გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, 10 დეკემბერს:
ადამიანის უფლებები ვრცელდება ყველაზე, ემსახურება ყველა ჩვენგანის დაცვას ზიანისგან და ღირსეული ცხოვრებისა და სრული ჩართულობის უზრუნველყოფას. მშვიდობა და კეთილდღეობა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვით მიიღწევა.
სამი ათწლეულის წინ, ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან თავი მოიყარეს ქაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე და შეთანხმდნენ, რომ ინკლუზიური და მდგრადი განვითარება შესაძლებელია, უპირველეს ყოვლისა, ქალებისა და გოგოების უფლებების, განსაკუთრებით მათი რეპროდუქციული უფლებების, სრულყოფილად დაცვის პირობებში.
მის შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების საყოველთაოდ დასაცავად. დღეს სიამაყით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაშია მიღებული კანონები და შემოღებულია მომსახურებები, რომლებიც ქალებისა და გოგოების სხეულის ავტონომიის დაცვასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების გაზიარებას ემსახურება, მათსავე კეილდღეობის უზრუნველსაყოფად. გენდერული ნიშნით ძალადობის - ადამიანის უფლებების ამ უხეში და ყველაზე ფართოდ გავრცელებული დარღვევის წინააღმდეგ ბევრად მეტი ღონისძიებაა გატარებული, ვიდრე ოდესმე.
თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ქალი და გოგო, მათი სრული მრავალფეროვნებით, ჯერ კიდევ ვერ ახერხებს თავისი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობას. ქალების მხოლოდ 56 პროცენტს აქვს შესაძლებლობა თავად მიიღოს გადაწყვეტილება სექუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე. ამასთანავე, ყოველ მესამე ქალსა და გოგოს განუცდია გენდერული ნიშნით ძალადობა. ზოგან მიზოგინია და ქალების მიმართ დისკრიმინაცია მძლავრობს, რაც დისკრიმინაციურ კანონებში, პოლიტიკასა და დაფინანსებაში აისახება.
კონფლიქტებით, ბუნებრივი კატასტროფებითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისები კიდევ უფრო აღრმავებს ადამიანის უფლებების დარღვევების რისკს, რადგან ქალებისა და გოგოების დიდი რაოდენობა იძულებული ხდება, დატოვოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, რაც მათ უფრო დაუცველსა და მოწყვლადს ხდის მთელი რიგი ზიანის, მათ შორის სექსტრეფიკინგის, ბავშვთა ქორწინებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის სხვა ფორმების მიმართ.
კრიზისულ სიტუაციებში, სწორედ გაეროს მოსახლეობის ფონდია (UNFPA) სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში გლობალური ლიდერი და გენდერული ნიშნით ძალადობისგან დაცვის სერვისების უდიდესი მიმწოდებელი. ჩვენ ასე ვიქცევით, რადგან ადამიანის უფლებები არ წყდება კრიზისის დროს. ადამიანის უფლებებს არ გააჩნია საზღვრები. ქალებისა და გოგოების საჭიროებები არ სრულდება, როდესაც ისინი უსაფრთხოებას ეძებენ. ადამიანის უფლებები ვრცელდება ყველაზე, ყველგან და ამ უფლებების დაცვა შესაძლებელია. მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ინსტრუმენტების ფარგლებში, დაიცვან ადამიანის უფლებები. ახლაა მოქმედების დრო.
ყოველ დღე, მთელ მსოფლიოში, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მუშაობს მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამეცნიერო წრეებსა და კერძო სექტორთან, რომ დააჩქაროს პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი ინტერაქციური ონლაინ ინსტრუმენტი ქვეყნებს სთავაზობს შეაფასონ თავიანთი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოლიტიკა, ადამიანის უფლებების პრიზმიდან, რაც საშუალებას მისცემს მათ გამონახონ ამ პოლიტიკის დახვეწისა და გაუმჯობესების გზები. ამგვარ ინსტრუმენტებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებების დარღვევების, დაუსჯელობის აღკვეთისა და მათი უმთავრესი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.
დღეს, აღვნიშნავთ რა ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, მოწოდებით “ჩვენი უფლებები, ჩვენი მომავალი, ახლა”, ხაზს ვუსვამთ ადამიანის უფლებების ყოველდღიური დაცვის აუცილებლობას უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
დღეს და ყოველდღე, დავდგეთ ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მიწურულს, დავდგეთ მათ გვერდით, ვინც ყველაზე ნაკლებად არიან დაცულები ზიანისგან. მოდით, დავიცვათ ყოველი ქალისა და გოგოს ღირსება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, მათი სრული მრავალფეროვნებით. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, შევქმნათ ყველა ჩვენთაგანის საჭიროებებზე მორგებული, უფრო სამართლიანი და თანასწორი საზოგადოება