Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) განცხადება ახალი კორონავირუსის (COVID-19) და ორსულობის შესახებ

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) განცხადება ახალი კორონავირუსის (COVID-19) და ორსულობის შესახებ

Statement

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) განცხადება ახალი კორონავირუსის (COVID-19) და ორსულობის შესახებ

calendar_today 06 March 2020

გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი (UNFPA), როგორც გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, ახლოდან ადევნებს თვალს ახალი კორონავირუსის დაავადების (COVID-19) აფეთქებას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოცხადდა და თავის პარტნიორებთან, მთავრობებსა და გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად ამ საკითხის გადაჭრაზე მუშაობს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიზანია, რომ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს რეპროდუქციული ასაკის და ორსულ ქალებს ინფექციასთან დაკავშირებული საყურადღებო საკითხების, პოტენციური რისკების და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიძიონ დროული სამედიცინო დახმარება.
„მაშინ, როცა შიში და გაურკვევლობა ბუნებრივი რეაგირებაა კორონავირუსზე, ჩვენ ფაქტებითა და სოლიდური ინფორმაციით უნდა ვიხელმძღვანელოთ,“ განაცხადა ნატალია კანემმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა. „ჩვენ ერთად უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა, ვებრძოლოთ სტიგმასა და დისკრიმინაციას, ასევე უზრუნველვყოთ, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა საჭირო ინფორმაცია და სერვისები მიიღონ.“
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა  მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ეპიდემიების დროს. უსაფრთხო ორსულობა და მშობიარობა დიდწილად არის დამოკიდებული სათანადოდ ფუნქციონირებად ჯანდაცვის სისტემებსა და ინფექციის მიმართ დადგენილი სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვაზე.
რამდენადაც COVID-19-ის აფეთქება შეიძლება განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყოს ორსული ქალებისთვის, გაეროს მოსახლეობის ფონდს სურს, რომ ინფორმაცია გააზიაროს აღნიშნული ჯგუფის წინაშე არსებულ რისკებთან დაკავშირებით არსებული მცირეოდენი მტკიცებულების ერთობლიობის, ასევე პრევენციული ზომების და რეკომენდებული შესაფერისი მკურნალობის შესახებ.
დღემდე ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ. თუმცა, ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირატორული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს. სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე.
ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. მათ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან ხელები სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ, ასევე, ხორცი და კვერცხები კარგად დაამუშაონ. ყველა რეკომენდებული ღონისძიება ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ვირუსის პრევენცია ან მკურნალობა, მაგრამ არსებობს რეკომენდებული ღონისძიებები სიმპტომებთან დაკავშირებით. თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მათ მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.
მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირატორული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული:
●     სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც), მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე  დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ.
●     თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს - და ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ინფიცირებული პირებისთვის, ოჯახებისთვის, საზოგადოებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, რეაგირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ვირუსით დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ქალების და გოგონების გვერდით დგას, რომელთა დაცვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს ცენტრალური მნიშვნელობის ადგილი უნდა ეჭიროს რეაგირებაზე მიმართული ძალისხმევების განხორციელებისას. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ ჩვენს პერსონალთან ერთად, რათა გადავხედოთ შიდა მზადყოფნის მდგომარეობას, ასევე ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, მთავრობებსა და საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ვემსახურებით ეპიდემიის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით.