Go Back Go Back
Go Back Go Back

ცხოვრება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით

ცხოვრება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით

Story

ცხოვრება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით

calendar_today 26 January 2024

A woman with long black hair and green sweater
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ერთი წელია ვმკურნალობ. ყველა ეტაპი ამოვწურე - 5 ქიმია, 25 სხივი, 4 ბრაქითერაპია, იანვრის ბოლოს ველოდები, რომ ქირურგმა დასვას გამოჯანმრთელების ასპროცენტიანი დიაგნოზი. თავს ვგრძნობ გადასარევად, მჯერა, რომ სრულად დავამარცხებ,“ ამბობს 42 წლის თეა გოგატიშვილი.

ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც კონდიტერად მუშაობდა და დროდადრო გული აწუხებდა.  გულის გამოკვლევის შემდეგ, გინეკოლოგთან მივიდა და საშვილოსნოს ყელის მესამე სტადიის კიბო დაუდგინეს.

როგორც ყველას, რეაქცია მქონდა, თუმცა არ შევიმჩნიე ქმრისა და შვილის გამო, რომლებიც თან მახლდნენ. ახლა პირიქით, მხნედ ვარ, და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება,“ ამბობს თეა და დასძენს, რომ სანამ დიაგნოზს დაუსვამდნენ, ვერც წარმოედგინა, რასთან შეიძლება ჰქონოდა საქმე.  

A mother and a daughter holding each other tight
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

„არ არის ადვილი“

კიბოს დიაგნოზის მკურნალობა ადვილი არ არის:

ვერავის გადასცემ, რას გრძნობ და განიცდი, საშინელი შეგრძნება გაქვს: არაფერი გერგება, წყალსაც სხვა გემო აქვს. თვითშფასება გიქვეითდება, თითქოს აღარც ლამაზი ხარ, ფორმები გეცვლება, კანის ფერს კარგავ, ნერვული ფონი გიმძაფრდება. თუმცა ყველას ვეტყოდი, რომ ეს ყველაფერი დროებითია, მთავარია, რწმენა არ დაკარგოთ,“ ამბობს თეა.  

გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი, მიიჩნევს, რომ ადრეულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველას მოუწოდებს, საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციონ.

ხანდახან საკუთარ თავს სარკეში ვეუბნებოდი ხოლმე, რომ ძალიან ლამაზი ვარ, ძალიან მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ - უფერულიც და რომ აუცილებლად ჩავდგები ფორმაში.“

საშვილოსნოს ყელის კიბო რეპროდუქციული ასაკის ქალებს შორის ავთვისებიანი სიმსივნით სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის დღემდე რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოშიც, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენციისთვის არსებობს ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინაცია, ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი შესაძლებელია განკურნებაც. 

ლალი მარეხაშვილი 36 წლის იყო, საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს. მანამდე არასდროს ყოფილა ავად. ახლა 69 წლისაა. ჯანსაღი და აქტიური ცხოვრება აქვს, თვლის, რომ ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი ადამიანია.

დიაგნოზი 1991 წელს დაუსვეს.

უიმედო მდგომარეობა იყო. სამი წელი, ყოველ თვე ვიკეთებდი ქიმიოთერაპიას. ქიმიის გაკეთების დროს, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი ხოლმე. ვფიქრობდი, აღარ წავალ-მეთქი, მაგრამ იმ წელს ჩემი გოგო ამთავრებდა სკოლას და მის გამო არ ვნებდებოდი - ოღონდ უმაღლესში მოეწყოს-თქო, ვამბობდი,“ იხსენებს ლალი.

An elder women wearing glasses
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

„ჩემი შვილებისთვის მინდოდა მეცოცხლა და ჩემთვისაც“

ლალი თავიდანვე ძალიან შემართებით შეხვდა დიაგნოზს, რომელიც 90-იანი წლების საქართველოსთვის ახალი გამოწვევა იყო. 

იმ პერიოდში ერთ-ერთი პირველი ვიყავი [ამ დიაგნოზით] და ჩემ ირგვლივ ყველა ფეხზე დადგა, რომ არაფერი გამჭირვებოდა და იმ გზისთვის მიმემართა, რომელიც გავიარე. ეს არ იყო მარტივი გზა. ვინმე რამეს რომ მეტყოდა, პირიქით ვამშვიდებდი - არაუშავს, მერე რა, მე ამას დავძლევ-მეთქი. რატომღაც, იმ პერიოდში, განაჩენად არ ჩავთვალე და დღესაც ფეხზე ვდგავარ. მკურნალობამ, ჩემმა აქტიურობამ, პოზიტიურმა ფიქრმა [შედეგი გამოიღო] და ცოცხალი ვარ. ჩემზე არ ვფიქრობდი, შვილებზე მეფიქრებოდა, რომ მე უნდა მეცოცხლა, ბავშვები დამეყენებინა გზაზე და აი, იქამდე მოვაღწიე, რომ ახლა შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავს,“ ამბობს ის.

ლალი წელიწადში ერთხელ ისევ იტარებს სკრინინგს და სხვა ქალებსაც მოუწოდებს ამისკენ. ფიქრობს, მის ახალგაზრდობაში ეს სერვისი ისევე ფართოდ ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო, როგორც დღეს, მას ეს არ დაემართებოდა.

როდესაც ვიგებ, რომ ვინმეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ყოველთვის მომყავს ჩემი მაგალითი და ვცდილობ, სტიმული მივცე. ძალიან მომწონს იმის თქმა, რომ კიბო განაჩენი არ არის იმიტომ, რომ მართლა არ არის განაჩენი, თუ დროულად აღმოაჩენ. ჩემს შემთხვევაში, თითქმის დაგვიანებული იყო, მესამე სტადია მქონდა. ბოლო პერიოდებში ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ თავიდანვე რომ არ მივედი ექიმთან, ჩემი დიდი დანაშაულია. ჯერ მაშინ უნდა მიხვიდე ექიმთან, როცა არაფერი გტკივა და თუ გტკივა, ხომ მითუმეტეს,“ ამბობს ლალი. 

An elder women wearing glasses
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური დახმარებით 2009 წლიდან ამოქმედდა. იმისათვის, რომ კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდეს, მოსახლეობის მინიმუმ 70% უნდა იტარებდეს გამოკვლევას. 

სკრინინგი არის ჯანმრთელი მოსახლეობის მასობრივი გამოკვლევა ფარულად მიმდინარე დაავადებების გამოსავლენად ორ შემთხვევაში: როდესაც პაციენტს საკვლევი დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები არ გააჩნია, მაგრამ იკეთებს გეგმიურ პრევენციულ შემოწმებას და სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, როდესაც ის აგრძელებს გაღრმავებულ დიაგნოსტიკურ კვლევებს. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს დამარცხება შესაძლებელია, თუ შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ ყველა იმ მიმართულებით, რომელიც გლობალური სტრატეგიით არის განსაზღვრული. საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის არსებული სერვისების შესახებ, იყოს ინფორმირებული, თუ რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგ პროგრამაში რეგულარულ მონაწილეობას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის" - აღნიშნავს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.

იმისათვის, რომ სკრინინგ პროგრამები კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს სოფლად და ძნელადმისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისთვის, UNFPA, გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელს უწყობს ციფრული მედიცინის განვითარებას საქართველოში.

ტელემედიცინა გულისხმობს თანამედროვე, ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მისაღებად, რაც საგრძნობლად ზოგავს მგზავრობასთან დაკავშირებულ დროსა და ხარჯებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ოფიცრის, ლელა შენგელიას თქმით, საშვილოსნოს ყელის კიბოს  სკრინინგის რიგების ელექტრონული მართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ „მიზნობრივი ჯგუფი დროულად ჩაერთოს სკრინინგ პროგრამაში,  გამოვლინდეს დაავადება მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე და მოხდეს შესაბამისი ინტერვენციების გახორციელება.“

მასალა მომზადდა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით.