2017 წლის 6 დეკემბერს, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა გენიტალიების დასახიჩრების (FGM) საზიანო პრაქტიკების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის გეგმიური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა და ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა გენიტალიების დასახიჩრების შესახებ ჩატარებული თვისობრივი კვლევის წინასწარი შედეგების წარდგენას მიეძღვნა.
2017 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრთან და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაცია „პრომუნდოსთან“ თანამშრომლობით, ჩაატარეს პირველი თვისობრივი კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა გენიტალიების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკების საკითხზე. კვლევა არკვევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებს, ნორმებს და პრაქტიკებს საქართველოში, ასევე განსაზღვრავს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა გენიტალიების დასახიჩრების სარისკო და დამცავ ფაქტორებს, ძირეულ მიზეზებსა და შედეგებს.
შეხვედრაზე შემუშავდა ქვეყანაში საზიანო პრაქტიკის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის გასათვალისწინებელი კომპლექსური რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციები გახდება კვლევის ანგარიშის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გამოქვეყნდება და ფართოდ გავრცელდება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის.
ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება (FGM) - გენდერული ნიშნით ძალადობის გამოვლინებაა, რომელიც, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების მიხედვით, კლასიფიცირებულია, როგორც „საზიანო პრაქტიკები“. პრაქტიკა ოჯახებისა და თემის მხრიდან ხორციელდება ქალებსა და გოგონებზე, როგორც მიღებული ტრადიციის თუ კულტურის ნაწილი. მას დიდი გავლენა აქვს მსხვერპლზე, იწვევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს და ზღუდავს მის შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მოახდინოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.
ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხმა საქართველოში ყურადღება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიიქცია, სახალხო დამცველის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების შედეგად. არსებული მონაცემების და კვლევების მიხედვით, ნაადრევი ქორწინება საქართველოში იშვიათი არ არის და სხვა ფაქტორებთან ერთად, გენდერულ უთანასწორობას უკავშირდება. უახლესი მონაცემების მიხედვით, 20-24 წლის ასაკის ქართველი ქალების 14% 18 წლამდე ასაკში დაქორწინდა. ადრეული ქორწინების პრაქტიკა და გარემოებები არ არის ჰომოგენური და საკმაოდ განსხვავდება ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა და რეგიონების მიხედვით. კვლევებით დასტურდება, რომ ადრეული ქორწინება განსაკუთრებით ხშირია გარკვეულ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებში, მაგალითად, მაღალმთიანი აჭარის რელიგიურ უმცირესობასა და ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკურ უმცირესობებში.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.