Go Back Go Back
Go Back Go Back

“ყველა უნდა ვიყოთ თანასწორები” - რუსთაველი ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის ერთიანდებიან

“ყველა უნდა ვიყოთ თანასწორები” - რუსთაველი ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის ერთიანდებიან

Story

“ყველა უნდა ვიყოთ თანასწორები” - რუსთაველი ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის ერთიანდებიან

calendar_today 14 March 2025

13 girls and 1 boy gathered outdoors in nature ready for the photoshoot
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

“ვფიქრობ, საკმარისად არ არის დამკვიდრებული ჩვენს საზოგადოებაში ის, რომ ქალი და კაცი თანასწორები არიან და არსებობს ისევ ძველი შეხედულება, თითქოს კაცი ქალზე მაღლა დგას ან პირიქით. მინდა, ამ ყველაფრის [შეცვლაში] ჩემი წვლილი შევიტანო და ხელი შევუწყო იმ აზრის განვითარებას, რომ ყველანი თანასწორები ვართ” - ამბობს 16 წლის მიშო დვალიშვილი, ქალაქ რუსთავიდან. 

მიშომ, თანატოლებთან ერთად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის პარტნიორობით ორგანიზებულ 5-დღიან ტრენინგში “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” მიიღო მონაწილეობა. ამ ინიციატივას UNFPA 2020 წლიდან ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ევროკავშირის მხარდაჭერით. 

A boy wearing a white suit is standing at a wall outdoors
მიშო დვალიშილი. ფოტო: გელა ბედიანaშვილი/UNFPA

“მინდა ხალხმა გაიაზროს, რომ არავის აქვს უფლება, ვინმეს რაიმე გაუკონტროლოს [სქესის ნიშნით], რადგან ყველა არის თავისუფალი ჩვენს საზოგადოებაში… ყველა უნდა ვიყოთ თანასწორები” - ამბობს მიშო და დასძენს, რომ სურს, თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში გავრცელებული დისკრიმინაციული ნორმების მიმართ და თანამოქალაქეებში კრიტიკული აზროვნება განავითაროს. 

2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 18.5%-ს 15-29 წლის ახალგაზრდები შეადგენენ. გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რომელთაც საკუთარ თემებში ცვლილებების მოხდენა, ფართოდ ფესვგადგმულ სტერეოტიპებთან ბრძოლა და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა სურთ. ამ მიზანს ემსახურება ინიციატივა “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის”.

A girl wearing purple shirt is standing at a wall
თამარ ბოლქვაძე. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

“მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ განასხვავებენ გოგოს და ბიჭს. მაგალითად, გოგოს ეუბნებიან, რომ ე.წ. “გოგური” პროფესია აირჩიოს, ბიჭს კი - ე.წ. “ბიჭური”. სკოლაშიც, უმეტესწილად გოგოსგან მოითხოვენ, იყოს მოწესრიგებული და მშვიდი, და ბიჭისგან - თამამი  და ლიდერული. [ეს რომ შეიცვალოს] საჭიროა ცნობიერების ამაღლება, განათლების მიცემა და გააზრება, რომ ეს ასე არ არის და ასე არ უნდა იყოს” - ამბობს 15 წლის თამარ ბოლქვაძე და მიიჩნევს, რომ ცვლილებების მოსახდენად, ყველა თაობასთან საუბარი მნიშვნელოვანია.

ამ აზრს 16 წლის მარიამ ქრისტესიაშვილიც ეთანხმება. მისი თქმით, ბევრი საკითხია, რასაც მასზე უფროსი ადამიანები ვერ უღრმავდებიან და უჭირთ, აღიქვან, რომ მათზე უმცროს თაობებს, შესაძლოა, განსხვავებული აზრი ჰქონდეთ. 

“ტრენინგში მონაწილეობით, მსურს, ცნობიერება ავიმაღლო გენდერულ თანასწორობასა და [ამ თემის] ადვოკატირებაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი მეგობრების შეძენა, საკუთარი თავის განვითარება და თავდაჯერების ამაღლება” - ამბობს ის.  

A curly girl is sitting on the stairs
მარიამ ქრისტესიაშვილი. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

UNFPA-ის ინიციატივა სწორედ ისეთ ახალგაზრდებს აერთიანებს, ვისაც სჯერა თანასოწორობის, იბრძვის მავნე სოციალური ნორმების წინააღმდეგ და არ უშინდება წინააღმდეგობებს ცვლილებებისკენ მიმავალ გზაზე. UNFPA-ს და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მხარდაჭერით, ახალგაზრდები იღრმავებენ ცოდნას, იუმჯობესებენ უნარ-ჩვევებს, ერთმანეთს უზიარებენ იდეებს და თავად ხდებიან ცვლილებების ინიციატორები საკუთარ თემში.

A girl wearing yellow shirt and glasses is standing outdooors
ანა მარგალიტაძე. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

15 წლის ანა მარგალიტაძეს სჯერა, რომ ხალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია სტერეოტიპებთან გასამკლავებლად და თანატოლებს მოუწოდებს, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის და თუ დისკრიმინაციის ან რაიმე სახის ძალადობის შემსწრეები გახდებიან, იცოდნენ, რომ მათ გვერდით ის ხალხია, ვისაც მათი ამბავი აინტერსებთ. 

A girl in purple dress is standing on the stairs
თეკლა თვალიაშვილი. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

16 წლის თეკლა თვალიაშვილიც მიიჩნევს, რომ ახალგარზდების ჩართულობით უკეთესობისკენ ცვლილება შესაძლებელია:

“ჩემს თანატოლებს ვეტყოდი რომ არ შეეშინდეთ ხმის ამაღლების. ჩვენ გვინდა, უკეთესი საქართველო დავუტოვოთ შემდეგ თაობებს.”

გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მუშაობს მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, რათა  შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ყველა ახალგაზრდის პოტენციალი სრულად რეალიზებულია, რისი მიღწევაც უშუალოდ მათი  ჩართულობითა და გაძლიერებით არის შესაძლებელი. 

A young woman with curly hair and white shirt is standing at a wall smiling
ლიამან მემედოვა. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

პროფესიით ფსიქოლოგი ლიამან მემედოვა, ტრენინგის ერთ-ერთი ფასილიტატორი, აღნიშნავს რომ ინიციატივის “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” მიზანია, ახალგაზრდები გახდნენ იმ იდეის თანაავტორები, რასაც გენდერული თანასწორობა ემსახურება. 

“სამწუხაროდ დღესაც კი ძალიან ბევრ ადამიანს არასწორად ესმის გენდერული თანასწორობის არსი. ზოგს ჰგონია რომ ეს გულისხმობს მხოლოდ ქალების გაძლიერებას, კაცების დაჩაგვრას, და ა.შ. რეალურად, ძალიან მარტივი პრინციპი აქვს გენდერულ თანასწორობას - ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა… გენდერული თანასწორობის მთლიანი არსი არის ის, რომ ვიყოთ თანასწორები… შევძლოთ ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის მიღება და, რაც მთავარია, შევქმნათ გარემო, სადაც არავინ იჩაგრება” - ამბობს ის.

ლიამანს სჯერა, რომ “ყველაზე მთავარი, რაც მოზარდებს და ახალგაზრდებს აქვთ და რაც ჩვენ, დიდებმა უნდა ვისწავლოთ მათგან, არის ცნობისმოყვარეობა:

“მე მგონია, რომ როცა ადამიანი არის ცნობისმოყვარე, სვამს კითხვებს, არის ინფორმირებული და ღია, ავტომატურად ხდება აქტიური მოქალაქე და ცდილობს შეცვალოს ის თემი და ის გარემო, რაც  შეიძლება ბევრად უკეთესი გახდეს მისი ჩართულობით”.

ინიციტივა "ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის" ნაწილია პროგრამისა “გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ.