Go Back Go Back
Go Back Go Back

„მამაკაცური საუბრები“ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველსაყოფად

„მამაკაცური საუბრები“ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველსაყოფად

News

„მამაკაცური საუბრები“ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველსაყოფად

calendar_today 19 December 2022

კაცი დგას გარეთ
ისა აივაზოვი. ფოტო: MenCare

„ქალთა უფლების დაცვის კუთხით კაცების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად, ხშირად კაცების მხრიდან ირღვევა ხოლმე ქალების უფლებები,“ ამბობს გამლეთ ისმაილოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახიდან. ის ერთ-ერთია ადგილობრივ კაცებს შორის, ვინც მონაწილეობა მიიღო ტრენინგ-მოდულში „მამაკაცური საუბრები“.

ჩემს სოფელში მე პირადად ხშირად გამიგია და მინახავს, რომ განათლების კუთხით უპირატესობას კაცებს აძლევენ, ხშირად ამბობენ, რომ ქალი უნდა იყოს სახლში და კაცმა უნდა იმუშაოს, უნდა მიიღოს განათლება და ა.შ ვფიქრობ ეს არასწორია, პირიქით განათლების მიღება ალბათ უფრო ქალებისთვის არის აუცილებელი, რომ მათ შეძლონ განვითარება და დასაქმება“, ამბობს ის.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, პარტნიორ ორგანიზაციასთან „ვიზრუნოთ ერთად“ თანამშრომლობით, 2016 წლიდან დაიწყო ერთდღიანი ტრენინგ-მოდულის, “მამაკაცური საუბრების” განხორციელება თბილისში, კახეთსა და სამეგრელოში. ინიციატივას 2020 წელს ჯერ გურია და იმერეთი, 2021 წელს კი უკვე ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთიც შეუერთდნენ.

ტრენინგ-მოდული “მამაკაცური საუბრები” საერთაშორისო ორგანიზაციასთან, Equimundo-სთან პარტნიორობით დამუშავდა და ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და კვლევით მონაცემებს. მოდულის ადაპტირება, საქართველოს კულტურულ-სოცილაური ასპექტების გათვალისწინებით, ადგილობრივმა ფასილიტატორებმა უზრუნველყვეს.

შეხვედრაზე ფასილიტატორები და მონაწილეები უსაფრთხო, სანდო გარემოში საუბრობენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა საოჯახო პასუხისმგებლობების თანაბარი გადანაწილება, შვილების აღზრდასა და მოვლაში თანაბარი ჩართულობა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, ძალადობის ელემენტების ამოცნობა და მათი გამოაშკარავება. ტრენინგ მოდული მოიცავს ინტერაქტიულ სავარჯიშოს, ვიზუალურ სასწავლო მასალას და ეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს. 

"პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს მკვეთრად გამოხატული გენდერული დისკრიმინაცია, რომლის აღმოფხვრაც ყოველდღიური ბრძოლაა. ამ პროცესში კი, კაცების ჩართულობა და ძალისხმევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი მიზანია, რომ „მამაკაცური საუბრების“ მონაწილეები, ტრენინგის გავლის შემდეგ, კრიტიკულად დაფიქრდნენ დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და ნორმების მნიშვნელობაზე, ტოკსიკურ მასკულინობაზე, თანაბარ შესაძლებლობებზე და იმ ბარიერებზე, რომელიც ხელს უშლის მათ გახდნენ უფრო მხრუნველი პარტნიორები, მეუღლეები, ოჯახის წევრები და თანამშრომლებიც. მონაცემები და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება გვიჩვენებს, რომ ცნობიერების ამაღლება კრიტიკული აზროვნების წახალისება და ნორმების ცვლილება, რომელიც აფერხებს თანასწორობას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანასწორი, სამართლიანი და ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად. ნათელია, რომ კაცები, რომლებიც ავლენენ მაღალ მგრძნობელობას დისკრიმინაციული ნორმების მიმართ, ხდებიან უკეთესი პარტნიორები, ლიდერები, თანამშრომლები, მხარდამჭერები და მზრულველი ოჯახის წევრები. ამრიგად, „მამაკაცური საუბრები“ ქმნის იმ სანდო სივრცეს სადაც ახალგაზრდა კაცებს აქვთ შესაძლებლობა პირველი ნაბიჯი გადადგან თანასწორობისკენ მიმავალ გზაზე,“ - მარიკა ქურდაძე, გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) პროგრამის ოფიცერი.

 

ტრენინგ-მოდულში სხვადასხვა ასაკის კაცები იღებნენ მონაწილეობას, თუმცა გამლეთის აზრით, „განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაცია, როცა ვინმე მოდის მათთან საუბრობს ამ პრობლემებზე, ეს მათ აგრძნობინებს, რომ ისინი მარტო არ არიან, არსებობენ ადამიანები ვისაც შეიძლება მიმართონ დახმარების ან ინფორმაციის მიღების მიზნით.“

ჩვენი სოფელი თბილისიდან ძალიან შორს მდებარეობს, ასევე რაიონული ცენტრიდანაც შორს ვართ, ზოგადად არავინ არ მოდის ჩვენთან ამ საკითხებზე სასაუბროდ, რის გამოც ინფორმაციის ნაკლებობაა. ცალკე მადლობა მინდა გითხრათ იმის გამო რომ ეს შეხვედრა აზერბაიჯანულ ენაზე ჩატარდა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობისათვის არსებობს ენობრივი ბარიერი,“ აღნიშნავს ის.

მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგის შედეგად მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „არაა საკმარისი, შენ იყო წესიერი და არა მოძალადე პიროვნება, შენ ასევე უნდა გქონდეს უნარი სხვების დაცვის.“

ქალების უფლებები ხშირად იმიტომაც ირღვევა, რომ გარშემო მყოფებისაგან არ იღებენ მხარდაჭერას. ყოველთვის უნდა ვიფიქროთ,  იმაზე რომ ძალადობის მსხვერპლი ხვალ და ზეგ შეიძლება ჩვენი შვილებიც გახდნენ, თუ არ შეიცვლება არსებული არასწორი აზროვნება,“ ამბობს ის.

ტრენინგ-მოდულის კიდევ ერთი მონაწილე, ორი შვილის მამა, 28 წლის ისა აივაზოვი სოფელი ბურმადან, ასევე აღნიშნავს, რომ თანამოაზრეების აზრები მოისმინა და ეს ძალიან ახარებს:

ვფიქრობ, საზოგადოებისთვის სავალალო მდგომარეობაა, რომ სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან ქალებიც და მამაკაცებიც. „ეს კაცის საქმე არ არის“, კაცმა არ უნდა გააკეთოს საოჯახო საქმე“, "ქალია არ უნდა ჩაერიოს ოჯახში გადაწყვეტილების პროცესში“, „რატომ უნდა აკეთოს კაცმა ის, რაც ქალებმა უნდა გააკეთონ“? - ასეთი აზრები სტერეოტიპებია და მათ უნდა ვუთხრათ არა.

როგორც ის აღნიშნავს, კაცები არა მხოლოდ ბავშვზე ზრუნვასა ან საოჯახო საქმეებში უნდა დაეხმარონ ქალებს, არამედ ოჯახში გადაწყვეტილების პროცესში უნდა ჩართონ ქალები და უსმინონ მათ აზრს.