Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA და AVON ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად ერთიანდებიან

UNFPA და AVON ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად ერთიანდებიან

Story

UNFPA და AVON ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად ერთიანდებიან

calendar_today 24 მაისი 2023

კომპანია "ეივონის" წარმომადგენლები
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

თანამშრომლობის ახალი ეტაპი

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი შვილების დასახმარებლად რესურსების მობილიზების მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა (UNFPA) და "ეივონ კოსმეტიკს საქართველომ" (AVON), 2023 წლის თებერვალში ერთობლივი კამპანია დაიწყეს. 

ახალი კამპანიის ფარგლებში ეივონმა გაყიდვაში ჩაუშვა სპეციალურად საქველმოქმედო მიზნით წარმოებული კოსმეტიკური პროდუქტები და აქსესუარები, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული სარგებელი სრულად ირიცხება საქველმოქმედო ფონდში. 

ინიციატივა, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ, განსაკუთრებულია, რადგან ის, ერთი მხრივ, არის კერძო სექტორის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი, ხოლო მეორე მხრივ - ქალური სოლიდარობის, ერთიანობის, თანადგომისა და საერთო მიზნისაკენ სწრაფვის შესანიშნავი პრეცედენტი, რადგან თანხა, რომლის მობილიზებაც AVON-ის გუნდთან ერთად დავისახეთ მიზნად, სწორედ ქალების ჩართულობით შეგროვდება სხვა ქალების მხარდასაჭერად,“ ამბობს ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. 

ეივონ საქართველოსთვის UNFPA-სთან ამ ინიციატივაზე მუშაობა დიდი პატივია. ის აგრძელებს იმ მისიას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს მასშტაბით უკვე გადავრიცხეთ 85 მილიონ დოლარზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციებში. ახლა კი უკვე საქართველოშიც, სპეციალურად საქველმოქმედო მიზნით წარმოებული კოსმეტიკური პროდუქტებისა და აქსესუარების რეალიზაციიდან შემოსული სარგებელი სრულად გადაირიცხება „ეივონ საქართველოს“ საქველმოქმედო ფონდში და მოხმარდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარში სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფას, ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სოციალური ჩართულობის გაზრდას," აღნიშნავს ეივონ საქართველოს ხელმძღვანელი სოფი ბარეტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2022 წელს 6583 ქალი გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. 

UNFPA-სა და AVON-ს 2020 წლიდან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. პარტნიორობის ახალი, ერთწლიანი ეტაპი შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს და  ითვალისწინებს თანამშრომლობას ორგანიზაციასთან „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“. თანხა სრულად მოხმარდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრის ისეთი საჭიროებების უზრუნველყოფას, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები, ფსიქოლოგიური დახმარება, თავშესაფრის საყოფაცხოვრებო ნივთებით აღჭურვა და ა.შ. 

ქალები ქალებისთვის

სალომე პაქსაშვილი
სალომე პაქსაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ჩვენ ვეხმარებით იმ ქალებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ,“ ამბობს „ეივონის“ გუნდის წევრი, 28 წლის სალომე პაქსაშვილი კამპანის შესახებ. 

ახლა ჩვენ ვერ ვიაზრებთ, რომ ერთი პროდუქტის გამოწერით, რეალურად ძალიან დიდ საქმეებს ვაკეთებთ - ვცვლით ქალების ცხოვრებას,“ აღნიშნავს ის.

ის თითქმის 5 წელია ეივონთან თანამშრომლობს, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის კომპანია, რომელიც „გრძნობს სოციალურ პასუხისგებლობას“  და „თავიდან ბოლომდე მიმართულია ქალის გაძლიერებისკენ საქართველოში“.

სალომეს ბავშვობიდან აქვს „შინაგანი სურვილი“, რომ სხვა ადამიანებს დაეხმაროს თავიანთი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. სწორედ ამიტომ, სჯერა, რომ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში დიდი საქმეების კეთებას შეძლებს. 

ბელა კალანდია
ბელა კალანდია.ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

48 წლის ბელა კალანდია 9 წელია ეივონის ბიზნეს პარტნიორია. მისთვის UNFPA-სა და AVON-ის ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიაში ჩართულობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, თავისი წვლილი შეიტანოს ძალადობაგამოვლილი ქალების დახმარების საქმეში. 

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ძალადობა, სამწუხაროდ, ვლინდება ოჯახებში. პირადადაც ვიცი რამდენიმე [მაგალითი]. მსგავსი კამპანიები ხელს უწყობს გარკვეულ ძვრებს. [იმ ქალებსაც] აძლევს იმედს, რომ შეიძ₾ება ვიღაცას ენდო, ელაპარაკო ღიად, მხარდაჭერა და ზრუნვა მიიღო,“ ამბობს ბელა. 

მისი აზრით, იმისთვის, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები შემცირდეს, აუცილებელია ერთმანეთის მიმართ თანადგომა, ურთიერთნდობა და ღიად საუბარი.

ძალადობაგამოვლილ ქალებს უსურვებს, რომ „იყვნენ ძლიერები და არ დანებდნენ, მოძებნონ საშუალება, რომ გათავისუფლდნენ, არ მოითმინონ.“

ია ქოქოლაძე შვილთან, ბარბარესთან ერთად
ია ქოქოლაძე შვილთან, ბარბარესთან ერთად. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

იმავე აზრს იზიარებს 34 წლის ია ქოქოლაძეც, რომელიც 4 წელია ეივონის ბიზნეს პარტნიორია. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, მის სანაცნობო წრეშიც ყოფილა, თუმცა ქალები ამაზე ნაკლებად საუბრობენ. 

ეს არ არის სირცხვილი, იმიტომ რომ ეს მათი დანაშაული არ არის. ამაზე ღიად თუ ისაუბრებენ, ვფიქრობ, გაცილებით მეტი ოჯახი გადარჩება,“ ამბობს ის და ბოლო დროს ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს იშველიებს. 

როგორც ია აღნიშნავს, მისთვის „ძალიან საამაყოა“ საქველმოქმედო კამპანიაში ჩართულობა, რადგან ე.წ. „ცისფერი ხაზიდან“ გაყიდული პროდუქციის სარგებლის 100% სწორედ ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის ფონდში ირიცხება. 

მე რითიც შემიძლია ჩემი მცირედი სოლიდარობა შევიტანო, ეს არის ფონდისთვის რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაერთიანება, რომ მეტმა ადამიანმა შეიძინოს [საქველმოქმედო] პროდუქტები... უბრალოდ, შიშველი ხელებით შეგიძლია ძალიან დიდი წვლილი შეიტანო ამ ქალების დასახმარებლად,“ ამბობს ია და დასძენს:

ბავშვობიდან ვცდილობ, რომ სხვას დავეხმარო. როდესაც ვიცი, რომ ჩემი აქტიურობით, ჩემი მოწოდებით, რომ „მოდი, და შენც დაეხმარე, მოდი, და შენც იყავი ქველმოქმედი, მოდი, და შენც გამოიჩინე სოლიდარობ“ - ამ უბრალო რამით თუ მე შევძლებ რომ დავეხმარო ასეთ ქალებს, არასდროს დავიხევ უკან და უფრო მეტს გავაკეთებ.“

ძალადობაგამოვლილ ქალებს კი უსურვებს, რომ „არასოდეს დაყარონ ფარ-ხმალი და ყოველთვის იფიქრონ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“

კამპანიის ფარგლებში, მინიმუმ, 70 000 ლარის შეგროვებაა დაგეგმილი იმისთვის, რომ „ძალადობისგან დაცვის ქსელის“ თავშესაფარში მცხოვრებმა ქალებმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები და ფსიქოლოგის მხარდაჭერა მიიღონ და ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად, ტრენინგები გაიარონ. 

საქველმოქმედო ფონდებში თანხის გადარიცხვა შესაძლებელია წარმომადგენლის მეშვეობით „ეივონის“ საქველმოქმედო პროდუქტების შეძენით: https://ge.avon-brochure.com/kvelmokmedeba, საქველმოქმედო პროდუქტების შეძენა ასევე შესაძლებელია საიტზე: https://my.avon.ge/csr