2022 წლის 18 ნოემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისსა და სააქციო საზოგადოება „გეფას“, როგორც „ბოდი შოპის“ წარმომადგენელს შორის, თანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და „ბოდი შოპი კავკასია“-ს გენერალურმა მენეჯერმა, ირინა ადეიშვილმა.
მხარეები თანხმდებიან, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ხელი შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების და ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლების საკითხებზე. ასევე, მხარი დაუჭირონ ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას საქართველოს რეგიონებში და ადრეული ქორწინების რისკის ქვეშ მყოფი მოზარდი გოგოების გაძლიერებას სპეციალური სტიპენდიების გამოყოფისა და პროგრამების შემუშავების გზით.
UNFPA-ს მრავალწლიანი ადვოკატირება გოგოების და ქალების უფლებების დაცვის და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომიბის გაზრდის მიზნით, მრავალ სხვა კომპონენტთან ერთად, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობასაც ითვალისწინებს. უკვე მესამე წელია, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი „ბოდი შოპთან“ თანამშრომლობს. ვიმედოვნებთ, რომ დღეიდან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავალთ, რომელიც არაერთ შესაძლებლობას შექმნის მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის, გოგოებისა და ქალებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაც ჩვენს საერთო მიზანს წარმოადგენს,“ - განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
ბოდი შოპ საქართველო უკვე მესამე წელია პარტნიორობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან. მოხარულები ვართ, რომ გვყავს საქართველოში ისეთი ძლიერი პარტნიორი როგორიც არის გაეროს მოსახლეობის ფონდი. სამი წლის მანძილზე ერთიანი ძალებით მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელება მოვახდინეთ, ხოლო მემორანდუმის განახლებით დარწმუნებულები ვართ, მომავალში კიდევ უფრო საინტერესო და ცვლილებების მომტან პროექტებს შევთავაზებთ საზოგადოებას,“ - განაცხადა „ბოდი შოპი კავკასია“-ს გენერალურმა მენეჯერმა, ირინა ადეიშვილმა.
UNFPA-სა და „ბოდი შოპს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში პირველად 2020 წელს გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ „ბოდი შოპი“-ს გლობალური კამპანია „გახდი ხილული, მიაწვდინე ხმა “(Be Seen Be Heard), რომელიც საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად, საქართველოში უკვე ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით.