Go Back Go Back
Go Back Go Back

არა ბავშვის ასაკში ქორწინებას

არა ბავშვის ასაკში ქორწინებას

News

არა ბავშვის ასაკში ქორწინებას

calendar_today 08 December 2023

A young woman standing in the middle of a yard
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

“მე 14 წლის ასაკში გავხდი ნაადრევი და იძულებითი ქორწინების მსხვერპლი, რასაც ქართული ენის მასწავლებლის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით დავაღწიე თავი. როცა ოჯახის წევრები და ნათესავები შენს ინტერესებს არ ითვალისწინებენ და ფაქტის წინაშე გაყენებენ, ასეთ დროს ერთი ადამიანი მაინც უნდა გეგულებოდეს, ვისაც დახმარებას სთხოვ,” ამბობს სტუდენტი და აქტივისტი ჩინარა კოჯაევა და პატარა გოგოებს ამხნევებს, ხმა აიმაღლონ და გადადგან ნაბიჯი საკუთარი კეთილდღეობისთვის, რადგან “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”.

A young woman standing half turned, smiling
ჩინარა კოჯაევა. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, მსოფლიოში ყოველწლიურად მიმდინარეობს 16 დღიანი კამპანია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ, რომლის დროსაც საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან ადამიანები, რომელთაც სჯერათ თანასწორობის და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ქალებისა და გოგოებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი ღირსეულად და ძალადობისგან დაცულად შეძლებენ ცხოვრებას და მიზნების მიღწევას.

2023 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ბავშვის ასაკში ქორწინებაზე, როგორც საზიანო პრაქტიკაზე და ძალადობის ფორმაზე, რომელიც გოგოებს ბავშვობას ართმევს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათი პოტენციალის რეალიზებას, არამედ მათ ჯანმრთელობას და რიგ შემთხვევაში, სიცოცხლესაც. 

„მეგობარი მყავდა, რომელსაც ძალიან უნდოდა სასწავლებლად თბილისში წასვლა, მაგრამ მე-10 კლასში მშობლებმა იძულებით გაათხოვეს. ჩემი სოფელია, ჩემი ხალხია, მაგრამ ეს ადათ-წესები არ მიყვარს. ჩვენი მშობლები ფიქრობენ, რომ ბედნიერება ოჯახის შექმნა, შვილების გაჩენა, სახლის ქონაა და ადრეულ ასაკში გვათხოვებენ. რა თქმა უნდა, ეს ცუდია. ჩვენი სოფლიდან ცოტა გოგოა ჩემსავით თბილისში სასწავლებლად წასული. ან თუ მიდიან, პირველი და მეორე კურსიდან აბრუნებენ და ათხოვებენ ისე, რომ ოჯახის გამო ვეღარ ასრულებენ ხოლმე სწავლას,“ ამბობს სტუდენტი ლეილა რუსტამოვა. 

A young woman standing at a green gate
ლეილა რუსტამოვა. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ადრეული, ანუ ბავშვის ასაკში ქორწინება ორი ადამიანის კავშირია, სადაც, ერთი მათგანი მაინც 18 წელს არის მიუღწეველი. იმის გამო, რომ 18 წლამდე პირი ჯერ კიდევ ბავშვია, იგულისხმება, რომ მას გააზრებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. 

UNFPA აქტიურად მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებთან და  სამოქალაქო სექტორთან ბავშვის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის გენდერის ანალიტიკოსის, მარიამ ბანძელაძის თქმით, “განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთის მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ხოლო, მეორეს მხრივ, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენასა და მათ დროულ გადამისამართებაზე.” 

“ბოლო დროის ტრაგიკულმა მოვლენებმა წარმოაჩინა ნიშნობის პრაქტიკის საკანონმდებლო რეგულირების საჭიროება. ასევე, სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი ცხადყოფს რომ დაცვის მიღმა გვრჩება 16-18 წლის გოგოები, თუკი საქმეში არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია საპროცესო გარიგების გამოყენების პრაქტიკაც, რაც, ხშირ შემთხვევაში, ოჯახებისთვის „თავის დაღწევის“ საშუალებაა,” ამბობს ის.

