13 აპრილს თელავში, სასტუმრო „Holiday Inn”-ში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტში მცხოვრები ქალები, რომლებიც ჩართული არიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში „საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა (ENPARD III)“ რომელსაც ახორციელებს FAO.
მათ ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.
ქედის მუნიციპალიტში მცხოვრები ქალებისთვის მსგავსი შეხვედრა გაიმართა 31 მარტს ქედაში.