Go Back Go Back
Go Back Go Back

კაცები ზრუნავენ — როგორ ცვლის მამების ჯგუფი წარმოდგენებს შვილის აღზრდის შესახებ

კაცები ზრუნავენ — როგორ ცვლის მამების ჯგუფი წარმოდგენებს შვილის აღზრდის შესახებ

News

კაცები ზრუნავენ — როგორ ცვლის მამების ჯგუფი წარმოდგენებს შვილის აღზრდის შესახებ

calendar_today 25 December 2020

— არავის სჯეროდა ჩემი, მაგრამ ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდი.
— საიდან იცოდი?
— მამაჩემი ხომ დამპირდა, დავბრუნდებიო.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწყვეტია კრისტოფერ ნოლანის ინტერსტელარის ფინალური სცენიდან, რომელშიც ვარსკვლავთშორისი მოგზაურობიდან დაბრუნებული ყოფილი სამეცნიერო ინჟინერი და პილოტი, კუპერი უკვე ღრმად მოხუცებულ შვილს, მერფის, საავადმყოფოში ხვდება. ფილმზე ბევრს არ მოგიყვებით, მისი ერთხელ ნახვაც კი საკმარისია, ვიგრძნოთ, რას ნიშნავს მამა-შვილის განსაკუთრებული კავშირი, რა უხილავი ხაზებია გავლებული ჩვენსა და მამებს შორის და როგორ შეუძლია ურთიერთნდობას კარგი საქმეების კეთების შთაგონება მოგვცეს.

ასეა რეალურ ცხოვრებაშიც — არ აქვს მნიშვნელობა, მიდიან თუ არა ჩვენი მამები კოსმოსში სამყაროს გადასარჩენად, ყოველთვის გვჯერა, რომ ისინი ყველაზე მზრუნველები არიან და ჩვენ გამო მთებსაც გადადგამენ.

კაცები ზრუნავენ — ასე ეწოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ 2016 წელს ინიცირებულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა კაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა. მათ შორისაა მამების ჯგუფი, რომელიც 2020 წლის აპრილის დასაწყისში შეიქმნა.

მირიან ჯუღელი ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტია. ის მამების ჯგუფს მართავს და როგორც ამბობს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფეისბუქი ჯგუფების გაძლიერების საკითხს დააანონსებდა, ფიქრობდა, რომ ციფრულ სამყაროში სწორედ ასეთი ერთობა — ჯგუფები იქნებოდა მომავლის ინოვაცია.

"ჯერ კიდევ ათი წლის წინ ფეისბუქზე სხვადასხვა თემატურ ჯგუფს ვქმნიდი. უკანასკნელ ორ წელიწადში კი ჯგუფების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, გაჩნდა დედების, ქალების, თავის მოვლის თუ ავტომობილების ჯგუფები. პანდემიის დასაწყისში, როცა სოციალურ ქსელებში უამრავი კითხვა დაგროვდა ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით, ვიფიქრეთ, რომ სწორედ ახლა იქნებოდა ყველაზე სწორი დრო მამების ჯგუფის შექმნისთვის", — გვიყვება მირიანი.

აბა, ხელი აწიეთ, რამდენ თქვენგანს გამოელია ზღაპრების მარაგი?
რამდენს დაგისვეს ისეთი კითხვა, რომელზე პასუხიც არ გაქვთ?
რომლები ხვდებით, რომ უკვე დროა, მულტფილმებისა და ფილმების კოლექცია განაახლოთ?
ისეთებიც ხართ, ვისაც სახლში აწყობილი, ხელნაკეთი კოსმოსური ხომალდები მოგიძველდათ და შვილები ახლის აშენებას გთხოვენ?
უკვე მიხვდნენ, რომ მისაღები ოთახი ფეხბურთის მოედანი არ არის?
წამოსცდათ, რომ იზა მასწავლებელი ენატრებათ?
ექსკურსიაზე სამზარეულოში წასვლაც მობეზრდათ, არა?!
სწორედ ამიტომ შეიქმნა თემატური ჯგუფი, სადაც მამებს არამხოლოდ თავიანთ, პირად გულისტკივილზე, დეპრესიასა თუ სხვა "უხილავ" პრობლემებზე საუბრის საშუალება მიეცათ, არამედ სრულიად ყოფითი საკითხების განხილვისთვის გაუჩნდათ სივრცე. ისინი აქ ერთმანეთს სასარგებლო რჩევებს უზიარებენ, ცვლიან საინტერესო ინფორმაციას, სვამენ კითხვებს შვილების აღზრდასა თუ საოჯახო საქმეებზე ან სხვების შეკითხვებს პასუხობენ.

