27-29 ნოემბერს სასტუმრო Crowne Plaza ბორჯომში გაიმართა რეგიონული ვორქშოფი გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საკითხებზე.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს დელეგატებმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ღონისძიება გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ, UNFPA-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის (EECARO) სპეციალისტმა გენდერის საკითხებში, მარი ტულემონდმა, და UNFPA საქართველოს ოფისის პროგრამის ოფიცერმა, მარიკა ქურდაძემ.
გენდერული დისკრიმინაციის მრავალი სხვადასხვა ფორმა არსებობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური გამოვლინებაა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, რომელიც დაბადებამდე ნაყოფის სქესის შერჩევას გულისხმობს, და რომელიც განპირობებულია საზოგადოებაში არსებული ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭების განწყობისა და გოგონების დაბალი ღირებულებით. აღნიშნულმა პრაქტიკამ, სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსი გამოიწვია.
გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის აღმოფხვრა მოითხოვს გენდერულ უთანასწორობასა და გენდერულად მიკერძოებულ სოციალურ ნორმების ცვლილებას; გოგონების ღირებულების შესახებ წარმოდგენების შეცვლას; ქალთა განათლების, ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობას; სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია ტრანსფორმაციისთვის საჭირო პოლიტიკის ჩარჩოების გამყარების, შესაძლებლობების გაფართოებისა და პოლიტიკური ვალდებულებების მობილიზების გზით.
სემინარის ამოცანას წარმოადგენს დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დარღვევასთან და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევასთან დაკავშირებული სოციალური, დემოგრაფიული და პოლიტიკის საკითხების სრულყოფილი მიმოხილვა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებული იქნება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და ინტერვენციების მონიტორინგსა და შეფასებაზე. სემინარი განკუთვნილია ეროვნული პარტნიორებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, მკვლევარებისთვის და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული აქტივისტებისთვის.
სემინარი ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისთან პარტნიორობით, პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.