Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

სიცოცხლე გრძელდება - 90 წლის ლუიზა მგელაძე ბათუმიდან

სიცოცხლე გრძელდება - 90 წლის ლუიზა მგელაძე ბათუმიდან

Story

სიცოცხლე გრძელდება - 90 წლის ლუიზა მგელაძე ბათუმიდან

calendar_today 30 September 2024

A close up to the face of an elder woman with blue eyes and gray hair
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

90 წლის ლუიზა მგელაძე ბათუმში ცხოვრობს. ის საზოგადოებამ წიგნების კითხვის სიყვარულით გაიცნო. გთავაზობთ ფოტოისტორიას, სადაც ის თავისი ცხოვრების შესახებ საუბრობს. 

"დავიბადე ფოთში. ფოთი არის ჩემი მშობლიური ქალაქი, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლები, ძირითადად, ყველა იყო თავმოყრილი თბილისში. იქ შევხვდით ერთმანეთს მე და ჩემი მეუღლე და სტუდენტები რომ ვიყავით, შევქმენით ოჯახი. სტუდენტობის დროს გათხოვებას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ ძალიან დიდი ინიციატივა გამოიჩინა. ერთი წუთით [არ მინანია] და ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში. 

ნაბოლარა ვიყავი და 10-15 წლით უფროსი და-ძმები ზრუნავდნენ ჩემზე. ჩემი მშობლები ასაკოვნები იყვნენ და არ უნდოდათ ჩემი შორს გაშვება. ამიტომ აიღო ჩემმა დამ თავის თავზე პასუხისმგებლობა. სტუდენტობისას, თბილისში რომ წამოვედი, ჩემს დასთან და სიძესთან ვცხოვრობდი. ჩემი უფროსი ძმა ჟურნალისტი იყო და ისიც თბილისში ცხოვრობდა. 

An elder women wearing black is looking into an album

An old album

ჩემი ვაჟი თერაპევტი იყო. მოსკოვში მუშაობდა იმ პერიოდში, როდესაც ჩერნობილის ამბები ხდებოდა. არ ვიცი, გაგზავნილი იყო, თუ იმიტომ, რომ ექიმი იყო, დასხივება მიიღო. მე აქ დავანებე თავი მუშაობას და სამი წელი მის გვერდით გავატარე, როდესაც მკურნალობდნენ, არ მოვცილებულვარ. თითქოს, იყო გამოჯანმრთელების იმედი, მაგრამ არაფერი გამოვიდა და 1995 წელს, 37 წლის ვაჟი დავკარგე. დამრჩა ორი შვილიშვილი: 12 წლის და 8 წლის. 

ჩემი ქალიშვილი მათი მეორე დედაა. თავადაც ორი ბიჭი ჰყავს და სულ იცის თქმა, რომ ორი კი არა ოთხი ვაჟი მყავსო. მთელმა სიმძიმემ მასსა და მის მეუღლეზე გადაიარა იმიტომ, რომ ყოველ გაზაფხულზე ჩამოგვყავდა ბავშვები, მთელი სამი თვით და ისეთი სიყვარული ჩავდეთ მათში, რომ სიგიჟემდე უყვართ [ერთმანეთი]. 

An elder woman in black is looking into something. There is another woman behind her, standing

ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩემს თავს მოხდა, ჩემი სატარებელია. ამაში დამნაშავე ხომ არავინაა? ყველას თავისი გზა აქვს ცხოვრებაში გასავლელი, ამიტომ, თუკი ბედმა ეს გარგუნა, უნდა ზიდო სიცოცხლის ბოლომდე. ალბათ, ეს ცხოვრება და სიცოცხლე ამდენი ხნით იმიტომ მარგუნა ღმერთმა, რომ შვილიშვილები გზაზე დამეყენებინა და გვერდში ვდგომოდი ჩემს ქალიშვილს - ნინოს. 

ბავშვებს თავიანთი ცხოვრება აქვთ, თავიანთი სიხარული და მისწრაფებები აქვთ. თუ შენ ყოველთვის მათი მოსვლისას ცრემლმდინარე და სახემოღუშული იქნები, როგორ მოვა შენთან, როგორ გეტყვის „ბებო, მიყვარხარო“. ამას ყოველ მოსვლაზე მეუბნებიან. როგორ შეიძლება, რომ იმათ ცხოვრება გაუფერმკრთალო?

Two women wearing black are sitting together holding with hands

Close up to hands of two women

მიუხედავად ყველაფრისა, სოცოცხლე ხომ გრძელდება?! ნინოს ვაჟი, ეს ამბავი რომ მოხდა, ხუთი წლის იყო. ამ ხუთი წლის ბავშვმა მე ისეთი თანადგომა გამიწია. აქ აღარ შემეძლო ყოფნა, სივრცე მინდოდა, რომ ცოტა სული მომეთქვა. ეს ხუთი წლის ბავშვი, ჩემი ნოდარიკო, გამომყვა სოფელში, დატოვა დედამისი და გვერდში მყავდა, სკოლისთვისაც მე და ჩემმა მეუღლემ მოვამზადეთ. 

ცხრა თვის განმავლობაში გვერდიდან არ მომცილებია და აი, ის იყო ჩემი სიცოცხლისკენ მობრუნება იმიტომ, რომ ზუსტად ეს ამბები რომ მოხდა, ჩემს ნოდარიკოს ხუთი წელი უსრულდებოდა. [ვფიქრობდი, როგორ] შეიძლება ამ ბავშვს, რომელიც სიცოცხლეში ახლა დგამდა ნაბიჯებს, არ აგრძნობინო, რომ მისი დაბადების დღეა, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი რამ ხდებოდა ჩემს გულსა და სხეულში. მეზობლები გაგიჟებულები იყვნენ - აივანზე დავუდგი პატარა მაგიდა სკამებით, დავუპატიჟე მეგობრები და დაბადების დღე იქ გადავუხადე. 

A close up of an elder woman wearing black

A close up of hands of elder women

რაც მეუღლე გარდამეცვალა, ვცხოვრობ მარტო. ჩემი კუთხე მირჩევნია სიცოცხლის ბოლომდე. ყოველ დილით, ავდგები თუ არა, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მშვიდობიანი იყო ეს ღამე და რომ ეს დილა გამითენდა, ეს დღეც მშვიდობიანი, სიკეთის მომტანი, ჯანმრთელობის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს ყველა ფეხის ნაბიჯზე, ყველა ადამიანისთვის. ამის შემდეგ აუცილებლად მასაჟებს ვიკეთებ, რომ [საწოლს] არ მივეჯაჭვო. მერე რომ ვდგები, ვსვამ წყალს. სხვანაირად არ შემიძლია - არც ყავა, არც ჩაი, მხოლოდ წყალი. იმ წყლის შემდეგ, სხვადასხვა ბურღულეულით ვსაუზმობ. შაქარი ჩემთვის არ არსებობს.

[მინდა, ვუსურვო] ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ყველა ოჯახს, ჩემი შვილების და შვილიშვილების ოჯახებს. ღმერთს ვეხვეწები, რომ ადამიანების  გულებში მხოლოდ სიყვარული და ურთიერთგაგება დაბადოს, უკუაგდოს ბოროტება და სიძულვილი." 

An elder woman wearing black is sitting on a chair

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის „მარტოობა ხანდაზმულებში“ მიხედვით, საქართველოში მცხოვრები თითქმის ყოველი მეოთხე ხანდაზმული თავს ემოციურად და/ან სოციალურად მარტოსულად გრძნობს. 

სწორედ ხანდაზმულებში მარტოობის შეგრძნების შემცირებას, მათი ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას ემსახურება „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომელსაც წლებია UNFPA, პარტნიორებთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში ახორციელებს.