მამების ჯგუფი ახლა 5000-მდე კაცს აერთიანებს და ისინი, როგორც მირიანი აღნიშნავს, ჯგუფში სრულიად დამოუკიდებლად, თავიანთი სურვილით გაწევრიანდნენ. დღის განმავლობაში აქ ათობით თემატური პოსტი იწერება. ჯგუფის ყველა წევრი კი მისდევს მთავარ წესს, რომლის მიხედვით აქ ყოველგვარი სახის დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა აკრძალულია. პოსტები ყოველთვის იფილტრება, ახალი წევრები კი კვირაში ერთხელ ემატებიან. ეს ჯგუფში ჯანსაღი ატმოსფეროს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

როგორც მირიანი ამბობს, აქ დისკუსია ყოველთვის წახალისებულია. მამები ერთმანეთს დახმარებას უწევენ, აძლევენ რჩევებს ბავშვების კვების, ჯანმრთელობის, საოჯახო საქმეებისა და სამართლებრივი საკითხების შესახებაც კი.

ყოველთვის ახლოს მიაქვთ გულთან ერთმანეთის გასაჭირი. საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურადაც ეხმარებიან ერთმანეთს და პრაქტიკულ რჩევებს უზიარებენ. ჯგუფში იურისტებიც გამოჩდნენ, როცა ერთ-ერთ წევრს სამართლებრივი დახმარება სჭირდებოდა; უკითხავთ რჩევები შვილის აყვანასთან დაკავშირებით იმ მამებს, რომელთაც ბიოლოგიური შვილი უკვე ჰყავდათ; ყოფილა შემთხვევა, როცა კომენდანტის საათის დროს საჭმლის გარეშე დარჩენილი ბავშვისთვის უამრავი მამა გაერთიანდა, მათ შორის კურიერები, რომელთაც საშვი ჰქონდათ. - მირიან ჯუღელი, მამების ჯგუფის ადმინისტრატორი

ისინი საქველმოქმედო კამპანიებსაც ხშირად ატარებენ. როგორც მირიანი გვიყვება, ცოტა ხნის წინ, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მსგავსი ინიციატივით გამოვიდა. მას შეუერთდა ათობით ადამიანი, რომლებმაც სწრაფად მოახერხეს ყველაფრის ორგანიზება, შეიძინეს პროდუქტები და სხვადასხვა ნივთი. დღეს ჯგუფის წევრებს ათამდე ოჯახი ჰყავთ იდენტიფიცირებული, ხშირად სტუმრობენ მათ და შეგროვებულ პროდუქტებს აწვდიან.

სერიოზულ საკითხებთან ერთად, მამები სახალისო ამბებსა და ფოტოებსაც უზიარებენ ერთმანეთს. "ხშირად შეხვდებით ინტერნეტში უცხოურ ვიდეოებს, როცა დედა მამას უტოვებს შვილს, ის კი, მაგალითად ბავშვს ულვაშებს ახატავს, უცნაურად აცმევს, თმებს უკეთებს. ამის არაერთი ქართული ვარიანტი დევს ჩვენს ჯგუფში. ესაა კონტენტი, რომელიც თავისუფლად გახდებოდა გლობალურად ვირუსული", — ამბობს მირიანი.

ერთ-ერთმა ასეთმა ვიდეომ "გარეთაც" გამოაღწია და ის მართლაც ათასობით ადამიანმა აიტაცა.

გოგოს მამა, გიგი წერეთელი გვიყვება, რომ ბაღში მისულ შვილს თავიდან, რა თქმა უნდა, გაუჭირდა უკან წამოსვლა, მაგრამ ბოლოს პარკში გასეირნების სანაცვლოდ დათანხმდა.

გიგი ბოლო დროს სახლიდან მუშაობს, ამიტომ მთელ დროს შვილთან ერთად ატარებს და უკვე ძალიან დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა:

"ყოველდღე ვსეირნობთ, ვხატავთ, თამაშებს ვიგონებთ, პატარა კარავი გვაქვს, სადაც რაღაცებს "ვყიდით". მართალია, იზოლაცია საკმაოდ დამღლელია ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ერთად დროს კარგად ვატარებთ."

თუმცა, თავიდან ყველაფერი მარტივად არ ყოფილა. გიგი გვიხსნის, რომ როცა მისი შვილი ახალი დაბადებული იყო, თავად ყველაფერზე ძალიან ღელავდა.

"რამდენჯერმე, როცა ბავშვი ტიროდა, ჩემი ნერვიულობის გამო სასწრაფოს გამოძახებაც კი დაგვჭირდა. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე. მართალია, ძალიან ემოციური მამა ვიყავი ყოველთვის, მაგრამ თანდათან მეტი რამ გავიგე, ინტერნეტში სულ ვკითხულობდი ინფორმაციას და ექიმებსაც რჩევას ვეკითხებოდი", — ამბობს ის.

ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

გოგონას ძალიან უყვარს წიგნებთან ურთიერთობა. მართალია, გამართულად ვერ კითხულობს, თუმცა ასოებს ცნობს: "ძალიან უყვარს, როცა ზღაპრებს ვუკითხავ, ერთად ვაწყობთ ფაზლებს. თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ თავისუფალ გარემოში იზრდება — მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული აკრძალვა", — აღნიშნავს მამა.

გიგი ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი გაუჩნდათ და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყეს, ის და მისი მეუღლე ყოველდღე ანგრევენ შვილის აღზრდასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს. მისი თქმით, ამ საქმეში, ზოგადად, მამების ჯგუფსაც დიდი როლი აქვს.

მამების ჯგუფში ძალიან მეგობრული გარემოა, აქ თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელია და ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას, ფოტოებს, სასაცილო მომენტებს თუ რჩევებს საოჯახო საქმეებზე. მეც ვტოვებ ხოლმე კომენტარებს და იმედი მაქვს, ჩემი გამოცდილება სხვასაც გამოადგება. ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ეს ჯგუფი. მართალია, აქ უმეტესად ისეთი ადამიანები არიან თავშეყრილი, რომლებიც ისედაც თანაბრად არიან ჩართული საოჯახო საქმეებში, თუმცა შეიძლება ჯგუფმა მოტივაცია იმ კაცებსაც მისცეს, ვინც არ იცის, რომ, მაგალითად, სახლის დალაგება ან სხვა საოჯახო საქმე მისი მოვალეობაცაა - გიგი წერეთელი, მამების ჯგუფის წევრი

შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებზე არსებული მცდარი წარმოდგენების გაქარწყლებაში გიგის მედიის ჩართულობის, საინფორმაციო კამპანიების და მამების ჯგუფის მსგავსი გაერთიანების იმედი აქვს.

"დასავლეთში, მაგალითად, არსებობს კურსები, სადაც მამებს გოგო შვილებისთვის თმების გაკეთებას ასწავლიან. ასეთი სახალისო პროექტები, საინფორმაციო ტრენინგები თუ სხვა კამპანიები აქტიურად უნდა წამოვიწყოთ, მედიამაც აქტიურად უნდა გააშუქოს, რათა საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს", — ამბობს გიგი.

მისი თქმით, რეგიონებში კიდევ უფრო რთული ვითარებაა, ამიტომ გარკვეული ფინანსები უნდა გამოიყოს საგანმანათლებლო პროექტებისთვის, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს შვილის აღზრდაში თანაბარი ჩართულობის შესახებ და ზრუნვისთვის მეტი მოტივაცია გაუჩნდეს.

ჩვენს ოჯახშიც აბსულუტურად 50/50-ზეა გადანაწილებული საქმეები. როცა ბავშვი გაჩნდა, ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში სწავლობდა, ყოველდღე ლექციებზე დადიოდა, მე კი თვეების ბავშვს ვიტოვებდი, ვაჭმევდი, ვასეირნებდი. ასე რომ, ყველა საქმეს თანაბრად ვაკეთებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და, ალბათ, იშვიათიც, თუმცა როგორც მამების ჯგუფში ვხედავ, მსგავსი შემთხვევები მოხშირდა და ეს ძალიან მისასალმებელია - გიგი წერეთელი

ჯგუფის კიდევ ერთი გამორჩეული წევრია შალვა ლიპარიშვილი, სამხედრო, რომელსაც შვიდი შვილი ჰყავს. მისი თქმით, შესაძლოა ეს რაოდენობრივად ბევრად მოგვეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში სრულიად ჩვეულებრივი ოჯახია, სადაც ყველა წევრი ცდილობს, ბევრი რამ ერთად აკეთოს.

"ვაკეთებთ იმას, რაც მათ აინტერესებთ. გარდა ამისა, ბავშვები ჩართულები არიან საოჯახო საქმეებში. ამას მოაქვს გამოცდილება და ერთმანეთის შეცნობაც, რაც გვეხმარება, რომ სამომავლოდ უფრო გახსნილები ვიყოთ ერთმანეთთან", — ამბობს შალვა.

ძილის წინ ზღაპრებისთვის სხვადასხვა დრო აქვთ ხოლმე. შალვას თქმით, ბავშვები დამოუკიდებლად დაძინებას არიან მიჩვეულნი. პატარებიც ასე არიან — როცა უყურებენ, როგორ იქცევიან უფროსი და-ძმები, თვითონაც დამოუკიდებლობას ეჩვევიან. ისინი თვითონვე ახერხებენ ტანსაცმლის ჩაცმას, დაბანას, ჰიგიენურ პროცედურებს და ამ ყველაფერში მშობლების დახმარება არ სჭირდებათ. გარდა ამისა, ისინი სხვა ბავშვებთანაც ადვილად ამყარებენ კომუნიკაციას და ყოველდღიურობაშიც ნაკლები გამოწვევის წინაშე დგებიან.

შალვას თქმით, ბავშვის აღზრდა ყოველმხრივ სასარგებლო პროცესია.

"ორივე თანაბრად ვართ ჩართული საოჯახო საქმეებსა და ბავშვების აღზრდაში. განაწილებასაც არ დავარქმევდი ამას, მივყვებით და რა საჭიროებებიც არის, ვისაც სცალია მოცემულ მომენტში, ის აკეთებს საქმეს, გნებავთ ეს იყოს პამპერსის გამოცვლა თუ სხვა ნებისმიერი რამ, რაც ბავშვებს სჭირდებათ", — ამბობს ის.

ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

მისი თქმით, ცხადია, შვიდი შვილის გაზრდა მარტივი არ არის, თანაც, სამსახურიდან გამომდინარე გარკვეული პერიოდით, ხანდახან თვეობითაც კი, ოჯახს მოწყვეტილია ხოლმე და ბევრ რამეს მხოლოდ მისი ცოლი უმკლავდება.

"თუმცა, შეიძლება ფიზიკურად არ ვიყო შვილებთან, მაგრამ უამრავი საშუალება არსებობს და მათთან კომუნიაციას ყოველთვის ვახერხებ", — გვიყვება შალვა.

შალვასთვის მამების ჯგუფი ძალიან ინფორმაციულია. მისი თქმით, აქ ყველანაირი ტიპის, შეხედულებისა თუ პროფესიის ადამიანს შეხვდებით, მათ დიდი ენთუზიაზმი აქვთ და ხშირად აზიარებენ ინფორმაციას ბავშვის კვების, ძილისა თუ სხვა საკითხების შესახებ ქართულ და უცხო ენებზე.

"ჯგუფი ახალი შექმნილი იყო, როცა დამამატეს. მაშინ მეტი დრო მქონდა და კიდევ უფრო აქტიურად ვერთვებოდი დისკუსიაში, თუმცა, ახლაც ვცდილობ, მეტი გავცე და მეტი მივიღო, რადგან ეს ინფორმაცია ყველასთვის სასარგებლოა".

ასეთი ჯგუფების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია სტერეოტიპების მსხვრევის საქმეში. ამ ჯგუფში არამარტო გამოცდილი მამები, არამედ ის კაცებიც არიან, რომლებიც ახლა ელოდებიან შვილს ან ჩართულები არიან ოჯახის მცირეწლოვანი წევრების აღზრდის საქმეში, ამიტომ, რაც უფრო გახსნილი ვიქნებით ერთმანეთთან საუბრებში, მგონი, მით უფრო ადვილად დავძლევთ პრობლემებს. გამოცდილებას მოაქვს ეს ყველაფერი — რაც მეტს ვსაუბრობთ ერთმანეთთან, მით მეტად ვიხსნებით, მეტი პრობლემის შესახებ ვიგებთ, მათი გადაჭრის გზებს ვეძებთ. ეს ყველაფერი საბოლოოდ შეუწყობს ხელს, რომ ისინი უკეთესი მამები გახდებიან, მთლიანობაში კი, მათი შვილებიც უკეთეს მოქალაქეებად გაიზრდებიან და თავიანთ ოჯახსა და ქვეყანას გამოადგებიან - შალვა ლიპარიშვილი

შალვა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ქალებმაც და კაცებმაც ერთმანეთთან თავისუფლად ისაუბრონ, ერთმანეთს ჰკითხონ პრობლემების შესახებ, მისცენ რჩევები. "რაღაც დროის მერე მივალთ იმ ეტაპამდე, რომ აღარ დაგვჭირდება ცალ-ცალკე ჯგუფები. მანამდე კი სჯობს, არსებობდეს სივრცე, სადაც მამები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და უფრო გახსნილები ისაუბრებენ სხვადასხვა საკითხზე", — ამბობს ის.

ჯგუფს ყოველდღიურად ადევნებს თვალს გიორგი კაციტაძეც. მისი შვილი უკვე შვიდი წლისაა. გიორგი ამბობს, რომ როცა ჯგუფში სხვები პატარა ბავშვებზე კითხვას სვამენ, ან მცირეწლოვანი შვილის ამბავს აზიარებენ, ყველაფერში თავის განვლილ გზას ხედავს, ხოლო ისინი, ვინც უფროს შვილებზე წერენ, ეხმარებიან, წარმოიდგინოს, რა შეიძლება იყოს მომავალში.

ანა პირველი ექვსი თვე დედასთან უფრო მეტ დროს ატარებდა, თუმცა ექვსი თვის შემდეგ თითქმის სულ მამასთანაა.

"წინდასაც კი არ ახდევინებდა სხვას, თუკი სახლში ვიყავი. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივად ვზრუნავ მასზე და სხვანაირად ყოფნა არც წარმომიდგენია. ღამე თუ იღვიძებდა, მასთან ერთად ვიღვიძებდი მეც, ვუმზადებდი საჭმელს, ვუცვლიდი, ვბანდი. მამების ჯგუფში ბევრი ასეთი ისტორიაა. არც კი მსმენია, ვინმეს პროტესტი გამოეთქვას ბავშვის აღზრდაში ჩართულობაზე ან მიიჩნევდეს, რომ ეს მისი საქმე არაა", — ამბობს გიორგი.

ის გვიყვება, რომ ანას დაბადებიდან დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ღამით თითქმის არ ეძინა, ამიტომ მას, ცოლთან ერთად, მრავალი ღამის გათენება მოუწია. ზოგჯერ მონაცვლეობით ეძინათ, ზოგჯერ ერთად ათენებდნენ ღამეს, ამიტომ ფიქრობს, რომ მაშინ ამგვარი ჯგუფის არსებობა და სხვების გამოცდილების გაზიარება ბევრად გაუადვილებდა ყველაფერს.

ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

ახლა ანას უკვე მრავალი "რიტუალი" აქვს მამასთან ერთად, მათ შორისაა წიგნის კითხვა, რომლის გარეშე არ იძინებს.

"ეს არამარტო სასიამოვნო პროცესი და ადვილად დაძინების წინაპირობაა, არამედ ბავშვთან გატარებული დროა, რომელიც მშობლისთვისაც მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა".

გიორგი ამბობს, რომ შვილისთვის რაიმეს კეთება არ დაუძალებიათ — ყველაფერი ბუნებრივად ხდება, უბრალოდ მიყვებიან მის სურვილებს და არაფერ უკრძალავენ.

პანდემიამ ანა და მისი მშობლებიც დააყენა გამოწვევების წინაშე — ონლაინ გაკვეთილები მისთვის რთული აღმოჩნდა, ეკრანის წინ კონცენტრაცია უჭირს და ნატრობს, როდის დაბრუნდება სკოლაში. მართალია, შაბათ-კვირას მშობლებთან ერთად სეირნობს, მაგრამ ძირითადად სახლში ყოფნა უწევს და ყოველდღიურად გარეთ გასვლის, სკოლაში წასვლისა და მეგობრებთან ურთიერთობის დანაკლისს განიცდის.

"რამდენიმე კვირა მომიწია მეც სულ სახლში ყოფნა და ძალიან რთულია ბავშვის მოვლასთან ერთად მუშაობა, სულ დაგტრიალებს და ყურადღება სჭირდება", — ამბობს გიორგი.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ ამ ჯგუფის დახმარებით აღმოვაჩინე, რამდენად ბევრი მამაა საქართველოში, ვინც ისე ფიქრობს შვილის აღზრდის საკითხებზე, როგორც მე. ზოგადად, რაც უფრო მეტად გვაქვს ინფორმაციის გაზიარების საშუალება, მით მარტივია ყველაფერი. ძალიან საინტერესოა კაცები ზრუნავენ კამპანიაც, რომელიც ამ საკითხის პოპულარიზაციას ეხმარება და რომლის დახმარებით უფრო მეტი ადამიანი იგებს, რომ მამაც ისევე ჩართული უნდა იყოს შვილის აღზრდაში, როგორც — დედა.

ზოგადად, არ ვემხრობი რაიმე სახის განსხვავებებს — მშობელი მშობელია და მიხარია, რომ ჯგუფიდანაც ყოველთვის ეს მოტივები ისმის. თუ ეს საკითხი კიდევ უფრო გავრცელდა, უფრო მეტს მისწვდა ხმა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - გიორგი კაციტაძე

ჯგუფთან დაკავშირებით მირიანის მოტივაციაც სწორედ ესაა — გააგრძელოს საქმე, რომელსაც დიდი ხანია, აკეთებს. ის იმ იშვიათ მამებს შორისაა, ვინც შვილის გაჩენის შემდეგ დეკრეტული შვებულებით ისარგებლა, თანაბარი ზრუნვის საკითხებზეც აქტიურად მუშაობს და საუბრობს.

არასწორი მგონია, სხვას მოუწოდო, გააკეთოს ისეთი რამ, რაც თავად არ გამოგიცდია. მე დეკრეტულ შვებულებაშიც ვიყავი, ახლა ჩვენ მეორე შვილს ველოდებით და ისევ ვაპირებ დეკრეტის გამოყენებას. აქტიურად ვსაუბრობ ამაზე და ზოგადად, შვილის მოვლის საკითხებზე ყველგან, სადაც შემიძლია

მირიან ჯუღელი

"აქამდე ჩვენ, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში ძალიან მცირე ბიუჯეტით არაერთი პროექტი გაგვიკეთებია — პროექტები "ერთ ლარად", რომელთა რეალური ღირებულება გაცილებით მაღალი იყო. ამის ლოგიკური გაგრძელებაა ჯგუფიც, სადაც ეს საქმე თავს ერთ მთლიან სივრცეში იყრის", — ამბობს მირიანი.

ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

მისი თქმით, ხშირად აკრიტიკებენ კამპანიას ისეთი საქმის წახალისების გამო, როგორიც, მაგალითად, მამის მიერ შვილის მოვლა, მისი სკოლაში წაყვანაა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ კამპანიების ჩატარების საჭიროება ჩვენს ქვეყანაში დგას.

