თქვენ აქ ხართ

9 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ოჯახში ძალადობის, ადრეული/ბავშვის ასაკში ქორწინებისა და ქალებისა და გოგოების მიმართ სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის გზებზე საქართველოში. 

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა და საზიანო პრაქტიკები დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა. რელიგიურ გაერთიანებებს კი უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლიათ იმ ძალისხმევაში, რასაც სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ატარებს საზიანო პრაქტიკების აღმოსაფხვრელად.


ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს მოსახლეობის (UNFPA) ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ევია კოტანმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „კავშირი „21-ე საუკუნე“ გამგეობის თავჯდომარე პაატა გაჩეჩილაძემ.

დამსწრე რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) უფროსმა მაკა ფერაძემ და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ალადაშვილმა. 


ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მხრიდან გამოიხატა სურვილი და მზაობა არსებული გამოწვევების დასაძლევად თანამშრომლობის შესახებ. 

შეხვედრა წარმოადგენს გაგრძელებას იმ ინიციატივისა, რომელიც 2016 წლიდან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა  წამოიწყო რელიგიათაშორის საბჭოსთან და ორგანიზაცია „21-ე საუკუნესთან” თანამშრომლობით.


ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

შეხვედრა გაიმართა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ. 

პროგრამა აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს; საქართველოში სამიზნე რეგიონებად შერჩეულია იმერეთი და გურია. რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები  საქართველოს მართლმადიდებელი, რომის კათოლიკე ეკლესიის, ებრაული და მუსლიმი თემის რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით.