Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

„მამობასაც სწავლა სჭირდება“ - რატომ უნდა ვისწავლოთ „მამების სკოლაში“?

„მამობასაც სწავლა სჭირდება“ - რატომ უნდა ვისწავლოთ „მამების სკოლაში“?

News

„მამობასაც სწავლა სჭირდება“ - რატომ უნდა ვისწავლოთ „მამების სკოლაში“?

calendar_today 25 March 2022

"მამების სკოლა" - ეს არის, პირველ რიგში, თბილი და მეგობრული გარემო, სადაც ყველას შეუძლია სხვას რაიმე ახალი ასწავლოს, ამბობს დემეტრე ყუბანეიშვილი, რომელიც თბილისის „მამების სკოლის“ პირველი ნაკადის მონაწილეა და ახლა სხვა მამებს უზიარებს თავის შთაბეჭდილებებს. 

ყოველთვის მომწონდა მსგავსი აქტივობები და ამიტომაც გამიხარდა, როდესაც ფეისბუქზე შემთხვევით მოვკარი თვალი „მამების სკოლის“ ბანერს და იმ წამსვე დავრეგისტრირდი,“ იხსენებს დემეტრე, რომელიც იმ დროს მომლოდინე მამა იყო. 

დემეტრეს პირველი შვილი სწორედ „მამების სკოლის“ დაწყების შემდეგ ეყოლა და როგორც თავად აღნიშნავს, შეხვედრებზე მიღებული ცოდნა შვილის შეძენის შემდეგაც ბევრ საკითხში გამოადგა. 

[შეხვედრებზე] დეტალურად გავიარეთ, თუ რა დიდი როლი აქვს და როგორი მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელი აქტიურად იყოს ჩართული ბავშვის აღზრდაში. რამდენად მნიშვნელოვანია მეუღლის გვერდით ყოფნა ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ (მქონდა ბედნიერება, მშობიარობას დავსწრებოდი). ამ დროსაც ძალიან დიდი ძალა მიეცა მეუღლეს, რომ მარტო არ იყო იქ,“ ამბობს დემეტრე.

ის ასევე ხაზს უსვამს „მამების სკოლის“ პრაქტიკული ნაწილის მნიშვნელობასაც, მაგალითად: როგორ მოვარგოთ პატარას პამპერსი, როგორ დავიჭიროთ სწორად, როგორ მოვიქცეთ სხვადასხავა სიტუაციებში, რა არის გასათვალისწინებელი სასეირნოდ გასვლის დროს, მინიმუმ რა ნივთები უნდა გვქონდეს ჩალაგებული ბავშვის ჩანთაში და სხვა.

ფოტო: ირაკლი ჭელიძე/MenCare Georgia

საქართველოში პირველად „მამების სკოლა“ 2021 წელს, თბილისსა და ქუთაისში გაიხსნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში. თბილისში „მამების სკოლის“ პირველი პარტნიორი „გაგუას კლინიკაა“, ქუთაისში კი ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი “ჰერა”. 

ორი შვილის მამა ქუთაისიდან, ლაშა ჭეიშვილი, “მამების სკოლის“ კიდევ ერთი მონაწილეა, რომელმაც ინფორმაცია ფეისბუქის საშუალებით, „მამების ჯგუფში“ შეიტყო.

როგორც თავად ამბობს, მართალია იმ დროს მხოლოდ თბილისში ტარდებოდა შეხვედრები, მაგრამ სურვილი, რომ „მამების სკოლა“ ქუთაისშიც გახსნილიყო, მაშინვე გამოთქვა და ასეც მოხდა.

მე მოვხვდი პირველ ნაკადში, რაც ძალიან მახარებდა, მახარებდა რატომ? ამას ჩემი აზრით კითხვაც არ სჭირდება, საქმე ხომ ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს ეხებოდა, შვილებს, მათ მომავალს, მათთან ურთიერთობისთვის სასარგებლო რჩევებს, ეს ყველაფერს პასუხს სცემს, ჩემი აზრით, და თუ სადმე ისეთ ინფორმაციას მოვკრავ თვალს, რაც სასარგებლო იქნება ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავეცნობი,“ ამბობს ის.

UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, გასულ წელს მიღებულმა გამოცდილებამ და ახალგაზრდა მამების ინტერესმა „მამების სკოლის“ მიმართ, „ნათლად გვაჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს გაცილებით ღიაა სიახლეებისთვის და ცვლილებებისთვის, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.“ 

ჰარმონიული საზოგადოების შექმნის საფუძველი სწორედ ასეთი ცვლილებებია, ცვლილებები, რომელიც ადამიანებს საზიანო სოციალური ნორმებისგან და სტერეოტიპებისგან ათავისუფლებს,“ აღნიშნავს ის.

26 მარტიდან „გაგუას კლინიკა“ მამების მორიგი ნაკადს უმასპინძლებს. სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა და დაინტერესებული მამები მონაწილეობას ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეძლებენ.

ფოტო: დათო მირზაშვილი/MenCare Georgia

კითხვაზე, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ „მამების სკოლაში“, ფასილიტატორი გიორგი ლიპარიშვილი პასუხობს, რომ „მამობა ურთულესი საქმეა და როგორც ყველა საქმეს, მამობასაც სწავლა სჭირდება.“

როგორც გიორგი ამბობს, „მამების სკოლის“ მონაწილეები აზრების გაზიარებას, მამის გავლენას შვილის აღზრდაში, პირველად სამედიცინო დახმარებას, უსაფრთხოების ზომების მიღებას, პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ, მამობისთვის სამზადისს, შვილთან სწორად ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან ამბებს ისწავლიან. 

„მამების სკოლაში“ სწავლა უკეთეს მამად გვაქცევს, უფრო ყურადღებიან, ფრთხილ, დაკვირვებულ, ცოდნიან და საზრიან მშობლად, მეწყვილედ, ადამიანად. თუ ვთანხმდებით, რომ სწავლა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, „მამების სკოლის“ არსებობაც ამ მუდმივი სწავლა-განვითარების ყელსაბამის ერთერთი მარგალიტია,“ მიიჩნევს გიორგი. 

„გაგუას კლინიკის“ მეან-გინეკოლოგი ნიკო ქორიძეც აღნიშნავს, რომ „მამობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც უმჯობესია თუ მომზადებული შეხვდებით.“ 

თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებით შეგვიძლია ვიყოთ უფრო უკეთესი მამები. ამაში „მამების სკოლა“ გვეხმარება. ჩემგან, როგორც მეან-გინეკოლოგისგან, მიიღებთ ინფორმაციას ოჯახის დაგეგმვაზე და პარტნიორის ორსულობასა და მშობიარობაზე, ასევე იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი როლი გაქვთ ამ პროცესების წარმატებულად წარმართვაში,“ მიმართავს ის „მამების სკოლის“ მომავალ მონაწილეებს, რომლებიც 26 მარტიდან 2 თვის განმავლობაში შეიკრიბებიან ყოველ შაბათს „გაგუას კლინიკაში“.  

„მამების სკოლა“ დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

თბილისსა და ქუთაისში კედლები კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ილუსტრაციებით მოიხატა

სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს მეტი გაიგონ როგორც გენდერული თანასწორობის, ასევე იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.