"რამდენიმე წლის წინ, გაეროს მოსახლეობის ფონდში კვლევა ჩავატარეთ — კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში. ეს ამ საკითხზე ჩატარებული პირველი კვლევა იყო. ზოგადად, გაეროს ძალიან სწორი მიდგომა აქვს — სანამ ქვეყანაში რაიმე საკითხზე მუშაობას დაიწყებს, ის ჯერ კვლევას იწყებს. ამ კვლევით გამოჩნდა, რომ საკითხი ნამდვილად პრობლემურია. აქედან დაიწყო კამპანიაც", — გვიყვება ის.

პროექტის "კაცები ზრუნავენ" წინამორბედი შედარებით მცირემასშტაბიანი კამპანია "მამა, წიგნი წამიკითხე" იყო. მაშინ ბევრმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა ეს. სინამდვილეში კი, კამპანიას ეს სახელი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დაერქვა — როგორც აღმოჩნდა, მამების 82% ექვს წლამდე ბავშვს წიგნს არ უკითხავს და მის აღზრდაში აქტიურად არ არის ჩართული.

ჩვენ ორი არჩევანი გვქონდა: ერთი იყო "ტრადიციული" გზა, არ მიგვექცია ყურადღება ამ პრობლემისთვის ან მეორე — კაცებთან მივსულიყავით და გვეთქვა, რომ თუკი შვილების მოვლის საკითხებში აქტიურად ჩაერთვებოდნენ, უკეთესი ადამიანები გახდებოდნენ. ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ, სადაც პოზიტიური კომუნიკაციითა და მაგალითებით დავიწყეთ ადამიანების აზრის ცვლა. "მამა წიგნი წამიკითხე" კი იმიტომ დავარქვით, რომ წიგნის წაკითხვა ყველაზე მარტივი რამაა, რასაც დიდი ძალისხმევა არ სჭირდება - მირიან ჯუღელი

კამპანიაში უამრავი ადამიანი ჩაერთო, მათ შორის იყვნენ სპორტსმენები, სასულიერო პირები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. გადაიღეს ფოტოები, ჩაატარეს წიგნის კითხვის სესიები, მამები შვილებს უწერდნენ დღიურებს. შედეგად, ძალიან სტრატეგიულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, დღეს უკვე ყველანაირი სეგმენტის ადამიანის გაერთიანება მოახერხეს. კამპანია გრძელდება — ორგანიზატორები ატარებენ კვლევებს, გამოსცემენ წიგნებს, ზღაპრებს, გეგმავენ შეხვედრებს, აღნიშნავენ მამების დღეს, ჩადიან რეგიონებში და აწყობენ გადაცემებს. შექმნეს რეალითი შოუც, სადაც მამები შვილებთან ერთად, დედებისა თუ ძიძების დახმარების გარეშე, ერთ დღეს ატარებდნენ.

"პირადად მე, იშვიათად მახსენდება კამპანია საქართველოში, რომელიც ამდენი ხანია, აქტიურია. ეს კამპანია ახლა ფეისბუქ ჯგუფსა თუ გვერდზე მეტია. ის თვითმყოფად ორგანიზმად გადაიქცა და მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურ, საგანმანათლებლო-საინფორმაციო ფუნქციას შეიძენს", — ამბობს მირიანი.

მომავალ წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით თბილისსა და ქუთაისში მამების სკოლების გახსნაც იგეგმება. გარდა ამისა, კამპანია რეგიონებში კიდევ უფრო გაფართოებაზე, მამებისთვის ცნობიერების ამაღლებაზე, განათლების საკითხებზე ზრუნვასა და მამების დეკრეტული შვებულებების წახალისებაზე იქნება ორიენტირებული.

კამპანია "კაცები ზრუნავენ" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომელიც ხორციელდება UNFPA-ს საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციის "Care Together" მიერ, შვედეთის მთავრობის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამების: გაეროს ერთობლივი პროგრამა "გენდერული თანასწორობისთვის" და "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში.

კამპანია 2016 წელს დაიწყო. მისი მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით — საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.