გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი განაგრძობს თანამოაზრეთა წრის გაფართოებას ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკის დასანერგად და ამ გზით, გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობას ქვეყანაში.
6 ივნისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ და კომპანია „ნიუ ვიჟენის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, გიორგი კევლიშვილმა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც ემსახურება ქალების ეკონომიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას და ზოგადად, პასუხისმგებლობიანი მშობლობის ინსტიტუტის ხელშეწყობას.
ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, ნიუ ვიჟენ დაზღვევა მხარს დაუჭერს კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს კაცების, როგორც მზრუნველი და თანასწორი პარტნიორებისა და მამების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში.