Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

მოსახლეობასთან დაკავშირებული საკითხები

მოსახლეობასთან დაკავშირებული საკითხები

მოსახლეობასთან დაკავშირებული საკითხები

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქმიანობა მოსახლეობის დინამიკის სფეროში უმნიშვნელოვანესია სიღარიბის აღმოფხვრის და მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების მიღწევისათვის. მოსახლეობის დინამიკა, მათ შორის ზრდის მაჩვენებლები, ასაკობრივი სტრუქტურა, შობადობა და სიკვდილიანობა, მიგრაცია და სხვა, ზემოქმედებას ახდენს ადამიანური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების თითოეულ ასპექტზე.

1994 წლის მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე წამოყენებული იქნა მოსახლეობას, განვითარებას და ადამიანების ინდივიდუალურ კეთილდღეობას შორის დამოკიდებულების მკაფიო ახალი ხედვა: მოსახლეობასთან დაკავშირებული მიზნები და პოლიტიკა წარმოადგენს კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების განუყოფელ ნაწილს, რომლის მთავარი მიზანია ყველა ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი დახმარებას უწევს ქვეყნებს მონაცემთა შეგროვებისა და მათი შემდგომი ანალიზის შესაძლებლობის განვითარებაში, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკის შექმნას და მართვას და პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებას იმისათვის, რომ სათანადოდ მოხდეს როგორც არსებულ, ასევე მომავალ საჭიროებებზე რეაგირება, ხელს უწყობს სახელმწიფო, რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ დიალოგებს განვითარების პროგრამების მხარდაჭერის მიზნით.

 

დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკა

საქართველომ, როგორც აღმოსავლეთი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ბევრმა ქვეყანამ, ბოლო 25 წლის განმავლობაში გაიარა სოციალიზმიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდი და გამოსცადა ეკონომიკური ვარდნის გამოწვევები. ამჟამად ქვეყანა ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს. გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ადვოკატირებას უწევს მტკიცებულებათა გაძლიერებას მოსახლეობის დინამიკის ქვეყნის განვითარების პოლიტიკაში ინტეგრირების მიზნით.

2016 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობით, გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა დახმარება გაუწია საქართველოში მოსახლეობის დინამიკის და დემოგრაფიული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ სახელმწიფო დიალოგს მონაწილეობითი პროცესის მეშვეობით, რომელშიც ჩართულები იყვნენ სამთავრობო უწყებები, გაერო-ს სააგენტოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამეცნიერო წრეები, პროფესიული ასოციაციები და სამოქალაქო საზოგადოება. დიალოგის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის დინამიკის, მასზე მოქმედი ფაქტორებისა და მომავალი პრიორიტეტების შესახებ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც აისახებოდა საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკაში.

შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შემუშავებული საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის კონცეფცია ფართოდ აღიარებს ადამიანის უფლებათა პრინციპებსა და სტანდარტებს, საერთაშორისო სამართალს, მდგრადი განვითარების მიზნებს და ეროვნული პოლიტიკის შესაბამის ჩარჩოებს, და მოიცავს ოთხ ძირითად სფეროს: 1) შობადობა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჩათვლით; 2) ავადობა და სიკვდილიანობა; 3) მიგრაცია და 4) მოსახლეობის სტრუქტურა და მოსახლეობის დაბერება.

მონაწილეობაზე დამყარებული მულტისექტორული პროცესის საფუძველზე შემუშავებული „დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 24 ივნისს მიიღო.

 

მოსახლეობის დაბერება საქართველოში

მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებული მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების რეგიონული სტრატეგია ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც მოსახლეობის დაბერების საკითხებს ეხება. მოსახლეობის დაბერება ახალ რეალობას წარმოადგენს როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნებისთვის. აუცილებელია ამ მოვლენებიდან გამომდინარე სოციალური და ეკონომიკური შედეგების სრულად და სათანადოდ შესწავლა და მათზე რეაგირება. მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება და შესაძლებლობების გამოყენება ასახული უნდა იქნეს პოლიტიკის მთელ რიგ სფეროებში.

დაბერების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა 2015 წელს „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევის“ შემუშავება გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის დახმარებით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დახმარება გაუწია „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ შემუშავებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 27 მაისს მიიღო.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივის“ პროექტთან თანამშრომლობით, მხარი დაუჭირა მოსახლეობის დაბერების საკითხზე ორწლიანი (2017-2018) სამოქმედო გეგმის შემუშავებას „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევში“ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. მოსახლეობის დაბერების საკითხზე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების მონაწილეობითი და მულტისექტორული პროცესი შეიძლება კარგი მაგალითი გამოდგეს მომავალში ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავებისათვის.

 

მოსახლეობის აღწერის და მისი მონაცემების სიღრმისეული ანალიზის ხელშეწყობა

როგორც საქართველოს მთავრობის ძირითადმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მოსახლეობის დინამიკის საკითხებში, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა, შვედეთის მთავრობასთან ერთად, ქვეყანას დახმარება გაუწია მოსახლეობის 2014 წლის აღწერის ჩატარებაში.

თავისი მასშტაბით და შინაარსით აღწერა წარმოადგენს ქვეყანაში მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მონაცემთა უნიკალურ წყაროს. 2014 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად ახალი ინფორმაცია იქნა მიღებული საქართველოში მოსახლეობის რაოდენობაზე, სქესის და ასაკის მიხედვით მის სტრუქტურაზე, დასაქმებაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შემოსავლის წყაროებზე, საცხოვრებელზე და სოფლის მეურნეობის საქმიანობებზე.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა ინვესტირება განახორციელა მოსახლეობის აღწერისთვის ხარისხიანი მონაცემების შეგროვების და შედეგების გაანალიზების შესაძლებლობების განვითარებაში. ჩამოყალიბების დღიდან, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი დახმარებას უწევს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) ძირითადი კომპეტენციების განვითარებაში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოსახლეობის აღწერების ჩატარება მონაცემთა შეგროვების საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით. ამ მიზნის მისაღწევად გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა, გაერო-ს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან თანამშრომლობით, დახმარება გაუწია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაძლებლობების განვითარებას მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაში, დაგეგმვაში, ჩატარებაში, მონაცემთა ანალიზსა და გავრცელებაში. გარდა ამისა, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა ხელი შეუწყო გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის მეთოდოლოგიის დანერგვას საქსტატში და გადასცა მას შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატურა. ამგვარად, საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა რეგიონში, რომელმაც 2014 წელს გამოიყენა გეოსაინფორმაციო სისტემა მოსახლეობის აღწერის დაგეგმვის, მონაცემთა შეგროვების  მიზნით.

მოსახლეობასთან დაკავშირებული ზუსტი ინფორმაცია, სტატისტიკა და სათანადო ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელებისთვის განვითარების იმგვარი პროგრამების ფორმულირებისათვის, რომლებიც უნდა პასუხობდეს მოსახლეობის საჭიროებებს.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 2014 წლის აღწერის მონაცემთა ღრმა ანალიზის საფუძველზე მონოგრაფიების მომზადებაში შემდეგ საკითხებზე:

  • მოსახლეობის დინამიკა
  • ახალგაზრდობის საკითხები
  • მოსახლეობის დაბერების საკითხები
  • აღწერის მონაცემთა გენდერული ანალიზი
  • დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობა

 

მოსახლეობის დინამიკასთან დაკავშირებული ცოდნის ბაზის გაფართოება

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი ხელს უწყობს მოსახლეობის შესახებ სარწმუნო მონაცემების  მოგროვებას და მათ ანალიზს, რათა მოხდეს ქვეყანაში ადამიანის განვითარების არსებულ და მომავალ საჭიროებებთან დაკავშირებული პოლიტიკის რაციონალიზება.

მოსახლეობის მდგომარეობის ანალიზი მთავრობის თხოვნით ჩატარდა 2014 წელს. მოსახლეობის დემოგრაფიის სფეროში ამ დიდი კვლევის საფუძველზე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა განახორციელა მოსახლეობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დინამიკის ყოველმხრივი შეფასება, რათა გამოეკვლია მათი კავშირები და ზემოქმედება სიღარიბეზე, უთანასწორობასა და განვითარებაზე. ანგარიშის შედეგები ხელს უწყობს მოსახლეობის დინამიკის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და გენდერული საკითხების ინტეგრირებას ეროვნულ სტრატეგიებში და ამ საკითხების ასახვას სახელმწიფო პოლიტიკის ფორმულირების და განხორციელების პროცესში.

გაერო-ს მოსახლების ფონდის საქართველოს ოფისმა წვლილი შეიტანა სხვადასხვა თაობის ადამიანების ქცევითი, სოციალური და ეკონომიკური პირობების შესახებ ცოდნის გაფართოებაში თაობებისა და გენდერის კვლევის ხელშეწყობით: თაობებისა და გენდერის კვლევის ევროპული პროგრამის ფარგლებში 2006 და 2009 წლებში ჩატარდა  კვლევის ორი ტალღა საქართველოს „მოსახლეობის კვლევის ეროვნულ ცენტრთან“ პარტნიორობით.