციას გენდერული თანასწორობის მიღწევაში მამაკაცებისა და ბიჭების ჩართულობის შესახებ.