თქვენ აქ ხართ

კაცობრიობის წინსვლისთვის საჭიროა ადამიანების აღრიცხვა, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან ან ვინ არიან ისინი - მთელი მათი მრავალფეროვნებით. უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, მშვიდობისა და კეთილდღეობის მოსაპოვებლად და დასამკვიდრებლად, იმედის ნაპერწკლების გასაღვივებლად, მსოფლიომ მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს ინკლუზიის უზრუნველყოფისთვის. 

 

 

აღრიცხვის მიღმა დარჩენა, შეუმჩნევლად და, შესაბამისად, მომსახურების გარეშე დარჩენას ნიშნავს. რის შედეგადაც კონფლიქტის დროს იძულებით გადაადგილებული 10 წლის გოგო ვერ სარგებლობს ჯანდაცვის მომსახურებით; ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხანდაზმული ქალი სრულიად დაუცველი რჩება კრიზისის პირობებში; ხოლო შორეულ ადგილას მცხოვრებ თემში დაბადებული ახალშობილი კი - იმ დაცვისა და მომსახურების გარეშე, რომლითაც სარგებლობა მას დაბადების რეგისტრაციის გარეშე არ შეუძლია.

 

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, 1994 წლის მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის მოწოდების კვალდაკვალ, საზოგადოებებმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადეს მოსახლეობის მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და გამოყენების გაუმჯობესების მიმართულებით. მოსახლეობის ახალი, ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის და სხვა ფაქტორების მიხედვით ჩაშლილი, მონაცემები ჩვენი საზოგადოებების მრავალფეროვნებას ასახავს. მხოლოდ ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, ქვეყნების დაახლოებით ორ მესამედში მოსახლეობის აღწერის კითხვარები ახლა უკვე მოიცავს კითხვებს შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ.

 

მსგავსმა პროგრესმა გააუმჯობესა ჯანდაცვის მომსახურებაზე ადამიანების წვდომა მთელ მსოფლიოში, რასაც შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი წინსვლა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებითა და უფლებებით და არჩევანის თავისუფლებით სარგებლობის მიმართულებით. ახალი ტექნოლოგიები უფრო მეტი ადამიანის გამოცდილების უფრო მასშტაბური და დროული აღწერის შესაძლებლობას გვაძლევს.

 

მიუხედავად ამისა, ყველაზე მარგინალიზებული თემები ჯერ კიდევ სრულად არ არიან წარმოდგენილი მონაცემებში, რაც ღრმა კვალს ტოვებს და მტკივნეულად აისახება მათ ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ წარმოებულმა ბოლო კვლევამ გამოავლინა მკვეთრი და მზარდი უთანასწორობა, როგორც ქვეყნებს შიგნით, ასევე მათ შორის. მაგალითად, ჯერ კიდევ მრავლად მოიძებნება ადგილები, სადაც რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები თითქმის უხილავნი რჩებიან დედათა სიკვდილიანობის სტატისტიკაში. შესაბამისად, მათი საჭიროებები ფაქტობრივად უგულებელყოფილია ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურებებში, და სულ უფრო მეტი მათგანი იღუპება მშობიარობისას.

 

2024 წელს, აღვნიშნავთ რა მოსახლეობის მსოფლიო დღეს, დროა დავსვათ კითხვა, ვინ რჩება ჯერ კიდევ აღრიცხვის გარეთ და რატომ - და როგორ აისახება ეს ინდივიდუალურ პირებზე, საზოგადოებებსა და ჩვენს გლობალურ ძალისხმევაზე - არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა. ასევე დროა ყველა ჩვენთაგანმა მეტი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მონაცემთა სისტემები მოიცავდეს ადამიანთა მრავალფეროვნების სრულ დიაპაზონს, რათა არავინ დარჩეს შეუმჩნეველი, ყველამ შეძლოს ადამიანის უფლებებით სარგებლობა და საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება.

 

კაიროს კონფერენციიდან ოცდაათი წლის თავზე, ბევრი რამ გაკეთდა, რაც აღნიშვნას იმსახურებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. შეიძლება ჩვენს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებთან წვდომაც სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ მიუწვდომელი არავინაა. იმისათვის, რომ დავიცვათ საზოგადოების ძირითადი ნაწილისაგან გამიჯნული ადამიანების უფლებები და არჩევანი, ჩვენ უნდა აღვრიცხოთ ისინი - იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ღირებული და მნიშვნელოვანია. ჩვენი - ადამიანების მდიდარი ჯაჭვის სიმტკიცეს ყველაზე სუსტი რგოლის სიმტკიცე განაპირობებს. როდესაც მონაცემთა თუ სხვა სისტემები მარგინალიზებული ჯგუფების საჭიროებებს ემსახურება, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემები ყველას საჭიროებებს ემსახურება. მხოლოდ ამგვარად უზრუნველვყოფთ პროგრესის დაჩქარებას ყველასთვის.