Go Back Go Back
Go Back Go Back

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის 7 გზა, სწრაფი დემოგრაფიული ცვლილების ფონზე

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის 7 გზა, სწრაფი დემოგრაფიული ცვლილების ფონზე

Story

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის 7 გზა, სწრაფი დემოგრაფიული ცვლილების ფონზე

calendar_today 11 July 2023

A family of a husband, wife and two children sitting on a carpet
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ქალები და გოგოები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენენ. მიუხედავად ამისა, რეგიონის დემოგრაფიული მომავლის შესახებ წარმოებული დისკუსიების დროს, მათი სურვილები და მისწრაფებები, რომლებიც მათ ცხოვრებას, ოჯახებსა და კარიერას უკავშირდება, ხშირად უგულებელყოფილია. უფრო მეტიც, მათი, როგორც თანასწორი მოქალაქეების უფლებები, მათ შორის, რეპროდუქციული უფლებები, საფრთხის ქვეშაა, რადგან მოსახლეობის შემცირებით გამოწვეულმა შფოთვამ შობადობის გაზრდის ისეთ პოლიტიკასა და ნარატივებს ჩაუყარა საფუძველი, რაც ქალებზე მეტი შვილის გაჩენის მიზნით ზეწოლას გულისხმობს.

დემოგრაფიულ ცვლილებას თან ახლავს გამოწვევები. თუმცა ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების შეზღუდვა ამ გამოწვევებთან გამკლავების გზა ნამდვილად არ არის. პირიქით, გენდერული უთანასწორობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება ჰყავდეს იმდენი შვილი, რამდენიც სურს. გენდერულად თანასწორ საზოგადოებებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, შეამსუბუქონ დემოგრაფიული ცვლილების უარყოფითი შედეგები და თავისსავე სასიკეთოდ გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებიც დემოგრაფიულ ცვლილებას ახლავს თან.

2023 წელს, მოსახლეობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის აუცილებლობას, რაც ქალებისა და გოგოების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებასა და კონკრეტული ქმედებების განხორციელებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და დემოგრაფიული ცვლილებით განპირობებულ გამოწვევებთან გამკლავების უმთავრესი ვალდებულება მთავრობებს ეკისრება შესაბამისი კანონებისა და პოლიტიკის შემოღება-გატარებით, ამ მიმართულებით ჩვენც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.  

გთვაზობთ შვიდ გზას, რომელთა საშუალებითაც აღნიშნული რეგიონის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ გენდერულ თანასწორობას, რათა უზრუნველყონ როგორც კაცების, ასევე ქალების კეთილდღეობა და ის, რომ ყველა მათგანს ჰყავდეს ბავშვების მათთვის სასურველი რაოდენობა, სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე:

1. გენდერული როლების შესახებ ოჯახებსა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების დაძლევა

ურთიერთობებში, ოჯახებში, სამუშაო ადგილზე და საზოგადოებაში ქალისა და კაცის როლების შესახებ მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპები წარმოადგენს იმ ძირითად ფაქტორს, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს მათი რეპროდუქციული უფლებებისა და მისწრაფებების რეალიზებაში. ქალებთან დაკავშირებით კვლავაც არსებობს მოლოდინი, რომ ისინი ოჯახში აუნაზღაურებადი სამუშაოს დიდ წილს საკუთარ თავზე იღებენ (აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ქალები საშუალოდ 2,5-ჯერ მეტ დროს უთმობენ აუნაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას, ვიდრე კაცები). ეს ნიშნავს, რომ ბევრი ქალი იძულებულია არჩევანი გააკეთოს კარიერასა და ოჯახს შორის. მეორე მხრივ, კაცის, როგორც მზრუნველის როლი იშვიათად არის აღიარებული, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ მხარდაჭერაზე. მავნე სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების დაძლევას დრო სჭირდება, მაგრამ ის სარგებელი, რაც მათ დაძლევას უკავშირდება განუზომელია და სცილდება შობადობის ზრდის პერსპექტივას. ვინაიდან, რაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ქალებს სრულად მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების ყველა სფეროში, შვილების გაჩენასა და მათზე ზრუნვაზე უარის თქმის გარეშე, მით უფრო მაღალია ქვეყნის პერსპექტივა, იქცეს დემოგრაფიულად უფრო მდგრად საზოგადოებად და განიცადოს ზრდა, შესაძლოა, თუმცა არა აუცილებელი, მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისითაც, თუმცა უსათუოდ მომავალი თაობებისთვის შესაძლებლობების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

2. მშობლის შვებულება მამებისთვის - ოჯახების გასაძლიერებლად

კოსოვოში (UNSCR 1244), კაცების 91-მა პროცენტმა, რომლებმაც ისარგებლეს მშობლის შვებულებით ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გასაზიარებლად, განაცხადეს, რომ ეს დადებითად აისახა მათ ურთიერთობაზე შვილებთან. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, 15-54 წლის ასაკის მინიმუმ 35 მილიონ დასაქმებულ კაცს ან არ აქვს მშობლის შვებულებით სარგებლობის უფლება, ან აქვს საშუალება ისარგებლოს აღნიშნული შვებულებით მხოლოდ 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ვადით. ეს მაშინ, როცა მამების დეკრეტული შვებულება მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც კაცები უფრო აქტიურად არიან ჩართული ოჯახზე ზრუნვასა და აუნაზღაურებელი სამუშაოს შესრულებაში, ეს ქალების მხარდაჭერასაც ნიშნავს და საშუალებას აძლევს მათ, განახორციელონ საკუთარი კარიერული და რეპროდუქციული მისწრაფებები და ოჯახის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან ერთად შეათავსონ სამუშაო ვალდებულებებიც. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მოუწოდებს მთავრობებსა და კერძო სექტორს, შეიმუშაონ და განახორციელონ ოჯახის მხარდაჭერის ინკლუზიური პოლიტიკა, რაც გულისხმობს კაცებისთვის ანაზღაურებადი მშობლის შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას. თუ დასაქმების ადგილზე არ გთავაზობენ მშობლის ან მზრუნველის შვებულებით სარგებლობას, სათავეში ჩაუდექით შესაბამის კამპანიას! ამგვარი პოლიტიკა ემსახურება ყველა თანამშრომლის ხელშეწყობას, შეათავსოს სამუშაო პასუხისმგებლობა ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობასთან, შექმნას კეთილგანწყობილი სამუშაო კულტურა და გარემოს და დასაქმებულებს შესთავაზოს როგორც პრაქტიკული, ისე მორალური მხარდაჭერა.

ოჯახზე ზრუნვისა და შვილების აღზრდის პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომლები კომპანიისთვის აქტივია და არა ტვირთი. გაიგეთ მეტი, თუ როგორ უწყობს ხელს გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აქტიური მამობის წახალისებასა და მამობის შვებულების დანერგვას.

3. ოჯახის ინტერესებსა და მხარდაჭერაზე მორგებული სამუშაო ადგილები

მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - როგორც ეროვნულ დონეზე, ისე კერძო სექტორის მიერ განხორციელებული - მძლავრი იარაღია დისკრიმინაციული გენდერული ნორმების დასაძლევად და ოჯახზე ზრუნვისა და აუნაზღაურებადი შრომის გადანაწილებისთვის, რაც როგორც ქალებს, ასევე კაცებს, საკუთარი კარიერული და რეპროდუქციული მისწრაფებების რეალიზების საშუალებას აძლევს. თუ თქვენი დასაქმების ადგილზე არ არის დანერგილი გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა, მოუწოდეთ დამსაქმებლებს, შეიმუშაონ და დანერგონ მსგავსი პოლიტიკა სამუშაო ადგილზე, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნეთ ის სარგებელი, რომლის მოტანაც ამ პოლიტიკას შეუძლია, როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე დამსაქმებლებისათვის.  

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (Austrian Development Cooperation) მხარდაჭერით, თანამშრომლობს კერძო სექტორთან და მთავრობებთან, დასავლეთ ბალკანეთსა და მოლდოვაში, გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, პროგრამის „გაფართოებული არჩევანი“ფარგლებში.

4. ოჯახზე ზრუნვის განაწილება

მშობლისა და საოჯახო ფუნქციების გენდერული დაყოფის ტრადიციული გაგება რეალობას არ შეესაბამება. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ძალიან ბევრ ქალს უჭირს კარიერული და ოჯახთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების შეჯერება. როდესაც კაცები იღებენ პასუხისმგებლობას აუნაზღაურებადი შრომისა და საოჯახო საქმეების საკუთარი სამართლიანი წილის შესრულებაზე, ორივე პარტნიორს ეძლევა საკუთარი კარიერული მისწრაფებების განხორციელებისა და ოჯახური ვალდებულებების შესრულების საშუალება, ქალებს უჩნდებათ თავისუფალი დრო, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება რესურსები და შესაძლებლობები და ისინი უკეთ ზრუნავენ თავიანთი და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე. ეს ასევე წყვილებს სასურველი რაოდენობით შვილების ყოლის საშუალებას აძლევს. კვლევებით დასტურდება, რომ შვილებზე და ოჯახზე ზრუნვაში აქტიურად ჩართული კაცები მეტ ემოციურ კავშირს გრძნობენ პარტნიორებისა და შვილების მიმართ, და უფრო ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრებენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს მთავრობებს, გააფართოვონ გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა, უზრუნველყონ გენდერული თანასწორობა და წაახალისონ ოჯახში აუნაზღაურებადი შრომის უფრო თანაბარი განაწილება.

5. ქალებისა და გოგოების გაძლიერება

როდესაც ქალები და გოგოები სარგებლობენ თავიანთი უფლებებით და იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება ეძლევათ. გაეცანით თქვენს ქვეყანაში ქალებისა და გოგოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და აიმაღლეთ ცოდნა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ. როდესაც გესმით ან ხედავთ, რომ ვიღაც სექსისტური შინაარსის განცხადებას აკეთებს, ხმა აიმაღლეთ! შეეცადეთ აუხსნათ მათ, რომ მათი განცხადებები საზიანოა და რომ თქვენ არ ეთანხმებით მათ. ასევე, შეგიძლიათ დაუპირისპირდეთ გენდერულ სტერეოტიპებსა და მიკერძოებულ დამოკიდებულებებს იმით, რომ არ განამტკიცოთ ისინი თქვენს განცხადებებსა და ქმედებებში. მხარი დაუჭირეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც ქალები უდგანან სათავეში. მხარი დაუჭირეთ ქალთა ორგანიზაციებს, გაეცანით მათ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს, მონაწილეობა მიიღეთ მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, დაუთმეთ მათ თქვენი დრო და ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეთ მათ.

პროგრამა „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელსაც ერთობლივად ახორციელებს გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), მიზნად ისახავს შეცვალოს გენდერული თანასწორობის მიმართ არსებული დამოკიდებულება სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, და უზრუნველყოს ის, რომ ქალებმა და გოგოებმა შეძლონ საკუთარი უფლებებით სარგებლობა და საკუთარი მისწრაფებების რეალიზება.

6. რეპროდუქციული უფლებების და სხეულის ავტონომიის პატივისცემა

როდესაც დაცულია საკუთარ ცხოვრებასა და სხეულზე ქალებისა და გოგოების ავტონომია, მათ და მათ ოჯახებს წინსვლისა და კეთილდღეობის პერსპექტივა ეძლევათ. ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება ფუნდამენტურია ქალთა გაძლიერებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად. როდესაც ქალს შეუძლია ოჯახის დაგეგმვა, მას შეუძლია დაგეგმოს საკუთარი ცხოვრების ყველა ასპექტი და მომავალი. ქალების რეპროდუქციული უფლებების დაცვითა და ხელშეწყობით - მათ შორის მათი უფლების, იყოლიონ შვილები მათთვის სასურველი რაოდენობით, მაშინ, როდესაც მათ სურთ, და იმ ინტერვალით, რომელსაც თავად ირჩევენ - ჩვენ უზრუნველვყოფთ საზოგადოებაში მათი აქტიურად და თანაბრად მონაწილეობის თავისუფლებას. ბევრი ქალი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს უფლებით მიიღოს გადაწყვეტილებები პარტნიორთან სქესობრივი კავშირის, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებითა და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესახებ. ბევრი ქვეყანა არც კი აღიარებს, რომ დაქორწინებულ წყვილს შორის სქესობრივი კავშირი, პარტნიორის თანხმობის გარეშე, გაუპატიურებაა. მეტი კაცი უნდა გახდეს ჩვენი მოკავშირე. როდესაც პატივს ვცემთ სხეულის ავტონომიას - რაც გენდერული თანასწორობის საფუძველსა და ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს - ჩვენ ამით გენდერულ უთანასწორობას ვებრძვით და ვამარცხებთ. 

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მოუწოდებს პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირებს, ხელი შეუწყონ სხეულის ავტონომიის დაცვას და საკუთარ თავზე აიღონ გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის ვალდებულება.

7. გენდერული ძალადობის აღმოფხვრა

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ყოველი სამი ქალიდან ერთი, პარტნიორის ან სხვა პირის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. როდესაც გენდერული ძალადობა და ღრმად ფესვგადგმული გენდერული უთანასწორობა სათანადო ყურადღების მიღმა რჩება, საზოგადოება არ ვითარდება და მისი მომავალი და დემოგრაფიული მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მოიპოვეთ ინფორმაცია გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმების, მსხვერპლზე მისი ზემოქმედების, და იმ კანონებისა და პოლიტიკის შესახებ, რომელიც მოქმედებს თქვენს ქვეყანაში ამგვარი ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად. გენდერულ ძალადობას ხშირად საფუძვლად გენდერული სტერეოტიპები უდევს. სტერეოტიპების წინააღმდეგ გალაშქრებით, ჩვენ უფრო სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების შექმნას ვუწყობთ ხელს, საზოგადოებისა, სადაც ყველას პატივისცემით ეპყრობიან. თუ იცნობთ ვინმეს, ვინც გენდერული ძალადობის მსხვერპლია, შესთავაზეთ თქვენი მხარდაჭერა და დაეხმარეთ რესურსებზე წვდომის მოპოვებაში, ან უბრალოდ მოუსმინეთ. ხმა აიმაღლეთ ძალადობის წინააღმდეგ. როდესაც გესმით ან ხედავთ, რომ ვიღაც სექსისტური შინაარსის ან ძალადობის წამახალისებელ განცხადებას აკეთებს, ხმა აიმაღლეთ! შეეცადეთ აუხსნათ მათ, რომ მათი განცხადებები საზიანოა.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მუშაობს აღნიშნულ რეგიონში კაცების ჩართულობის წახალისებაზე და ძალადობის მსხვერპლი ქალების უსაფრთხო სივრცეებით უზრუნველყოფაზე, რათა მათ შეძლონ ცხოვრების გაგრძელება.