13 დეკემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე მესამედ განახლდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა.
ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი პირველად 2018 წელს გაფორმდა. მემორანდუმის განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც UNFPA-სა და საფეხბურთო კლუბ „თბილისის ლოკომოტივს“ შორის უკვე მრავალი წელია, არსებობს.
მემორანდუმის თანახმად, თბილისის „ლოკომოტივის“ ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში კაცებისა და ბიჭების ჩართულობის გაზრდას.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ფეხბურთში გოგოების ჩართულობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. აგრეთვე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA-ს მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.