Go Back Go Back
Go Back Go Back

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ქუთაისში „მამების სკოლა“ გაიხსნა

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ქუთაისში „მამების სკოლა“ გაიხსნა

News

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ქუთაისში „მამების სკოლა“ გაიხსნა

calendar_today 25 September 2021

25 სექტემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, „მამების სკოლა“ ქუთაისშიც გაიხსნა. 

სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს მეტი გაიგონ როგორც გენდერული თანასწორობის, ასევე იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს. 

38 წლის დავით ცომაია, რომელიც 3 კვირის წინ გახდა მამა, „მამების სკოლაში“ დასასწრებად ბაღდათიდან დადის. ერთ-ერთი, რაც აინტერესებს, იმის სწავლაა, როგორ დააწყნაროს ატირებული ბავშვი. 

[არ მინდა] რაიმე დეტალი გამომრჩეს, თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ, თუნდაც პანდემიის პერიოდში უსაფრთხოების მხრივ“, ამბობს ის.

ფოტო: დათო მირზაშვილიMenCare Georgia

როგორც სკოლის ფასილიტატორი რამაზ ჭიჭინაძე აღნიშნავს, სკოლა დაეხმარება მამებს უკეთ გააცნობიერონ რა არის მამობა, როგორ უნდა იყვნენ კარგი მამები, როგორ უნდა შეინარჩუნონ სტაბილური ოჯახი და როგორ გადაინაწილონ წყვილებმა შვილებზე პასუხისმგებლობა. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს, რათა ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი მამა იყოს აქტიურად ჩართული შვილების აღზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კაცები თანაბრად ინაწილებდნენ ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმის პასუხისმგებლობას, რადგან ჰარმონიული საზოგადოების შექმნის საფუძველი სწორედ ასეთი ცვლილებებია, ცვლილებები, რომელიც ადამიანებს საზიანო სოციალური ნორმებისგან და სტერეოტიპებისგან ათავისუფლებს. მოხარული ვართ, რომ თბილისის შემდეგ, მამების სკოლა ქუთაისშიც გაიხსნება და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა მალე მთელ საქართველოს მოიცავს.”- ამბობს ლელა ბაქრაძე, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

„მამების სკოლის“ ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ქუთაისში ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი “ჰერაა”.

ჩვენ მზად ვართ “მამების სკოლის“ მხარდასაჭერად, რადგან კაცის, როგორც მზრუნველი პარტნიორის და მამის როლი, ძალიან მნიშვნელოვანია პრე და პოსტნატალურ პერიოდში. გარდა ამისა, „ჰერასთვის“ პრიორიტეტულია ნოვატორული ინიციატივების ხელშეწყობა იმერეთის რეგიონში“ - ამბობს „ჰერას“ დირექტორი მარიკა დავითულიანი. 

შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული - ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.  

ფოტო: დათო მირზაშვილი/MenCare Georgia

„მამების სკოლა“ დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.