Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2017 წლის ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2017 წლის ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ

News

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2017 წლის ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ

calendar_today 17 October 2017

უთანასწორობამ, რომლის კონტროლის მექანიზმიც არ გაგვაჩნია, და  უღარიბესი ქალების უფლებების დაუცველობამ, შესაძლოა, მშვიდობასა და მსოფლიოს განვითარების მიზნების მიღწევას შეუქმნას საფრთხე, გვაფრთხილებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ.

·                     მთელ მსოფლიოში, ქალების მხოლოდ ნახევარს აქვს ანაზღაურებადი სამუშაო.

·                     გლობალურად, ქალები კაცების ანაზღაურების მხოლოდ 77%-ს იღებენ.

·                     მსოფლიოში ყოველი ხუთი ქალიდან სამს არ ეძლევა შესაძლებლობა სრულად ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით, უფრო მეტიც, ბევრი მათგანი „დედობის საზღაურს“ იხდის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ იორკი, 17 ოქტომბერი, 2017 წელი -- გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თუკი უთანასწორობის პრობლემა სასწრაფოდ არ გადაიჭრება და ყველაზე ღარიბი ქალები სათანადოდ არ გაძლიერდებიან, რათა თავად მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი ცხოვრების შესახებ, შესაძლოა, არაერთი სახელმწიფოს მშვიდობასა და განვითარების მიზნებს დაემუქროს საფრთხე. 

უთანასწორობას, მათ შორის, უთანასწორობას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, აქვს ფასი და ეს საზღაური შესაძლოა გლობალურ მიზნებზე გავრცელდეს, საუბარია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშში „დაყოფილი მსოფლიო: რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები უთანასწორობის ხანაში.“

თუ ვერ მოხერხდება ყველაზე ღარიბი ქალებისთვის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშრებული სერვისების, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა, შეიძლება შესუსტდეს ეკონომიკა და შენელდეს პროგრესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად - მდგრადი განვითარების პირველი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

ეკონომიკური უთანასწორობა მჭიდროდ ებმის ყველა სხვა სახის უთანასწორობას, მათ შორისაა ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უთანასწორობაც, რომლის არსებობის პირობებშიც მხოლოდ პრივილეგირებულ ჯგუფებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი შვილოსნობა, შეიძინონ ცოდნა და უნარები, შეუერთდნენ ანაზღაურებად შრომით ძალას და მიაღწიონ ეკონომიკურ სიძლიერეს.

"დღეს ქვეყნებში არსებული უთანასწორობა ეხება არა მხოლოდ ქონებრივ საკითხს, არამედ, სულ უფრო მეტად  - შესაძლებლობების საკითხს", - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემი. „ღარიბი ქალებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ოჯახის დაგეგმვის შესახებ, ასევე ქალებისთვის, რომელთაც არა აქვთ ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა  არაადექვატური სერვისების გამო რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, „არ შემიძლია“ საკვანძო სიტყვას წარმოადგენს“.

განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილში ყველაზე ღარიბ ქალებს ოჯახის დაგეგმვის ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისევე როგორც  ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა ანტენატალურ ზრუნვაზე. მათ, უმეტესად, ექიმების ან ბებიაქალის დახმარების გარეშე უწევთ მშობიარობა.

განვითარებად ქვეყნებში ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ყოველწლიურად ხდება 89 მილიონი არასასურველი ორსულობისა და 48 მილიონი შეწყვეტილი ორსულობის მიზეზი. ეს არა მარტო ქალთა ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, არამედ ზღუდავს მათ შესაძლებლობას შეუერთდნენ, ან არ გამოეთიშონ ანაზღაურებად შრომით ძალას და გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელნი, ნათქვამია ანგარიშში.

ბავშვზე ზრუნვის და მოვლის და სხვა მასთან დაკავშირებულ სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ხელს უშლის ქალებს ოჯახის გარეთ სამუშაოს მოძებნაში. დასაქმებული ქალები იძულებულნი არიან გააკეთონ არჩევანი კარიერასა და დედობას შორის, ვინაიდან ისინი ისეთი პრობლემების წინაშე დგანან, როგორიცაა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების არარსებობა და ორსულთა მიმართ დისკრიმინაცია დამსაქმებელთა მხრიდან, რაც ქალებისათვის ე.წ. „დედობის საფასურის“ გადახდაში აისახება.

 „ქვეყნებმა, რომელთაც სურთ, დასძლიონ ეკონომიკური უთანასწორობა, ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყონ სხვა უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლით, მაგალითად, როგორიცაა უთანასწორობა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით. აუცილებელია, მოქმედება დავიწყოთ სოციალური, ინსტიტუციური და სხვა დაბრკოლებების აღმოფხვრით, რომელიც ხელს უშლის ქალებს თავიანთი  პოტენციალის სრულად რეალიზებაში,“ ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემი.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშის რეკომენდაციით, საჭიროა, ყურადღება გამახვილდეს მათზე, ვინც ყველაზე მეტად ჩამორჩება. ეს განაცხადი თანხვედრაშია გაერთიანებული ერების გეგმასთან 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და ინკლუზიური საზოგადოებების შექმნის შესახებ. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი „ითვალისწინებს უკეთეს მომავალს, სადაც ჩვენ ერთობლივად დავანგრევთ ბარიერებს და აღმოვფხვრით უთანასწორობას", - ნათქვამია ანგარიშში. „ყველა სახის უთანასწორობის აღმოფხვრა უნდა იყოს მიზნად დასახული. ქალთა რეპროდუქციული უფლებების რეალიზებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ამ პროცესში.“