საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობის ფარგლებში, აგრძელებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი პროექტების განხორციელებას.
UNFPA-ს ექსპერტების ხელშეწყობით, შეიქმნა სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი. პოლიტიკის დოკუმენტის მთავარი მიზანია სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით, ხელი შეეწყოს ინფორმაციის გავრცელებასა და ცნობიერების ამაღლებას.
აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ, ინფორმაცია მიეწოდება სფფ-ის იურისდიქციაში შემავალ ყველა სუბიექტს. ამას გარდა, UEFA-ს მწვრთნელთა განათლების პროგრამაში, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს, ცალკე სესია ეთმობა პოლიტიკის დოკუმენტსა და სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებს. მწვრთნელებისთვის სპეციალურ სემინარებს UNFPA-ს სპეციალისტები ატარებენ.
აღსანიშნავია, რომ სპორტში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივ ინიციატივებს 2018 წლიდან ახორციელებენ.
თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ ფეხბურთში მოზარდი გოგოების ჩართულობის გაზრდა და ამ გზით - საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა წარმოადგენს.
2022-2023 წლებში, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგების სერია გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე ქალთა ლიგებში მონაწილე საფეხბურთო კლუბების, ქალთა სანაკრებო გუნდების მწვრთნელების, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის, საქართველოს ჩემპიონატის ქალი მსაჯებისა და სფფ-ის პროექტ „WePlayStrong საქართველო“-ში ჩართული მწვრთნელებისთვის.
ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
„გაეროს მოსახლების ფონდის“ (UNFPA) - საქართველოს ოფისი, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საამაყო პარტნიორია. 2018 წლიდან, ჩვენ არაერთი ერთობლივი პროექტი განგვიხორციელებია. ფეხბურთი სოციალური მოვლენაა და გვჯერა, რომ ფეხბურთის საშუალებით, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში გამჯდარი ისეთი სტერეოტიპების ნგრევას, რომელიც დაკავშირებულია გენდერულ უთანასწრორობასა თუ გენდერული ნიშნით ძალადობასთან.
ჩვენ მთავარ მიზანს წარმოადგენს, ფეხბურთის სათამაშოდ, თანაბარი პირობები შევქმნათ როგორც ბიჭებისთვის, ისე გოგოებისთვის, რათა მიუხედავად სქესისა, ყველას მიეცეს საშუალება, აკეთოს ის, რაც ყველაზე ძალიან უყვარს. რაც მთავარია, შეიქმნას უსაფრთხო გარემო, სადაც შეძლებენ დაცულად იგრძნონ თავი. სწორედ ეს არის ჩვენი ერთობლივი ახალი ინიციატივის მთავარი მიზანი.
გვიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციას UNFPA-ს სახით ძლიერი პარტნიორი ყავს. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ფეხბურთის საშუალებით საზოგადოებაში არსებული მავნე სტერეოტიპების დასანგრევად, მსგავსი ტიპის ღონისძიებების განხორციელებას მომავალშიც ვგეგმავთ."
ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი:
“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთში ქალთა ჩართულობის გაზრდის პარალელურად, არსებობდეს მექანიზმები, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მათ დაცვას შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც UNFPA-ს დიდი ხნის პარტნიორია, დგამს საეტაპო მნიშვნელობის ნაბიჯს აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებით და ვიმედოვნებთ, რომ ამ ინიციატივას მალე შეუერთდებიან საფეხბურთო კლუბები.“