ზლატა დრუჟინინა 2022 წლის აგვისტოში ჩამოვიდა საქართველოში შვილთან და მეუღლესთან ერთად დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლიდან.
ამჟამად უმუშევარია და 13 წლის შვილზე, ანგელინაზე ზრუნავს, რომელსაც დაბადებიდან ეპილეფსია აქვს.
ზლატას და მის ოჯახს გაცნობთ ფოტოამბით, რომელიც მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „ინკლუზიური ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინელ ლტოლვილთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე“ ფარგლებში.
სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ფოკუს ჟგუფებში/კვლევაში იყო ზლატა ჩართული. მან ასევე მონაწილეობა მიიღო გენდერული ნიშნით ძალადლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრაში.
2009 წლიდან ვიცნობ ჩემს მეუღლეს. შვილი ერთ წელიწადში შეგვეძინა. ძალიან მალე დაეწყო შეტევები, რის გამოც მივმართეთ ექიმს. ერთი წლის იყო, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ ვიბრძვით. ბავშვობაში სულ საავადმყოფოებში ვიყავით.
ანგელინას უყვარს ხატვა, სიმღერა, შემოქმედებითი ადამიანია.
სკოლაშიც დადის ყოველდღე, ოღონდ არასრული დატვირთვით, გაკვეთილების ნაწილს ესწრება, ხატვას, გარკვეულწილად, იმისთვისაც, რომ ბავშვებთან გაატაროს დრო. დასვენების დღეებში ხატვის წრეზეც დავდივართ.
ახლა თითქოს დავიწყეთ აქტური ცხოვრება. ვცდილობთ. ადრე ფსიქოლოგის გარდა არსად დავდიოდით დამატებით.
ბევრი რამის გავლა გჭირდება, რომ გაიგონ და დაგიდასტურონ შვილის სტატუსი.
ნერვოლოგი, ლოგოპედი, რეაბილიტატორი, ტუტორი - საჭიროა, მუდმივად გყავდეს ახლოს, რომ ამ მდგომარეობას მშვიდად გაუმკლავდე. ეს ყველაფერი კი თანხებთანაა დაკავშირებული.
ზოგადად, მივეჩვიეთ აქ ყოფნას. თუმცა გარკვეულ სამედიცინო გამოწვევებს ვაწყდებით.
ისეთი სპეციალისტების პოვნაა საჭირო, ვინც გვჭირდება მისი ჯანმრთელობის გასაკონტროლებლად.
კარგი იქნებოდა სარეაბილიტაციო სერვისი, მასაჟების მსგავსი კურსები, რასაც ფინანსები სჭირდება.
უკრაინაში ოჯახის ექიმი გვყავდა, ანალიზებს, კონსულტაციებს უფასოდ ვიღებდით.
აქ 2015 წელს რომ ვიყავით ნათესავებთან, ერთ-ერთ კლინიკაში მედიკამენტები დაგვინიშნეს და გარკვეული შედეგი ჰქონდა. ახლაც დავდივართ შემოწმებაზე 2-3 თვეში ერთხელ.
მართალია, ანგელინას თავისით გადაადგილება შეუძლია, მაგრამ ქცევის კორექციაში ეხმარებიან სპეციალისტები. ძალიან მიხარია, რომ აქ ვიპოვნეთ შესაბამისი ექიმები.
მე მთელ ჩემს დროს შვილს, ძაღლს, სახლის საქმეებს ვუთმობ, ამას ემატება გაკვეთილები, საყიდლები.
ჩემი ჩვეულებრივი დღე ასეა: ავდექი, შვილი სკოლაში წავიყვანე, ველოდები, ავტობუსით ვბრუნდები, ვსადილობთ, საღამოს ძაღლი მელოდება გასასაირნებლად. შაბათობით ფილმს ვუყურებთ, მუსიკას ვუსმენთ. თავისუფალ დროს ქალაქში, სიანტერესო ადგილებში ვსეირნობთ.
ანგელინას უყვარს ლოცვებზე სიარულიც - ახლოსაა ეკლესია, დროდადრო სტუმრადაც დავდივართ ხოლმე. წიგნს ვკითხულობთ.
გარკვეულ პროგრესს ვხედავ, მედიკამენტების და თერაპიის ჩარევით, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვებთან სოციალიზაცია, ხატვა.
სოციალიზაცია მინდა, აბა, მხოლოდ ორნი ხომ არ ვიქნებით, როცა ყველა ბავშვი სკოლაშია.
სკოლა ინტერენეტით ვიპოვნე. ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავდი, სად აღარ ვიყავი. ენაც რომ არ იცი, რთულია (ახლა ქართულს ვსწავლობ). იყო ვარიანტები, სადღაც უარი გვითხრეს, ან ცუდ პირობებს გვთავაზობდნენ. ჩვენთვის მთავარი იყო სოციალიზაცია, ცალკე კაბინეტში არ გვინდოდა მეცადინეობა. ბოლოს ვიპოვნე.
