Go Back Go Back
Go Back Go Back

რატომ უნდა ისარგებლონ მამებმა დეკრეტული შვებულებით?

რატომ უნდა ისარგებლონ მამებმა დეკრეტული შვებულებით?

Story

რატომ უნდა ისარგებლონ მამებმა დეკრეტული შვებულებით?

calendar_today 11 November 2023

A family of a father, mother and two sons
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

37 წლის ნატალია შათირიშვილმა და გიორგი ბალახაშვილმა ორივე შვილის შეძენისას მათთთვის განკუთვნილი დეკრეტული შვებულების დღეები თანაბრად გაინაწილეს. 

„კანონით ვიცოდი, რომ ექვსი თვე მშობელს ეკუთვნის დეკრეტული შვებულება და ამით ვისარგებლეთ,“ ამბობს ნატალია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს, ბევრ პროექტშია ჩართული და ხვდებოდა, რომ სრულ ექვს თვეს შვილთან სახლში ვერ გაატარებდა. „ამიტომ, გიორგიმ თვითონვე შემომთავაზა, [დეკრეტულს] მეც ავიღებო.“

გიორგი საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობს და როდესაც 8 წლის წინ, პირველი შვილის შეძენისას, ნატალიასთან ერთად დეკრეტული შვებულების განაწილება გადაწყვიტა, სამსახურის მხრიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო. გიორგი ორივე ბავშვზე მშობიარობასაც ესწრებოდა და თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული მათ მოვლასთან დაკავშირებულ პროცესებში.

„ჩემამდე მსგავსი პრეცედენტის შესახებ არ მსმენია, სხვისი მაგალითის მიხედვით არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, მე თვითონ მინდოდა. ჩემ შემდეგ ვისაც მსგავსი სურვილი გაუჩნდა, პრაქტიკულად, ყველასთან მისაუბრია და მივხვდი, რომ ეს გადამდებია და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია,“ ამბობს გიორგი, რომელიც ყველა მამას ურჩევს, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. 

ნატალია თვლის, რომ მნიშვნელოვანია, მშობლები თავიდანვე ინაწილებდნენ შვილებზე პასუხისმგებლობას. მისი თქმით, დედებსა და შვილებს შორის განსაკუთრებული კავშირი თავიდანვე ყალიბდება, როდესაც შვილს მუცლით ატარებ, მაგრამ მამას მშობიარობაზე დასწრება, დეკრეტული შვებულების აღება და შვილის აღზრდის პროცესში მონაწილეობა ეხმარება ამ ძაფების გაბმაში. 

„როდესაც ბავშვი პატარაა, მისთვისაც კარგია, რომ მასთან ახლო ადამიანი რჩებოდეს, მაგრამ ეს ასევე საჭიროა თავად მამებისთვისაც. როდესაც იცის, რომ მარტო დარჩა პატარა ბავშვთან და უნდა გამოუცვალოს, აჭამოს, დაამშვიდოს - მეტი პასუხისმგებლობით უდგება ამ ამბავს და თან ისეთი კავშირი უყალიბდება [შვილთან], რაც მთელი ცხოვრება თან დაყვება,“ ამბობს ნატალია.

გიორგიც დასძენს, რომ არა მარტო შვილი სწავლობს მამისგან ბევრ რამეს, არამედ პირიქით - მამაც ბევრს სწავლობს შვილთან ურთიერთობით. 

„ისეთ რაღაცებს ეჩვევი, რაზეც შეიძლება მანამდე არც გიფიქრია. უფრო მომთმენი ხდები, რაღაცებს უფრო დაგეგმილად აკეთებ. რეალურად ბავშვთან ურთიერთობა და კონკრეტულად დეკრეტული - უკეთეს ადამიანად გაქცევს,“ ამბობს გიორგი და ახალბედა მამებს მოუწოდებს: „მაგრად ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს იმიტომ, რომ ამაზე მაგარი ემოცია მერე ვეღარ გექნებათ.“

ნატალია და გიორგი დღემდე თანაბრად არიან ჩართული შვილების - 8 წლის ილიასა და 4 წლის მათეს ცხოვრებაში და სრულად ინაწილებენ მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობას: ერთს უფროსი შვილი სკოლაში მიყავს, მეორე - უმცროსს ტოვებს ბაღში, ან პირიქით. ცოლ-ქმარი ასევე თანაბრად ინაწილებს საოჯახო საქმეებსაც, იქნება ეს საჭმლის კეთება, ჭურჭლის რეცხვა თუ რაიმე სხვა, რითიც ერთგვარ მაგალითს აძლევს შვილებს, როგორ იცხოვრონ გენდერული როლებისგან თავისუფალ გარემოში. 

A mother, father and their sons are standing together
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

2013 წელს გაეროს მოსახლოების ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“, ცხადყო საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი საზიანო სოციალური ნორმების შესაცვლელად ქალებთან და კაცებთან თანაბრად მუშაობის საჭიროება. 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ კი ნათლად აჩვენა, რომ ქალებისა და კაცების როლების შესახებ ღრმად ფესვგადგმულმა სოციალურმა ნორმებმა ნელ-ნელა ცვლილება დაიწყო.

მაგალითად, 2013 წელთან შედარებით, 2019 წელს, კაცებისა და ქალების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ბავშვის მოვლა მხოლოდ ქალის პასუხისმგებლობაა, 81%-დან 69%-მდე შემცირდა კაცების შემთხვევაში, ხოლო 76%-დან 54%-მდე - ქალების შემთხვევაში. გარდა ამისა, თუ 2013 წელს ყოველი მეორე გამოკითხული მამობის შვებულების კანონის საჭიროებას ვერ ხედავდა, და თითქმის იგივე რაოდენობა არ უჭერდა მხარს იდეას, რომ მამებისთვის შვეულების მიცემა დამსაქმებლის ვალდებულება ყოფილიყო, 2019 წელს უკვე ქალებმაც და კაცებმაც (67.3% და 64.6%) დაუჭირეს მხარი კანონის მიღებას, რომლის მიხედვით დეკრეტული შვებულება ორივე მშობელს თანაბრად უნდა ეკუთვნოდეთ. 

ნატალიას თქმით, ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი სტერეოტიპი გაქრა და მისი აზრით, ამ მხრივ, მომდევნო ათ წელიწადში ბევრად გაუმჯობესდება სიტუაცია.  

„როდესაც გიორგიმ ილიაზე აიღო დეკრეტული შვებულება, ნიუსებში დაიწერა ამ ამბავზე, ტელევიზიებმა გააშუქეს - ნამდვილი ვარსკვლავი გახდა და მათეზე რომ აიღო - აღარავინ გვიკავშირდებოდა. ვხედავთ, რომ ნელ-ნელა სხვა მამებიც იღებენ დეკრეტულ შვებულებას. ეტაპობრივად, ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა, საკმაოდ ბევრი ასეთი წყვილია და ალბათ კიდევ უფრო ბევრნი იქნებიან,“ ამბობს ნატალია. 

47 წლის ია გაბუნია ფიქრობს, რომ მამის ჩართულობა შვილების აღზრდაში აბსოლუტურად ბუნებრივია: „აბა, სხვანაირად როგორ უნდა იყოს?“ 

A family of five are sitting on the grass, playing with hands
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

იას და მის მეუღლეს, გიორგი ბუჯიაშვილს, სამი შვილი ჰყავთ - 17 წლის სანდრო, 11 წლის ნიკოლო და 8 წლის ანო. გიორგის მშობლობის შვებულებით არ უსარგებლია, რადგან შვილების შეძენისას, უმეტესად თვით დასაქმებული იყო ან საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ თავიდანვე სრულად ჩართული იყო მათი აღზრდის პროცესში. 

„ანოს ძალიან გამოცდილი მშობლები შევხვდით. სანდროს შემთხვევაში, რადგან პირველი იყო, ერთმანეთისგან, სხვებისგან, შეცდომებზე ვსწავლობდით, მაგრამ მერე ნიკოლოს შემთხვევაში, ცოტა უფრო დავიხვეწეთ ამ მხრივ,“ აღნიშნავს გიორგი მათი, როგორც მშობლების მიერ სანდროდან ანომდე განვლილ ტრანსფორმაციაზე.

სანდროს დაბადებიდან რამდენიმე თვეში, იას სამსახურებრივ მივლინებაში გამგზავრება და შვილის რამდენიმე დღით დატოვება უწევდა, მაგრამ მშვიდად იყო, რადგან მის არყოფნაში ბავშვზე გიორგი ზრუნავდა. 

„მე ვფიქრობ, ეს არის ის ძვირფასი დრო, რომელიც ეძლევა როგორც დედას, ასევე მამას, [იმისთვის, რომ] მთელი არსით გაისიგრძეგანონ, რაც ემართებათ მათ ახალი ბავშვის მოვლინებით,“ ამბობს ია და დასძენს, რომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესების ერთად გავლა. 

მისი თქმით, გიორგი ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო გარშემომყოფებისთვის და კარგი „როლური მოდელი“ გამოვიდა. თუმცა ასევე იმედოვნებს, რომ ნელ-ნელა თანასწორი მშობლობა ჩვეულებრივი ამბავი გახდება. 

„სადაც მივდივართ, ყველგან გვცნობენ. შეიძლება იმიტომაც, რომ ბევრნი ვართ და საკმაოდ ხმაურიანებიც, მაგრამ სულ ისე ხდება, რომ გიორგი ძალიან აქტიურად არის ხოლმე ჩართული ბავშვებთან ურთიერთობაში, არა მხოლოდ ჩვენს შვილებთან, მათ მეგობრებთანაც. მიზიდულობის ცენტრი ხდება ხოლმე გიორგი და ყველა აღნიშნავს, რა კარგად გამოსდის ბავშვებთან ურთიერთობა და როგორი განსაკუთრებული მამაა,“ ამბობს ია.

A mother, father and their three children are standing at red blocks outdoors
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

2020 წელს, UNFPA-ის ჩართულობით, საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რისი გამოყენება დედას ან მამას მთლიანად ან ნაწილობრივ შეუძლია. კერძოდ: „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.“ რაც შეეხება ბავშვის მოვლის გამო შვებულებას, იგი შეადგენს 604 დღეს, საიდანაც ანაზღაურებადია 57 დღე.  

შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში ორივე მშობლის დადებითი ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული - ამ დროს ბავშვები გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, აქვთ მაღალი აკადემიური მიღწევები, უკეთესი სოციალური უნარები, მაღალი თვითშეფასება, ნაკლები ქცევითი პრობლემები და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობა.  

„ის, რომ დღეს საქართველოში მამებს შეუძლიათ მშობლის შვებულებით ისარგებლონ, ეხმიანება საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების განწყობებს ზრუნვის შრომის გადანაწილების თაობაზე. ჯერ-ჯერობით ჩვენ არ გვაქვს მონაცემები იმის თაობაზე, თუ რამდენად აქვთ ინფორმაცია ახალგაზრდა მამებს ამ უფლების თაობაზე და კანონის ამოქმედების შემდეგ რამდენმა მამამ ისარგებლა ამ შვებულებით, თუმცა, პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში ვგეგმავთ რომ დავაკვირდეთ ამ ტენდენციას და გამოვავლინოთ, თუ სად არის საჭირო დამატებითი ძალისხმევის გაწევა,“ ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), პროექტის ოფიცერი, ეთუნა ნოღაიდელი. 

მისი თქმით, „მამობის შვებულება იმ ფართო იდეის ნაწილია, რასაც ოჯახზე ზრუნვის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკას ვუწოდებთ - პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოსა და პირადი ცხოვრების შეთავსებას.“

UNFPA-ის საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადებული ანიმაციური ვიდეო მარტივად ხსნის, რატომ უნდა ისარგებლონ მამებმა დეკრეტული შვებულებით. ვიდეო: ფორსეტი

„ცხადია, აუცილებელი წინაპირობაა კანონის დონეზე სათანადოდ იყოს დარეგულირებული დედის, მამის და მშობლის შვებულების საკითხი, თუმცა ინდივიდუალური მონდომება და გამბედაობაც მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ასეთ საკითხთან მიმართებით, თანასწორობას, პირველ რიგში, უნდა შევხედოთ, როგორც უფლებას. თუმცა, მისი განხორციელება ჩვენს პასუხისმგებლობადაც უნდა მივიჩნიოთ: საჭიროა გამბედაობა და ამასთან, ზოგჯერ პირადი კომფორტისა და პრივილეგიების დათმობაც კი შეიძლება მოგვიხდეს, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს საერთო სიკეთეა, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს დადებით შედეგებს,“ აღნიშნავს ეთუნა ნოღაიდელი. 

მტკიცებულება ცხადყოფს, რომ ოჯახზე ზრუნვის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავებითა და გატარებით შესაძლებელია დისკრიმინაციული გენდერული ნორმების შეცვლა და ზრუნვასთან დაკავშირებული აუნაზღაურებელი საქმიანობის გადანაწილება, რათა ქალებმა და კაცებმა შეძლონ როგორც კარიერული, ისე რეპროდუქციული მისწრაფებების განხორციელება. 

-------------

მასალა მომზადდა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია UNFPA Georgia და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.