“2017 წლამდე ვმუშაობდი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუშაობის შეწყვეტა რომ მომიწია, ძალიან გამიჭირდა სახლში დაჯდომა, უხალხობა და 60+ კლუბმა გამოასწორა ყველაფერი - აქ თანატოლებთან ურთიერთობა გვაქვს, საერთო ენას ვპოულობთ” - ამბობს ვისელი სხილაძე, პედაგოგი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალური “60+ კლუბის” წევრი.
2021 წელს, საქართველოში პირველი მუნიციპალური სერვისი “60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” სწორედ რუსთავში გაიხსნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით. დღეს 60+ კლუბები ქუთაისში და თბილისშიცაა და ხანდაზმულების დიდი ინტერესით სარგებლობს.
რუსთავის 60+ კლუბში ვისელი მეზობელმა, ვალენტინა მატვიენკომ გააწევრიანა და დღემდე ერთად არიან ჩართულები კლუბის ცხოვრებაში: სწავლობენ ინგლისურს, დადიან თეატრში, ესწრებიან ლიტერატურულ შეხვედრებს, ერთმანეთს უცვლიან გამოცდილებას და მზად არიან ახალი, საინტერესო გამოწვევებისთვის.
“77 წლის ვარ - თითქმის რუსთავის ტოლი. შემთხვევით მოვხვდი ამ კლუბში და ძალიან კმაყოფილი ვარ. მერე ჩემს მეზობელსაც ვუთხარი და ისიც მოვიყვანე. ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბევრ რამეს ვაკეთებთ ერთად - თავისუფლად ვართ” - ამბობს ვალენტინა.
ამ კლუბის მიზანიც სწორედ ისაა, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანების ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდეს, პენსიაში გასვლის შემდეგ, მათ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა შეინარჩუნონ და საზოგადოების აქტიურ წევრებად დარჩნენ.
14 აპრილს, რუსთავის 60+ კლუბში, ვისელიმ და ვალენტინამ, სხვა წევრებთან ერთად, ადგილობრივ ახალგაზრდებთან თაობათაშორისი დიალოგი გამართეს ოჯახში როლების გადანაწილებასთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ შეხედულებებთან დაკავშირებით.
ეს ის ახალგაზრდები არიან, ვინც UNFPA-ის საქართველოს ოფისისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ 5-დღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგების სერია UNFPA-ის ინიციატივის “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” ნაწილია, რომელიც 2020 წლიდან ტარდება სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდების გასაძლიერებლად.
“ყველა უნდა ვიყოთ თანასწორები” - რუსთაველი ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის ერთიანდებიან
როდესაც ტრენინგის მონაწილეებმა შეიტყვეს, რომ მათ ქალაქში 60+ კლუბი არსებობდა, მათთან შეხვედრა და თანასწორობის შესახებ დისკუსია შესთავაზეს. ხანდაზმულებიც დასთანხმდნენ და ასე შედგა ხიდი რუსთავის ორ თაობას შორის UNFPA-ის მხარდაჭერით.
კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში, ოჯახური ვალდებულებები კვლავ ქალის პასუხისმგებლობად აღიქმება. ყოველ მეორე ადამიანს სჯერა, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო აუნაზღაურებელი შრომა კვლავ ქალების მხრებზეა. რუსთაველ ახალგაზრდებს სურთ, შეცვალონ ეს დამოკიდებულება, რადგან სჯერათ, რომ მხოლოდ თანასწორი მშობლობაა ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობების საწინდარი.
“ყოველთვის ახალგაზრდებთან უფრო ვმეგობრობდი, ყოველთვის მაინტერესებდა მათი აზრი. მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათი გამოცდილების გაზიარება, ბევრ რამესაც ვსწავლობთ [ერთმანეთისგან]” - ამბობს ვისელი სხილაძე და დასძენს: “ძალიან მომწონს, რომ ისინი აორგანიზებენ მსგავს შეხვედრებს, თემაც საკმაოდ საინტერესო იყო, პრობლემატური საკითხია ოჯახში ფუნქციების გადანაწილება”.
როგორც ვისელი აღნიშნავს, ისურვებდა, როლები ყველა ოჯახში თანაბრად იყოს გადანაწილებული, მაგრამ მისი დაკვირვებით, ასე არ არის:
“საქართველოში პატრიარქატი ჭარბობს. გვინდა არ გვინდა, კაცის ფუნქცია უფრო გამოკვეთილია ქართულ ოჯახში, არადა თანაბრობა სჯობს” - ამბობს ის და ახალგარზდებს ურთიერთგაგებაზე დამყარებულ, ჰარმონიულ ოჯახებს უსურვებს.
ვისელის მსგავსად, ვალენტინასაც სჯერა, რომ როლები ოჯახში თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის, რადგან “უფრო მეტი ოჯახის საქმე ქალებზეა.”
ხანდაზმულებთან შეხვედრით კმაყოფილია 16 წლის ელენე თოფურიაც - შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატივის “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” მონაწილე, რადგან ხანდაზმულებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში ოჯახური როლების გადანაწილების შესახებ, თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს ახალგაზრდებს და მათი მოსაზრებებიც მოისმინეს.
გაეროს უახლესი კვლევის “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში” მიხედვით, 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში კაცების უმრავლესობა და ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ბოლო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო “კარგი ცოლი” ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არ დააყენებს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდები მეტად უჭერენ მხარს გენდერულ თანასწორობას, როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ელენეს დაკვირვებითაც, უფროსებს მეტად სჯერათ იმის, რომ ქალის ადგილი სახლშია, მაგრამ ამას თავად არ ეთანხმება.
“ჩემი აზრით, ყველა უნდა იყოს თავისუფალი და ინდივიდუალური და როგორც უნდა, ისე იცხოვროს” - ამბობს ელენე.