რატომ აქორწინებენ გოგოებს ბავშვობის ასაკში?

ბავშვის ასაკში ქორწინება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმად რჩება საქართველოში. აღნიშნული პრაქტიკა გენდერულ უთანასწორობასა და სოციალურ პირობებთანაა დაკავშირებული. საერთო ჯამში, დაქორწინებული ბიჭების რაოდენობა მთელ მსოფლიოში გაცილებით დაბალია, ვიდრე გოგოებისა, ისევე, როგორც საქართველოში. 

“ბავშვობაში დაოჯახებული გოგოები გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის, ორსულობის და მშობიარობის თანმხლები გართულებების მიმართ. როგორც წესი, მათ აღარ ეძლევათ სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება და უწევთ, რომ სრულიად დაუფასებელ და უხილავ ოჯახურ შრომაში ჩაერთონ: დარეცხონ ტანსაცმელი და ჭურჭელი, მოამზადონ საჭმელი, დაალაგონ სახლი, მოუარონ ახალშობილს,“ ამბობს სტუდენტი გურამ (გუგა) მალიაძე.

A young boy wearing a jacket and a sweater is standing in the mid of a yard
გურამ (გუგა) მალიაძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

„საბოლოო ჯამში, ბავშვთა ქორწინება ყველაზე ცუდ შემთხვევაში ფემიციდით, საუკეთესო შემთხვევაში კი დაშორებით/განქორწინებით სრულდება. ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებაში სიტუაცია იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ ბავშვობაში ქორწინების მსხვერპლებს და ჩაგვრის განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანებს ღიად შეეძლოთ თავიანთ ისტორიებზე საუბარი, რაც, ერთის მხრივ, სტერეოტიპებით მოწამლულ საზოგადოებას რაღაცების განსხვავებულად გადააზრებაში, ხოლო თავად მსხვერპლებს პოსტ-ტრავმული გამოცდილების შესუსტებაში დაეხმარება,” დასძენს ის.

ბავშვის ასაკში ქორწინების პრევენციის ჯაჭვში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სკოლას. 

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მანდატური, ნესტან თავართქილაძე, 14 წელია სკოლაში მუშაობს. ნესტანი თვლის, რომ მისი “ვალი და მოვალეობაა, ბავშვებს უსაფრთხო გარემო შეუქმნას, რათა ისინი დაცულები იყვნენ სკოლის ჯანსაღ გარემოში.”

“ყველა ბავშვთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. საბედნიეროდ, ჩვენს სკოლაში [ბავშვობის ასაკში ქორწინების] შემთხვევა არ მომხდარა. თუ რაიმე მსგავსი შემთხვევა ექნებათ, აუცილებლად საქმის კურსში ჩავაყენებთ მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას, სოციალურ მუშაკს და მოვახდენთ პრევენციას,“ ამბობს ის. 

A mid-age woman wearing a black a jacket and a white suit with a ribbon
ნესტან თავართქილაძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ბავშვთა ინტეგრირებული ცენტრის ფსიქოლოგი, ანუკა ხაფავა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იცოდნენ, რომ მათი გვესმის და მარტო არ არიან. 

“ჩვენთან მოსულ ბავშვს, ხშირად აქვს ტრავმული გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელს უშლით. სწორედ აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ ბავშვებს, მივცეთ შესაძლებლობა დაიცალონ უარყოფითი ენერგიისგან. ვცდილობთ, არასრულწლოვნებმა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების აღქმა, თვითრწმენის გაძლიერება, საკუთარი ძალების აღმოჩენა, დასახული მიზნებისკენ სწრაფვა. უნდა იცოდნენ, ცუდი გამოცდილება, მხოლოდ არასასურველი მოგონებაა და მისი მართვა შესაძლებელია.”

ვის მივმართოთ ბავშვის ასაკში ქორწინების პრევენციისთვის?

2022 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განახლდა და, 5 ენაზე ითარგმნა „112“-ის მობილური აპლიკაცია, რომელშიც ინტეგრირდა ინფორმაცია ადრეული/ბავშვის ასაკში ქორწინების შესახებ. 

“112-ის ოპერატორები 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებენ ზარებს და გადასცემენ შესაბამის საგანგებო სამსახურებს. თქვენ მიერ განხორციელებული  ერთი ზარიც კი შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს,” ამბობს 112-ის ოპერატორი თამარ როსტომაშვილი, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს დარეკონ 112-ზე ნებისმიერ დროს, “როცა საქმე ეხება ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების ფაქტებს.”

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსის, მარინე კვაჭაძის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილება 2017 წლიდან სისტემატიურად ატარებს კვლევებს ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერულ თანასწორობის  საკითხებზე.

2023 წელს მომზადებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ - „სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ადევნების და ქორწინების იძულების დანაშაულებზე (2018-2022)”, რომელიც განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, ცხადყო, რომ არასრუწლოვან გოგოებთან იძულებითი ქორწინება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 

“სასამართლო არაერთ განაჩენში მიუთითებს ქორწინების იძულების შედეგად მსხვერპლის დარღვეულ, შეზღუდულ ან შელახულ უფლებებზე და განსაკუთრებით კი აქცენტს აკეთებს არასრულწლოვნის მოწყვლადობაზე და მასზე ზემოქმედების მოხდენის მომეტებულ საფრთხეებზე, რაც არამარტო განაჩენის დასაბუთებულობის თვალსაზრისით, არამედ დანაშაულის პრევენციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია,” ამბობს კვაჭაძე და დასძენს, რომ “ყველას უნდა ახსოვდეს, იძულებით ქორწინების მხარდაჭერა სხვა არაფერია, თუ არა ბავშვზე ძალადობის მხარდაჭერა.”

A mid-age woman standing in the middle of a hall
მარინე კვაჭაძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მისივე თქმით, ცალკეულ შემთხვევებში, სასამართლოები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში სიღრმისეულად მსჯელობენ ქორწინების იძულების დანაშაულზე და მის მავნე ზეგავლენაზე. ზოგიერთ განაჩენში პირდაპირაა მითითებული, რომ ,,ქორწინების იძულება პირს ამ პროცესის არა სუბიექტად, არამედ ობიექტად აქცევს და იგი განიხილება, როგორც „ნივთი“, რომლის „განკარგვა“ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი.”

“ადრეულ ასაკში ქორწინება გოგოებს ბავშვობის წართმევასთან  ერთად საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მოზარდი შეუძლებელია მზად იყოს ოჯახის შექმნისთვის როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და სოციალურად: მოზარდის სხეული მზად არ არის შვილოსნობისთვის;  ასაკის გამო მას არ შეუძლია სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობის აღება, თუ გადაწყვეტილების მიღება, რასაც ოჯახური ცხოვრება ხშირად მოითხოვს; შეწყვეტილი განათლების გამო მას არ უსწავლია და გაცნობიერებული არ აქვს საკუთარი უფლებები, ეს კი ჩაგვრის ობიექტად სულ ადვილად აქცევს,” ამბობს მწერალი და მასწავლებელი, ნატო დავითაშვილი.

“სულ მინდა, ვუთხრა გოგოებს, რომლებსაც ზრდასრული ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევიათ: ახლა იმაზე დიდ შეცდომას ვერ დაუშვებთ, რაც განათლების მიღების უფლებაზე უარის თქმაა. დიახ, შეიძლება არ იცით, „განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით თქვენ გაქვთ ზოგადი განათლების მიღების უფლება. ადრეული ქორწინება უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ უფლებას გართმევთ. არადა, მხოლოდ განათლება მოგცემთ საშუალებას, რომ განვითარდეთ პიროვნულად, შეიძინოთ ის უნარ-ჩვევები, რომელთა გარეშე კერძო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწევთ. განათლების გარეშე სამყაროს ცქერა კი იმ კარის ჭუჭრუტანიდან ყურებას ჰგავს, რომელიც საკუთარი თუ სხვათა სურვილით ადრეული ქორწინებისას უმეტეს შემთხვევშო სამუდამოდ დაგეკეტებათ.”

A woman with red hair and glasses standing outdoors
ნატო დავითაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA