თქვენ აქ ხართ

ანუკი მოსიაშვილი ტრენერი და ახალგაზრდა აქტივისტია გენდერული თანასწორობის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებში. ის Y-PEER-ის საერთაშორისო ქსელის საერთაშორისო კოორდინატორია და საერთაშორისო პლატფორმებზე ახერხებს ხმის ამაღლებას ქალებისა და გოგონების უფლებების დასაცავად. თუმცა აქამდე იყო გზა, რომელიც სკოლაში თანასწორობაზე ფიქრით და არაფორმალური განათლებით დაინტერესებით დაიწყო. „თანასწორგანმანათლებლების ტრენინგის გავლისას გავიაზრე, თუ რამდენად ღირებულია სწორი, კომპტენეტური და სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება, თუმცა ასევე გავაანალიზე ამ ინფორმაციის მიღების გზებისა და მეთოდების მნიშვნელობა და რაც მთავარია, დავფიქრდი საკუთარი როლზე, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა და როგორ შემეძლო ხელის შეწყობა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების, ინფორმაციის გავრცელებისა და სტერეოტიპების მსხვრევის პროცესში.“ ამ გზის პოვნაში კი ანუკის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი დაეხმარა.

დღეს მსოფლიოში 10-24 წლის ასაკის 1.8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ეს ისტორიაში  ახალგაზრდების ყველაზე დიდი თაობაა, ყველაზე დიდი ადამიანური კაპიტალი, და ძალა, რომელსაც ახლა, ისე როგორც არასდროს, შეუძლია ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ხელი შეუწყოს სოციალურ პროგრესს და განვითარების სასარგებლოდ შეცვალოს თამაშის წესები. საჭირო უნარებისა და შესაძლებლობების ქონის შემთხვევაში ახალგაზრდები წარმოადგენენ მამოძრავებელ ძალას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

ანუკი თვლის, რომ ამ პროცესში ახალგაზრდებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა განათლებაა. ფორმალური განათლება ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებს ვერ აძლევს ცოდნას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გაცნობიერებულ არჩევანს და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, შესაძლებლობების უკეთ რეალიზებას უზრუნველყოფს.

გამოწვევების დასაძლევად ანუკის ინოვაციური მიდგომები აქვს, გამოცდილებამ, რომელიც 7 წლის განმავლობაში ახალგაზრდებთან მუშაობით დააგროვა, აჩვენა, რომ edutainment - გართობისა და განათლების შერწყმა, ყველაზე ეფექტური საშუალებაა ახალგაზრდებთან საკომუნიკაციოდ. თანასწორგამნანათლებლეთა  ტრენინგები, რომელიც სახალისო, მეგობრულ, დისკრიმინაციისგან თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ტარდება, ცნობიერების ამაღლების გარდა ხშირად ქცევით ცვლილებასაც იწყვევს, და მოკლე დროში აქცევს ახალგაზრდებს ცვლილებების ელჩებად.  

წელს, ნოემბერში, ნაირობის სამიტზე, რომელიც მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციიდან (ICPD) 25 წლის თავზე იმართება, ანუკი იმ ახალგაზრდებს შორის იქნება, რომლებიც კიდევ ერთხელ აიღებენ პასუხისმგებლობას ICPD-ს მიზნების და ვალდებულებების მისაღწევად. მისი განაცხადი მტკიცე და პირდაპირია: „ინოვაცია მესახება საუკეთესო იარაღად იმისთივს, რომ ახალგაზრდებმა განათლება მიიღონ და შეიძინონ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი - ილაპარაკონ ხმამაღლა, რათა ჩვენი ხმა ყველამ გაიგოს.“ 

სოფი ბერია, აქტივისტი
სოფი ბერია, აქტივისტი

სოფი ბერია ახალგაზრდა აქტივისტია და ადამიანის უფლებების განხრით მუშაობს, კონკრეტულად კი მისი ინტერესის სფეროს გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ჩართულობა, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხები წარმოადგენს. სოფის საქმიანობა ახალგაზრდებთან მუშაობას, ტრენინგებს, შეხვედრებს, და კონსულტაციებს მოიცავს, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება. ტრადიციული პლატფორმების გარდა, სოფი ვირტუალურ სივრცესაც წვდება - ის allaboutyou.ge-ს თანაავტორია, პირველი ქართული ვებგვერდის, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი სხეულისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

უსაფრთხო ვირტუალურმა სივრცემ უკვე ათასობით ახალგაზრდას მიაწვდინა ხმა და ცნობიერება აუმაღლა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანსაღი და არაძალადობრივი ურთიერთობები, სექსუალური შევიწროვება, სხეულის ავტონომია, უსაფრთხოება და სხვა. პლატფორმის ინტერაქციული კომპონენტი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ანონიმური კითხვები დასვან. სოფი ცდილობს, უპასუხობს არსებულ გამოწვევას - ინფორმაციულ ვაკუუმს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა  რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სექსუალობა და გენდერი, და ამ გზით, დისკრიმინაციის, სტიგმისა და ძალადობის დაძლევას შეუწყოს ხელი.

„ვთვლი, რომ ყველას უფლებაა მიიღოს საკუთარი სხეულის შესახებ სამედიცინო კუთხით სწორი, არადისკრიმინაციული და ყოვლისმომცველი ინფორმაცია, რაც შემდეგ საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილებები საკუთარი სხეულის შესახებ.“

მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში, სოფის ძირითადი გეგმები და აქტივობებიც  ICPD25-ს უკავშირდება. მისი მიზანია, რომ ICPD სამოქმედო პროგრამის სრული განხორციელების გზებზე მსჯელობაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს, ამისთვის კი ახალგაზრდული ონლაინ კონსულტაციების გამართვას აპირებს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება.

ესმა გუმბერიძე, აქტივისტი
ესმა გუმბერიძე, აქტივისტი, შშმ ქალების საინიციატივო ჯგუფის თანადამფუძნებელი
ფოტო: UNFPA Georgia/დინა ოგანოვა

ახალგაზრდა შშმ აქტივისტი, ესმა გუმბერიძე ქალთა, ბავშვთა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს, წერს სტატიებსა და ბლოგპოსტებს, ატარებს ტრენინგებს და ლექციებს, მიჰყავს რადიოგადაცემა. ესმა მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, თუმცა ახალგაზრდა ქალებისთვის და შშმ პირებისთვის ბარიერების გადალახვა კიდევ უფრო რთულია, იქნება ეს განათლების, დასაქმების თუ საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართულებით. ესმა ამბობს, რომ უსინათლო სტუდენტებს სახელმძღვანელოებზე წვდომაც კი შეზღუდული აქვთ, თუმცა პრობლემა გადაიჭრებოდა, სახელმძღვანელოები გამხმოვანებელ პროგრასთან ადაპტირებად ფორმატში რომ არსებობდეს.

მოზარდებისა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზება, ადამიანის უფლებების დაცვა და ამ ყველაფრის მისაღწევად, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენება - ასე ხედავენ ახალგაზრდები სასურველ მომავალს. დღეს კი, როცა მსოფლიო ნაირობის სამიტისთვის ემზადება, რათა კაიროს მოსახლეობისა და განვითარების კონფერენციის და მისი რევოლუციური სამოქმედო პროგრამის სრული განხორციელების ვალდებულება კიდევ ერთხელ დაადასტუროს, მათი ხმა გადამწყვეტია.