არ მინდა-ს თქმა იცის, როგორც ყველა ბავშვმა. მიჩვევა სჭირდებოდა როდის რა გაეკეთებინა, ყველაფერი თავიდან დაიწყო. პირველ თვეში სულ გვერდით ვეჯექი, ვეხმარებოდი, მაგრამ არაფერი უნდოდა, მერე მიეჩვია. სკოლა ხსნაა. მეგობრები ჯერ არ ყავს მაგრამ კონტაქტობს, ესალმება ბავშვებს, ერთმანეთს რაღაცებს ეკითხებიან, რაც მისთვის სტიმულია.
უკრაინაში 3-ჯერ დავდიოდით სკოლაში. სულ ვემზადებოდით, მაგრამ არავინ გვითხრა, რა სპეციალისტი გვჭირდებოდა, ფსიქოლოგი და ლოგოპედი გვყავდა მაგრამ ნეიროფსიქოლოგი რომ მნიშვნელოვანი ვიწრო მიმართულებაა, არავის უთქვამს. ყოველთვის შენით უნდა ქნა ყველაფერი. ყველა ქვეყანაში ინიციატივა მშობლებისგან მოდის. მათ იციან, შვილისთვის რაა უკეთესი და ექიმებთან ერთად გეგმავენ მათ რეჟიმს.
[შშმ შვილების] მშობლებს ვურჩევდი, არ დანებდნენ.
არ დანებდეთ, თქვენ გარდა მასზე ვერავინ იზრუნებს. არ დაღონდეთ, არ თქვათ, რომ ყველაფერი მორჩა, ნელ-ნელა წინ სიარული განაგრძეთ, ეძებეთ გზა, რომ რამით დაეხმაროთ, აბა, ისე ვინ დაგეხმარებათ თუ ხელს არ გაანძრევთ?
მეგობარი მყავს, იმავე ქალაქიდან, საიდანაც მე ვარ - სნეგაპოლიდანა. აქ გავიცანით ერთმანეთი. მის შვილსაც მსგავსი პრობლემა აქვს, რაც ჩემსას. ასაკით ჩემზე დიდია, ბევრი იცის, მისგან ბევრს ვიგებ და ეს მორალურად დიდი მხარდაჭერაა. გამოცდილებას ვცვლით. ასეთ სიტუაციაში სწორი ინფორმაციის მოძებნაც საჭიროა. ინფორმაცია გადამრჩენია, თუ არაფერი იცი - ვერავის დაეხმარები.
დიდი ალბათობით, ომი რომ მორჩება მერეც აქ დავრჩებით. მომავალი ბუნდოვანია.
მჯერა, უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ იქ სადაც ვცხოვრობდით რთული სიტუაცია გვაქვს. ჯერ გვაქვს იქ სახლი, მაგრამ ყოველდღე იბომბება.
ბიძაჩემი რუსეთში ცხოვრობს, მან გაგვაგებინა, უკრაინა რომ იბომბებოდა. შეგვეშინდა. ისეთი სტრესი იყო, პირველი 3 დღე ვერ ვაზროვნებდით. უწყვეტი განგაშის ხმა ისმოდა. საღამოობით შუქი არ იყო, ბნელოდა.
ომი რომ დაიწყო, მნიშვნელოვანი იყო მედიკამენტების შეძენა შვილისთვის. ყველაფერმა შეწყვიტა მუშაობა ომის გამო. არავინ იცოდა, როგორ ვიცხოვრებდით.
5 თვის შემდეგ დავტოვეთ უკრაინა. ერთი კვირა მოვდიოდით მანქანით საქართველოსკენ.
ძალიან კარგი ხალხია საქართველოში, ენები იციან, გვეხმარებიან. აქ ადრეც ვიყავით. 2015 წელს, 1 თვეს ვისვენებდით, ვიცით, აქ როგორი ხალხია.
პროგრამის შესახებ:
გაეროს ერთობლივი პროგრამა „ინკლუზიური ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინელ ლტოლვილთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე“ ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 5 სააგენტოს მიერ (UNFPA, UNICEF, WHO, UN Women, OHCHR) 2023 წლის მანძილზე. პროგრამა ხორციელდება გაეროს პარტნიორობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის (UNPRPD Multi-Partnership Trust Fund) მხარდაჭერით.
პროგრამის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს შშმ პირთა კონვენციის მე-11 მუხლის განხორციელებას, რომლის თანახმად: „მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა და უსაფრთხოება სარისკო სიტუაციებში, შეიარაღებული კონფლიქტების, საგანგებო ჰუმანიტარული და სტიქიური უბედურებით გამოწვეული სიტუაციების ჩათვლით“.
შენიშვნა: ფოტოამბავში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდის, პროგრამის მონაწილე გაეროს სხვა სააგენტოების და დონორი ორგანიზაციის პოზიციას.