Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-ს „მამაკაცური საუბრები“ ბიზნესში გენდერული თანასწორობისთვის

UNFPA-ს „მამაკაცური საუბრები“ ბიზნესში გენდერული თანასწორობისთვის

Story

UNFPA-ს „მამაკაცური საუბრები“ ბიზნესში გენდერული თანასწორობისთვის

calendar_today 25 August 2024

Three men standing and talking. One of them wearing a white shirt is seen from the back, while other two are standing in front
ფოტო: "თეგეტა ჰოლდინგი"

თანასწორი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელს უწყობს ნიჭიერი, პერსპექტიული ძალის მოზიდვასა და შენარჩუნებას და, ზოგადად, ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. საზოგადოებაში ქალებისა და კაცების შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპები კი, ხშირად ქმნის ბარიერს და ხელს უშლის ადამიანური კაპიტალის სრულ რეალიზებას. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის „ქალები, კაცები და გენდერული ურთიერთობები“ თანახმად, ქალების 74,2% და კაცების 79,5% თანხმდება, რომ „ქალის უმთავრესი მოვალეობაა შინ დარჩენა და ოჯახზე ზრუნვა“. 

გენდერული როლების მსგავსი გამიჯვნა ხელს უშლის ადამიანური კაპიტალის რეალიზებას, ქალების ეკონომიკური ჩართულობის წახალისებას და მათ კარიერულ წინსვლას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქალების ეკონომიკური აქტიურობის დონე (41.5%) ჩამორჩება კაცების ეკონომიკური აქტიურობის დონეს (64%) , რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია ზრუნვის ორმაგ პასუხისმგებლობასთან და გენდერული სტერეოტიპებით გამყარებულ მოლოდინებთან კაცისა და ქალის პროფესიულ და სოციალურ როლებთან მიმართებაში. როგორც მტკიცებულებები გვიჩვენებს, აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, ხელშემწყობი და თანასწორობაზე ორიენტირებული დამოკიდებულებების წახალისება როგორც სამუშაო გარემოში, ასევე მის მიღმა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს გენდერული სტერეოტიპების დაძლევას და შესაძლებლობას მისცემს საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად სქესისა, მოახდინოს თავისი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია. 

იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილზე თანასწორი და ხელშემწყობი გარემოს წახალისებას, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ვიზრუნოთ ერთად“, 2016 წლიდან, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, ახორციელებს ერთდღიან ტრენინგ-მოდულს, “მამაკაცური საუბრები“.

Two men sitting on chairs, talking and smiling
ფოტო: "თეგეტა ჰოლდინგი"

ტრენინგ-მოდული, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Equimundo-სთან პარტნიორობით დამუშავდა, ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და კვლევით მონაცემებს. ადგილობრივმა ფასილიტატორებმა კი უზრუნველყვეს მოდულის ადაპტირება, საქართველოს კულტურულ-სოციალური ასპექტების გათვალისწინებით.

„მამაკაცური საუბრები“ ბიზნესისთვის

2022 წლიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდი თანამშრომლობს კერძო სექტორთან, სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც ემსახურება ქალების ეკონომიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას,  შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას და, ზოგადად, პასუხისმგებლიანი მშობლობის ინსტიტუტის ხელშეწყობას. ამ პარტნიორებს შორისაა “თეგეტა ჰოლდინგი”. 

A number of men are sitting together
ფოტო: "თეგეტა ჰოლდინგი"

„გენდერულად თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნა ის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელიც „თეგეტას” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. „თეგეტა“ პირველი კომპანიაა ბიზნესსექტორიდან, სადაც „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ მხარდაჭერით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში „მამაკაცური საუბრების“ სატრენინგო მოდული მასშტაბური სახით დაინერგა და უკვე მეორე წელია პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს”, ამბობს „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თათია ხორბალაძე. 

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს უკვე რეგიონების მასშტაბით ტარდება ტრენინგები “თეგეტას” თანამშრომლებისთვის. შედეგად, 2 წლის მანძილზე, ჯამში, პროექტმა 200-ზე მეტი ადამიანი მოიცვა:

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, აქტიურად ზრუნავს თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებაზე. ვფიქრობთ, სწორედ მსგავსი პროექტების განხორციელება გვეხმარება, გავზარდოთ ცნობიერება გენდერული თანასწორობის შესახებ. „მამაკაცური საუბრები“, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან, შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ინფორმაცია მივცეთ ჩვენი გუნდის წევრებს თანასწორი სამუშაო გარემოს, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის, ასევე ბავშვის აღზრდაში მამის როლისა და სხვა მნიშვნელოვანი  საკითხების შესახებ”.

„მამაკაცური საუბრები“, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება,  კარგი შესაძლებლობაა ბიზნესში დასაქმებული კაცებისთვის, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე თავიანთ საქმიანობაში. როგორც კვლევები გვიჩვნებს, ეს დადებითად აისახება, როგორც მათ პროდუქტიულობაზე, გუნდურობასა თუ შედეგების ეფექტურ მიღწევაზე, ასევე ამცირებს რისკს, რომელიც დაკავშირებულია სტერეოტიპების გაძლიერებასთან, დისკრინიმაციული და არახელშემწყობი სამუშაო გარემოს შექმნასთან ან ისეთი ქმედების თავიდან აცილებასთან, რამაც შეიძ₾ება კომპანიას რეპუტაციული რისკი მიაყენოს.

A man, named Kakha Gegidze, is sitting, listening to something
კახა გეგიძე. ფოტო: "თეგეტა ჰოლდინგი"

კახა გეგიძე ერთ-ერთია „თეგეტას“ თანამშრომლებს შორის, ვინც ივლისში ბათუმში ჩატარებულ ტრენინგ-სემინარში მიიღო მონაწილეობა:

„ძალიან საინტერესო იყო „მამაკაცურ საუბრებში“ ჩართვა და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ვფიქრობ, თემა საკმაოდ მასშტაბური და აქტუალურია და მსგავს საკითხებზე ხშირად უნდა ვისაუბროთ. ტრენინგის ფარგლებში გავცვალეთ მოსაზრებები, სხვადასხვა მიმართულებით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, მონაწილეებისთვის დასაფიქრებელი იქნება ის სტერეოტიპები, რომლებიც შეხვედრების დროს განვიხილეთ და დღეს ჩვენს საზოგადოებაში გარკვეული დავის საგანია.“

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის მენეჯერი, მარიკა ქურდაძე აღნიშნავს, UNFPA-სთვის „უაღრესად მნიშვნელოვანია თანამოაზრეების და პარტნიორების წრის გაფართოება და ირგვლივ იმ ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების შემოკრება, რომლებიც თანასწორობის იდეებს და მიდგომებს იზიარებენ“. 

„მიგვაჩნია, რომ სოციალური ცვლილებები მხოლოდ ხანგრძლივი, თანმიმდევრული და მრავალსექტორული მუშაობით მიიღწევა და სწორედ ამიტომ, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს. „მამაკაცური საუბრები“ კარგი შესაძლებლობაა ბიზნესში დასაქმებული კაცებისთვის, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე თავიანთ საქმიანობაში. როგორც კვლევები გვიჩვნებს, ეს დადებითად აისახება მათ პროდუქტიულობაზე, გუნდურობასა თუ შედეგების ეფექტურ მიღწევაზე. რაც მთავარია, ამ მოდულის დახმარებით, ფასილიტატორები ხელს უწყობენ მონაწილე კაცებს, გამოავლინონ მაღალი მგრძნობელობა დამკვიდრებული სტერეოტიპების მიმართ და გახდნენ გუნდის უფრო პასუხისმგებლიანი და მხარდამჭერი წევრები“.  

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდა კაცების ჩართულობა თანასწორი გარემოს შექმნაში ხელს უწყობს საზოგადოების მდგრად განვითარებას. კაცები, რომლებიც ავლენენ მაღალ მგრძნობელობას დისკრიმინაციული ნორმების მიმართ, ხდებიან უკეთესი ლიდერები, თანამშრომლები, მხარდამჭერები, პარტნიორები და მზრუნველი ოჯახის წევრები. 

გარდა ამისა, კაცები, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან თანასწორობის მნიშვნელობაში, დადებით მაგალითს აძლევენ სხვა თანამშრომლებს და, ამ გზით, ხელს უწყობენ თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებას. ასევე, კაცები რომლებსაც მიაჩნიათ რომ ოჯახებში არაძალადობრივი და თანასწორი ნორმები მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის და ჰარმონიული ურთიერთობისთვის, იმავეს აკეთებენ სამსახურშიც.

Two men sitting on the chairs, laughing
ფოტო: "თეგეტა ჰოლდინგი"

ინიციატივა “მამაკაცური საუბრები ბიზნესისთვის“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში (GE4Georgia)” ფარგლებში.