Go Back Go Back
Go Back Go Back

ინკლუზია ნიშნავს „თანაბრად“ ანუ ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის

ინკლუზია ნიშნავს „თანაბრად“ ანუ ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის

News

ინკლუზია ნიშნავს „თანაბრად“ ანუ ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის

calendar_today 10 December 2022

თამარ მაჭარაშვილი და ეკატერინე ცხვარიაშვილი გარეთ ერთად დგანან
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

„სანამ შშმ ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება არ იქნება განხორციელებული, ფაქტობრივად, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მათთან საუბარი ვერ ხერხდება, რადგან გენდერული იდენტობა საიდან მოდის? სწორედ ჩემი ქალობიდან. ჩემი ქალობა საიდან მოდის? ჩემი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების განხორციელებით და ეს ისეთი ჯაჭვია, რომ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს,“ ამბობს თამარ მაჭარაშვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების დასაცავად წლებია მუშაობს.

2013 წელს თამარმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და რეალობა“ დააფუძნა, რომელიც შშმ ქალების უფლებების ადვოკატირებისთვის მუშაობდა, 2019 წელს კი, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შშმ ქალთა ეროვნულ ქსელს ჩაუყარა საფუძველი.

2013 წლიდან დღემდე რა და როგორ ხდებოდა, ერთი შეხედვითაც ჩანს, თვალის გადავლებითაც. გარკვეული პოზიტიური ცვლილებები თავად შშმ ქალთა მოძრაობის უფლებრივი გაძლიერების მხრივ შეიმჩნევა, მაგრამ ეს არის მინიმუმი იმასთან შედარებით, რაც რეალურად გვჭირდება, რომ ჩვენი უფლებები სხვათა თანასწორად იყოს დაცული... ჩემი გენდერული თანასწორობა უკვე იქნება დამდგარი იმ მომენტიდან, როდესაც ქალთა საკითხებზე ყველა პროგრამასა და სამოქმედო გეგმაში გაჩნდება შშმ ქალებისა და გოგოების საკითხები. როდესაც ქალი უფლებადამცველების მაგიდასთან გაჩნდება შშმ ქალებისა და გოგოების ადგილი,“ ამბობს ის.

„ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან საქართველოში შშმ ქალები“

პირველად 2014-16 წლების შშმპ უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში მოახერხეს და შეიტანეს ასაკის შესაფერისი სრჯ განათლება და საჭიროებების კვლევა. ეს საკითხი 2018 წლის სამოქმედო გეგმაშიც შევიდა. თამარის თქმით, მნიშვნელოვანია შშმ ქალებს ჰქონდეთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იმისთვის, რომ შეძლონ ისეთი საბაზისო უფლებით სარგებლობა, როგორიც სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაა, რომლითაც სარგებლობს საქართველოში ყველა ქალი.

Tamar Macharashvili wearing a dark coat and a pink shirt
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

 ყველა ქალი, თუ მდგრადი განვითარების მიზნებს დავესესხები, გულისხმობს, მათ შორის, შშმ ქალებსა და გოგოებს. გამომდინარე იქიდან, რომ სკრინინგ ცენტრები არ გვაქვს ადაპტირებული იმდენად, რომ არ გვაქვს ადაპტირებული გინეკოლოგიური სავარძლები, არ გვყავს გადამზადებული პრაქტიკოსი პერსონალი, რომელიც მუშაობს ამ ცენტრებში, პრაქტიკულად მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებზე ზუსტად სრჯ კუთხით,“ აღნიშნავს თამარი.

შესაბამისად, გამოწვევაა ისიც, რომ პროფილაქტიკურ შემოწმებებს შშმ ქალები ფაქტიურად არ იკეთებენ, რადგან გამოწვევაა არაინფორმირებულობა როგორც თავად შშმ ქალებისა და გოგოების ასევე მათი მშობლების და მათი დარწმუნება რომ ეს აუცილებელია მათივე ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ და სასარგებლოდ.

[ვისურვებდი] მეტი მიმღებლობა ჰქონდეს საზოგადოებას შშმ ქალებისა და გოგოების მიმართ. ვისურვებდი, ჩვენი საზოგადოება სიტყვა „ინკლუზიას“ მხოლოდ ფასადად არ იყენებდეს. ინკლუზია ნიშნავს „თანაბრად“ - ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის. შესაბამისად ის რაც ხელმისაწვდომია შშმ არმქონე ქალებისა და გოგოებისთვის, მისაწვდომი უნდა იყოს ასევე შშმ ქალებისა და გოგოებისთვის. საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია შშმ ქალებისა და გოგოებისთვის, ვინაიდან როდესაც არსებობს დაკვეთა, მერე ხდება სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის შემუშავება,“ ამბობს ის.

მისი გადმოსახედიდან, ინფორმაციული ვაკუუმი, არაინფორმირებულობა, არის ყველაზე ცუდი რამ რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს იმასმ რომ ადამიანი ამა თუ იმ ფუნდამენტური უფლებებით ვერ სარგებლობდეს:

როდესაც არ ვიცი მე რა უფლება მაქვს, სად მეზღუდება ამ უფლების შესრულება, იმასაც ვერ ვხვდები. მგონია, რომ ისე უნდა იყოს, როგორც არის. შესაბამისად, შშმ ქალებს და გოგოებს საქართველოში, ვისთანაც ჩვენი ხმა შეიძლება მივიდეს ახლა, ვინც შეიძლება დაგვინახოს, წაიკითხოს, ვინც შეიძლება მოგვისმინოს, ყველას ვეტყოდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ ყოველთვის ვეცადოთ, გავიგოთ რა არის ჩვენი უფლება. გამოვიყენოთ ამისთვის ყველა საშუალება, იქნება ეს ინტერნეტ სივრცე, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამეგობრო, სანათესაო, სამეზობლო წრე, ვითხოვოთ მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან, ვისაც ვთვლით, რომ მეტად ინფორმირებულები შეიძ₾ება იყვნენ ვიდრე ჩვენ, ეს არ არის სირცხვილი.“

როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ქალების და გოგოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებშიც, რადგან, ფაქტობრივად, შშმ ქალები და გოგოები არიან ლიდერები მხოლოდ მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში. თავად შშმ პირთა ორგანიზაციებშიც კი ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები:

ყველაზე დიდი გამოწვევა სტერეოტიპებია

ეკატერინე ცხვარიაშვილი, შშმ ქალთა ეროვნული ქსელის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი და კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ შესყიდვებისა და ადმინისტრაციის მენეჯერი, დასძენს, რომ შშმ ქალებს განსაკუთრების ბევრი გამოწვევა აქვთ. მისი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევა სტერეოტიპებია, „რომლის დაძლევაც გვიჭირს და სასურველია რომ დავძლიოთ.“

Ekaterine Tskhvariashvili standing in a building
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მისი თქმით, სტერეოტიპია ის, რომ „განსაკუთრებით შშმ ქალები და გოგოები უნდა იყვნენ სახლში, არ არის საჭირო მათი სახლიდან გარეთ გასვლა, უნდა დაეხმარონ სახლში, თუ რა თქმა უნდა, შეზღუდვიდან გამომდინარე შუძლიათ, რომ ოჯახის საქმეში მონაწილეობა მიიღონ და არ არის აუციებელი რომ ისწავლონ, განვითარდნენ, გარეთ გავიდნენ და იცხოვრონ ჩვეულებრივი ცხოვრებით, როგორითაც ცხოვრობენ არა შშმ ქალები.“

მე ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვარ. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახი გვერდით დამიგდა და ჩვეულებრივ ვიყავი ყველა აქტივობაში ჩართული, როგორც ჩემი დები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა ოჯახი არ უწყობს ხელს და არ არის შშმ ბავშვი ჩართული, ამიტომ ვერც იღებს სრულყოფილ განათლებას. თუ სკოლას დაამთავრებს, ძალიან ბევრი შემთხვევები გვაქვს, რომ ვინც არიან 20 წელს გადაცილებული შშმ ქალები, სკოლაც არ აქვთ ბოლომდე დამთავრებული იმიტომ, რომ თავის დროზე არ იყო ადაპტირებული და შესაბამისად, თუ არ გაქვს სრულყოფილი განათლება მერე ვერ სწავლობ უნივერსიტეტში და გიჭირს სამსახურის მოძიებაც და ეკონომიკურად დამოუკიდებელი რომ არ ხარ, მერე უკვე მთელი რიგი პრობლემები იწყება.“ ამბობს ეკატერინე.

ის მიიჩნევს, რომ გარდა სახელმწიფო პენსიისა, რასაც შშმ პირები იღებენ, მათ საკუთარი უნარ-ჩვევების რეალიზების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ ისევე, როგორც არა შშმ ქალებს, რითიც საკუთარი შემოსავალი გაუჩნდებათ.

 "შშმ ქალებს უნდა ვუთხრა, რომ იყვნენ მეტად გახსნილები. რეალობა ხომ გვაქვს, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ არ არის ადაპტირებული, კი არის პოზიტიური ცვლილლებები მაგრამ ჩვენი უფლებები არ არის ბოლომდე დაცული, ამიტომ გაბედონ, გამოვიდნენ, არ თქვან თავიანთ ოცნებებზე და სურვილებზე უარი,“ ამბობს ის და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია ისეთ სამედიცინო სერვისებში, როგორიც, მაგალითად, გინეკოლოგის მომსახურებაა, კაბინეტი იყოს ადაპტირებული, რომ ზოგადად, ექიმთან ვიზიტისას, კონფიდენციალობა იყოს დაცული, რადგან დღეს საქართველოში, სმენადაქვეითებულ და უსინათლო ადამიანს თან უნდა ახლდეს ადამიანი, რომელსაც ექიმები ესუბრებიან, უშუალოდ პაციენტის ნაცვლად, რაც მისი აზრით, არასწორია.

ნუცი ოდიშარია, UNFPA-ს საქართველოს ოფისის სოციალური პოლიტიკის ოფიცერი: “გაეროს მოსახლეობის ფონდი აქტიურად მუშაობს შშმ პირების, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად. ჩვენი მუშაობა, ძირითადად, სამ დონეზეა გაშლილი: კანონმდებლობის და პოლიტიკის, სამედიცინო თუ სოციალური მომსახურების და მიზნობრივ ჯგუფების.

ერთი მხრივ - თუ არ გავაძლიერეთ და ხელი არ შევუწყეთ შშმ ქალებს, არ გაჩნდება თანასწორი მომსახურების და ღირსეული მოპყრპობის მოთხოვნა; მეორე მხრივ, მომსახურება ვერ იქნება მისაწვდომი და ხარისხიანი, თუ საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკის დოკუმენტები არ გააჩენს ვალდებულებას, რომ დისკრიმინაციის გარეშე, კონფიდენციალობის დაცვით და გონივრული მისადაგების პრინციპით გაეწიოს მომსახურება ყველას. და ბოლოს, კანონის მოთხოვნები, ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, კვლევებით გამყარებული და დადასტურებული საერთაშორისო პრაქტიკა უნდა აისახოს მომსახურების გაიდლაინებსა და პროტოკოლებში.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების განხორციელებას ცენტრალური ადგილი უჭირავს გენდერული თანასწორობის მიღწევაში, რაც, თავის მხრივ, კარგად არის ასახული 2030 მდგრადი განვითარების მიზნების დოკუმენტში. ახლა მთავრია, ძალისხმევა არ დავიშუროთ იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს დროულად და პრინციპით „არავინ დარჩეს განვითარების პროცესისი მიღმა“ მივაღწიოთ.”

2020-2022 წლებში გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობითა და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით, განხორციელდა პროგრამა „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, ხოლო 2022 წლიდან კი ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამა - "პოლიტიკიდან პრაქტიკამდე - ინკლუზიური განვითარებისთვის", გაეროს პარტნიორობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის "UNPRPD" - მულტიპარტნიორული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

გაეროს მოსახლეობის ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან და ასევე პროექტის მონაწილე გაეროს სააგენტოებთან, რათა გაანალიზდეს და შეფასდეს კანონები და პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და რეპროდუქციულ უფლებებთან მიმართებაში, შემუშავდეს რეკომენდაციები შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

გაეროს მოსახლეობის ფონდი მხარს უჭერს შესაბამისი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების განახლებას და მათში შშმ ქალთა მიმართ ძალადობის და მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხების და შესაბამისი ღონისძიებების ინტეგრირებას, ხელს უწყობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების და ძალადობის გამოვლენის და მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტების დახვეწასა და განვითარებას, ასევე მონაწილეობითი საადვოკაციო პლატფორმების გაძლიერებას შშმ ქალებისა და ახალგაზრდების უფლებებისათვის და მონაწილე შშმ ქალების საადვოკაციო შესაძლებლობების გაძლიერებას შშმ ქალების და ახალგაზრდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.