Go Back Go Back
Go Back Go Back

ბრძოლა ხილულად გახდომისთვის

ბრძოლა ხილულად გახდომისთვის

News

ბრძოლა ხილულად გახდომისთვის

calendar_today 23 June 2022

პროფესიით მხატვარი, 28 წლის მარიამ დევიძე
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

პროფესიით მხატვარი, 28 წლის მარიამ დევიძე, თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბარმენის დამხმარედ მუშაობს. მარიამი ყრუა და როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უმრავლესობა, ხშირად გადაწყდომია დისკრიმინაციას და ბარიერებს.

მარიამი და მისი მეუღლე შვილზე ზრუნვის პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებენ, თუმცა მარიამი ზოგჯერ ვერ ახერხებს სრულყოფილად ჩაერთოს შვილის ყოველდღიური საჭიროებების გადაჭრაში, რადგან მაგალითად, სამედიცინო სერვისების მიღებისას, ექიმები ჟესტური ენის თარჯიმანს არ რთავენ და მარიამის მეუღლესთან კომუნიკაციას ამჯობინებენ.

მარიამს გაცნობთ ფოტოამბით, რომელიც პროგრამას „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში მომზადდა. 

პროფესიით მხატვარი, 28 წლის მარიამ დევიძე, თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბარმენის დამხმარედ მუშაობს.

საქართველოში ყველა გოგო დგას გამოწვევების წინაშე, რომ გადაწყვეტილებები ოჯახს უნდა შეუთანხმოს, ხოლო ყრუ გოგოები - კიდევ უფრო მეტად.

სახლში გვტოვებენ და გვკეტავენ, სკოლის დასრულების შემდეგ, გვმალავენ საზოგადოებისგან და რატომ? ჩვენ არ ვართ მისი ნაწილი? ნუთუ ჩვენ არ გვინდა განვითარება? განათლების მიღება? ჩვენც უნდა გვქონდეს ამის უფლება.

ჩემი მეუღლე „ჩვეულებრივი“ და თან, ძალიან მაგარი ბიჭია, ესმის და ლაპარაკობს, შევუყვარდი და ჟესტების ენაც ისწავლა ჩემ გამო. ასე რომ, ეს არ ყოფილა ბარიერი ჩვენს ურთიერთობაში. 

მშობიერობის დროს ექიმებისგან აგდებული დამოკიდებულება მახსოვს. ზოგადად, კლინიკებში თარჯიმნები არ არიან, რაც ყველაფერს ართულებს. ექიმს შესვლისთანავე ვუხსნი, რომ არ მესმის და ძირითადად, ქმრის, ან ვინმე სხვა თანმხლები პირის მიყვანას მთხოვენ. შვილი რომ გაგვიჩნდა, მახსოვს, ექიმმა პირველი რაც თქვა, იყო:

"გილოცავ, შენი შვილი ნორმალურია, ესმის” და კი გამიხარდა, მაგრამ ამავდროულად, რაღაცნაირად, ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ეს ხომ ჩემი არჩევანი არ ყოფილა? მე ხომ, უბრალოდ, ასე დავიბადე და ვთვლი რომ არ შეიძლება ადამიანების ასე დაყოფა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა გავხდეთ ხილულები საზოგადოებაში, მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ და მოგვარგონ ყველა ის სერვისი, რაც სხვა ადამიანებს აქვთ, რადგან ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ.

პროგრამის შესახებ:

პროგრამას „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 6 სააგენტო (UNFPA, UNICEF, WHO, UNDP, UN Women, OHCHR) 2020 წლის დასაწყისიდან ახორციელებს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვის მთავარი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების გატარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდმა მჭიდროდ ითანამშრომლა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან და ასევე პროექტის მონაწილე გაეროს სააგენტოებთან.

-    პროგრამის ფარგლებში გაანალიზდა და შეფასდა კანონები და პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და რეპროდუქციულ უფლებებთან მიმართებაში, შემუშავდა რეკომენდაციები შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. გაეროს მოსახლეობის ფონდმა მხარი დაუჭერა შესაბამისი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების განახლებას და მათში შშმ ქალთა მიმართ ძალადობის და მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხების და შესაბამისი ღონისძიებების ინტეგრირებას.

-    ხელი შეეწყო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების და ძალადობის გამოვლენის და მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტების დახვეწასა და განვითარებას.  

-    პროგრამის ფარგლებში ხელი შეეწყო მონაწილეობითი საადვოკაციო პლატფორმების გაძლიერებას შშმ ქალებისა და ახალგაზრდების უფლებებისათვის და  მონაწილე შშმ ქალების საადვოკაციო შესაძლებლობების გაძლიერებას შშმ ქალების და ახალგაზრდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

შენიშვნა: ფოტოამბავში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდის, პროგრამის მონაწილე გაეროს სხვა სააგენტოების და დონორი ორგანიზაციის პოზიციას.