Go Back Go Back
Go Back Go Back

სიბერე ახალი ეტაპია

სიბერე ახალი ეტაპია

News

სიბერე ახალი ეტაპია

calendar_today 02 October 2017

ფინელი მწერალი ტუვე იანსონი ფლორიდის შტატის  ქალაქ სანქტ-პეტერბურგში  1970-იან წლებში ჩავიდა.  ქუჩაში სეირნობისას მისი ყურადღება სიმწვანეში ჩაფლულმა კომფორტულმა სახლებმა მიიპყრო. მწერალმა იფიქრა, რომ ეს ქალაქი სიბერისა და დასვენებისთვის იდეალური ადგილი იყო. მოგვიანებით იანსონმა დაწერა წიგნი იმაზე, თუ როგორ დგება სიბერე და წიგნს “მზის ქალაქი” დაარქვა.

დღეს, სილამაზის ინდუსტრიის ეპოქაში, ხშირად ლაპარაკობენ ახალგაზრდობის გახანგრძლივებაზე, სიბერე კი ბევრისთვის დაუძლურებასთან, ფიზიკურ ტკვილთან, ავადმყოფობასა და სიმარტოვესთან ასოცირდება. თუმცა, ზოგისთვის ეს ნეგატიური სტერეოტიპია, რომელიც უფროსი ასაკის ადამიანებს ახალგაზრდების სივრცისგან ხელოვნურად მიჯნავს.

გერონტოლოგიის სფეროში უამრავი კვლევა ასაბუთებს, რომ სიბერესთან დაკავშირებით ნეგატიური წინასწარგანწყობები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და აჩქარებს ფიზიოლოგიური დაბერების პროცესს.

მეორე მხრივ, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სიბერისგან გაქცევა და შინაგან თუ გარეგან ცვლილებებზე თვალის დახუჭვაც მავნებელია.

www.changingaging.org-ის დამფუძნებელი, ექიმი და ნოვატორი ბილ თომასი ოც წელზე მეტია, ცდილობს შეცვალოს სიბერის პარადიგმა და უფროსი ასაკის ადამიანების ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს.

თომასი ამბობს, რომ ენაში დამკვიდრებული პოპულარული კლიშეები –  „ასაკი არ გეტყობა“, „22 წლისას ჰგავხარ“, სულაც არ უნდა აღვიქვათ, როგორც კომპლიმენტი. ეს ფრაზები ასაკისა და სიბერისადმი ჩვენს კულტურაში დამკვიდრებულ განწყობებს და შიშს გამოხატავს.

თომასმა შექმნა პროექტი, “The Age of Disruption („დაბნეულობის ასაკი“ ), ს ს ქალაქში და დგამს 80-წუთიან პერფორმანსებს ნეირომეცნიერების მიგნებების მარტივ ენაზე გადმოსაცემად. იმის აღსაწერად, თუ როგორ იცვლება ადამიანის ტვინის ფუნქციონირება ასაკის მატებასთან ერთად, თომასი იყენებს სხვადასხვა ტიპის თამაშებს, უკრავს გიტარაზე, მუსიკის თანხლებით კითხულობს ამონარიდებს სამეცნიერო ნაშრომებიდან და მსმენელს შესაბამის სოციოლოგიურ ანალიზს აცნობს. 

თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ ასაკს, ერთი მხრივ, დამოკიდებულია  ინდივიდუალურ მიდგომასა და ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე, მეორე მხრივ კი კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის დივიზიის (UNPD) პროგნოზით, საქართველოს 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი, რომელიც 2015 წელს 14 პროცენტი იყო, 2030 წლისათვის 19 პროცენტამდე გაიზრდება.

ქვეყნის სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის პირობებში კი შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ უფროსი თაობის ცხოვრების გაუმჯობესებაც. მთავარი, ამ შემთხვევაში, აქტიური დაბერების პოლიტიკის გატარებაა.

რას ნიშნავს აქტიური დაბერება? - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, ეს გულისხმობს ხანდაზმული ადამიანებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ისინი იქნებიან საზოგადოების სრულფასოვანი და ჯანმრთელი წევრები. ამისთვის საჭიროა ხანდაზმულთა ფინანსური უსაფრთხოების გაზრდა, საპენსიო სისტემის რეფორმა, ხანდაზმულებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემა, სადაც აქცენტი გაკეთდება დაავადებების პრევენციაზე. მაგალითად, გულსისხლძარღვთა  და სხვა არაგადამდები დაავადებების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება და ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი მთელი ცხოვრების განმავლობაში.

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE) 2015 წელს მოამზადა მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი. 

მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია კი საბოლოოდ 2016 წლის 27 მაისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი მიმართულება პროდუქტიულ ეკონომიკაში უფროსი თაობის მონაწილეობის გაზრდაა. ხანდაზმულთა უმრავლესობა სოფელში ცხოვრობს და ჩართულია ნატურალურ მეურნეობაში. „უფროსი ასაკის ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიღრმავონ თავიანთი უნარ-ჩვევები და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძინონ ახალი უნარები,“ - აღნიშნავს ლელა ბაქრაძე.

სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ წასულებს და საქართველოშიც, ალბათ ხშირად შეგვინიშნავს, სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ზურგჩანთამოკიდებული უფროსი თაობის ადამიანები, რომლებიც ისვენებენ, ახალ გამოცდილებას იღებენ. საქართველოში აქტიური დასვენება საპენსიო ასაკში ხშირად ფუფუნებად ითვლება და მხოლოდ ვიწრო სოციალური ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი. ამიტომ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წასახალისებლად და სიღარიბის შესამცირებლად, დანაზოგების შექმნაა აუცილებელი, ამისთვის, კი საჭიროა საპენსიო რეფორმა.

აქტიური დაბერების პოლიტიკის კიდევ ერთი აუცილებელი კომპონენტი ასაკზე მორგებული ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემოს ხელშეწყობაა. საქართველოში უფროსი ასაკის ადამიანების სოციალიზაციისთვის არ არსებობს შესაბამისი სივრცეები – ხანდაზმულთა კლუბი, გასართობი ადგილები, სადაც არამხოლოდ ასაკოვან ადამიანებს ექნებათ ურთიერთობისა და ინტეგრაციის შესაძლებლობა. „სულ თითზე ჩამოსათვლელი ინიციატივაა, რომელიც ამ კუთხით ადამიანებს ეხმარება“, - აღნიშნავს ლელა ბაქრაძე. 

ინდიგო ესაუბრა იმ ადამიანებს, ვინც ასაკობრივ საზღვრებს შეზღუდვად და დაძაბუნების მიზეზად არ აღიარებს. ადამიანებს, ვინც დროის სვლას განვითარების, ახალი ინტერესების აღმოჩენისა და ცხოვრებაზე დაკვირვებისთვის იყენებენ. 

რეპროდუქტოლოგი ჯენარო ქრისტესაშვილი. ფოტო: დინაო ოგანოვა / UNFPA Georgia

ჯენარო ქრისტესაშვილი, რეპროდუქტოლოგი

პროფესიით რეპროდუქტოლოგი ვარ, კომპლექსური სპეციალობაა, მასში შედის გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, გენეტიკა, იმუნოლოგია, ქირურგიული ნაწილიც.

თავიდან დავიწყე გენეტიკის შესწავლა, დღეს  რეპროდუქციული გენეტიკა არის ყველაფრის საფუძველი და აღმოჩნდა, რომ ამ მხრივაც მაქვს უპირატესობა. გარდა ამისა, ვიყავი და ვარ  გაეროს მოსახლეობის ფონდის კონსულტანტი.  მოზარდთა  სქესობრივი განათლებისა და ჯანმრთელობის საკითხებშიც მაქვს ექსპერტული გამოცდილება. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ვარ, მყავს დოქტორანტები.

სასაცილოა, მაგრამ ოჯახში არავინ იყო ექიმი. ერთი პერიოდი მუსიკოსობა მინდოდა, მაგრამ მერე ვიფიქრე, საშუალო დონის მუსიკოსობას, სჯობს, რაიმე კონკრეტულ სფეროში ვიყო საუკეთესო. ასე აღმოვჩნდი მედიცინაში.

სხვათა შორის, ზოგჯერ ჩემს ასაკს არ იჯერებენ, უკვირთ, რომ ასეთი აქტიური ვარ. მაგრამ მე თავს დაბერებულად არ ვგრძნობ. იმდენად აქტიური ვარ, რომ ბევრი ახალგაზრდაც ვერ შემედრება. ნელა სიარული არ შემიძლია. მქონია ასეთი  შემთხვევა: ჩემს კოლეგებთან ერთად, მატარებლით ბუდაპეშტიდან ვენაში მივდიოდით და გვაგვიანდებოდა. ისე გავრბოდი, რომ ვერ მეწეოდნენ.

საქმე არასდროს მელევა.  თუ რაიმე შემოთავაზება მაქვს, არაფერზე ვამბობ უარს. ხშირად მიწევს მოგზაურობა, კონფერენციები, კონგრესი, - ყველგან მიწვევენ.

ყველაზე მთავარი, რასაც ვეუბნები ხოლმე ახალგაზრდებს - უნდა გახდეთ საჭირო.  

პოზიტიური ადამიანი ვარ, არ ვწუწუნებ, მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა.

-         მარტოობის არასდროს შეგშინებიათ?

მარტოობა ალბათ ძალიან მძიმეა, ვცხოვრობ ჩემს შვილთან და რძალთან ერთად, ვმუშაობ, ამიტომ თავი მარტოდ თითქმის არასდროს მიგრძვნია. 

 

დიპლომატი, მწერალი, მუსიკოსი, დოკუმენტური პროზაიკოსი გელა ჩარკვიანი. ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA Georgia

 

გელა ჩარკვიანი, დიპლომატი, მწერალი, მუსიკოსი, დოკუმენტური პროზაიკოსი,  ნანას ბაბუა

"მე არ მჯერა, რომ ვინმესგან ან რამისგან იღებ ინსპირაციას. შენ თუ გინდა რამე გააკეთო, უნდა იმუშაო და ინსპირაცია თვითონ მოდის.

ცხადია, ასაკთან ერთად ეს იცვლება. ახალგაზრდობაში ადამიანს უფრო მეტი მოტივი აქვს მუშაობისთვის: პატივმოყვარეობის, აღიარების სურვილი და რეფერენტული ჯგუფიც – ვისი აზრიც აინტერესებს – უფრო დიდია. 

ჩემს ასაკში ეს ჯგუფი დაპატარავდა იმიტომ, რომ უმეტესობა ამქვეყნიდან წასულია.  ვისთვის ვაკეთებ რამეს? - მოტივაცია ნაკლებია.

თუმცა არის სხვა სტიმულებიც: მთელი ცხოვრება რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ ბოლო დროს გაცილებით მეტი გავაკეთე სხვა თვალსაზრისით: ბოლო 5 წელიწადში 5 წიგნი გამოვაქვეყნე.  აქედან 3 ბესტსელერია - ეს არაა პატარა ამბავი.

ეს მე ტრაგედიებმა გამიკეთეს. მუშაობა იყო ალტერნატივა იმისა, რომ თავი არ მომეკლა.  როდესაც ჩემი ვაჟი, ირაკლი, გარდაიცვალა, მაშინ ჯერ კიდევ მყავდა ჩემი საყვარელი მეუღლე: ნანა. 

ჩვენ ამ გლოვას ვიზიარებდით და რაღაცნაირად, ჩემთვის ამის ატანა შეიძლებოდა.

მარტოობაში გაძლება ძალიან ძნელი იყო.  ამიტომ ყოველდღიურად ვმუშაობდი.  ვწერდი მუსიკას.  მერე წიგნების წერა დავიწყე.  დღეში 9 საათს ვმუშაობდი, მაგრამ გვერდნახევარზე მეტის დაწერა მაინც შეუძლებელია, როცა უბრალო ენით წერ. უბრალოდ წერა ძნელია.  საშინელი სამუშაო იყო და “იშიაზი” მივიღე კიდეც შედეგად. 

შედეგი მომწონს, კარგია.  ყველა მეუბნება, რომ წიგნი ადვილად იკითხება.

როცა ირაკლი გარდაიცვალა, მალევე ლონდონში წავედი ელჩად.  ახალი გარემო, ახალი გამოწვევები, ახალი ადამიანები და მართლაც საჭირო საქმე იყო ის ყველაფერი. 

შვილიშვილი მოგვიანებით წავიყვანე - ნანას 5 წლის შეუსრულდა და pre-school-ში წაყვანა უკვე შეიძლებოდა.  ინგლისში ნანა ყოველთვის მე მიმყავდა სკოლაში და მომყავდა უკან სახლში.  მიუხედავად იმისა, რომ  მძღოლთან ერთად შემეძლო გამეგზავნა, ეს არასოდეს გამიკეთებია. ნანა დაობლებული იყო - მამა არ ჰყავდა და მინდოდა ეგრძნო, რომ გვერდით  ბაბუა ჰყავდა, მამის როლში.” 

ბოტანიკოსი ლამარა ასიეშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA Georgia

ლამარა ასიეშვილი, თბილისის ბოტანიკური ბაღის ბოტანიკოსი

“გაგეცინებათ, მაგრამ თბილისის ბოტანიკური ბაღში 1956 წლის 19 ივლისიდან ვმუშაობ.  ბოტანიკოსი ვარ.  შარშან დირექტორმა მოღვაწეობის იუბილე გადამიხადა. 

რამდენი წლის იუბილე? 

ეს საიდუმლოა - ვერ გეტყვით.

ბოტანიკურ ბაღში ჩემი განყოფილება საქართველოსა და კავკასიის იშვიათ მცენარეებზე მუშაობს.  ვიკვლევთ მცენარეების ეკოლოგიასა და ბიოლოგიას. მოგეხსენებათ, მთელი მსოფლიოს პრობლემაა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების გადარჩენა. 

ვსწავლობთ, როგორ გავამრავლოთ, როგორ გადავარჩინოთ  სახეობები და შემდეგ ყველას გავაცნოთ.  სტუდენტები, მოსწავლეები, უცხოელი სტუმრები - ყველა განცვიფრებულია, როცა ხედავენ  ისეთ მცენარეებს, რომლებიც ველურ ბუნებაშიც კი იშვიათია. 

მცენარე უნდა გაახარო. თბილისის კლიმატური პირობები კი რთულია: ბოტანიკური ბაღი  ზღვის დონიდან 450 მეტრზე მდებარეობს. მცენარეების მოვლის სიძნელე იმაშია, რომ ალპებიდან, ანუ მაღალი ადგილებიდან წამოღებულ მცენარეს უჭირს ამ პირობების შეგუება.

ჩვენ უნდა შევისწავლოთ თითოეული სახეობის ეკოლოგია, როგორც ტყვიან, ‘მცენარის ენა,’ უნდა გავუგოთ მას და ისინიც გვიგებენ ჩვენ.

როცა ექიმი შედის პალატაში, კითხულობს: ‘როგორაა დღეს ჩემი ავადმყოფი? გაუუმჯობესდა მდგომარეობა თუ არა?’

ჩემი მოვალეობაც ამას ჰგავს.  თბილისის ბოტანიკურ ბაღში 700-მე მეტ მცენარეს ვაკვირდებით ყოველწლიურად.  მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შესული -  იშვიათი ან გადაშენების პირას მყოფი სახეობებია. 

ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ჩემი მცენარეების კოლექციის ფენოლოგიაა - მათი აღრიცხვა, ყოველდიური დაკვირვება, მთელი სეზონის განმავლობაში მეთვალყურეობა, დაცვა და გამრავლება. დაიწყო ვეგეტაცია? ყვავილობა? თესლმსხმოიარობის პერიოდი რა ეტაპაზეა? თესლი დამწიფდა? როცა დამწიფდება, უნდა შეაგროვო. 

ადრეული გაზაფხულიდან დაწყებული მოვლენების მთელი ეს ჯაჭვი მიმდინარეობს დაზამთრის პირამდე და არ წყდება.

"ლუკა პოლარეს" პროდუქციის მენეჯერი, დარე ექვთიმაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA Georgia

დარე ექვთიმიშვილი, “ლუკა პოლარეს” პროდუქციის მენეჯერი

მარტივი არ იყო, მაგრამ რისკი საჭიროა. ეს საქმე 2008 წელს დავიწყეთ. ჩემი შვილები და სიძე მეხმარებოდნენ.

გვინდოდა, საოჯახო ბიზნესი გვქონოდა და თან რაღაც განსხვავებული გაგვეკეთებინა. შევისწავლეთ ბაზარი, დავამუშავეთ იტალიური რეცეპტები და პირველი ნაყინებიც დავამზადეთ. თავიდან მოკრძალებული ასორტი იყო, სამაგიეროდ ფერები გვქონდა უხვი.

რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვაკეთებდი, ვამზადებდი ნაყინს, მომქონდა პროდუქტი, ვიყავი მძღოლიც, საწყობის მენეჯერი, სამსახურში ამყავდა თანამშრომლები…

ახლაც ბევრი შრომა გვიწევს. ადრე ვდგები, გვიან ვწვები. 5 საათი თუ ვიძინე, დიდი შეღავათია. მაგრამ ეს ყველაფერი მომწონს, როგორ უნდა გავჩერდე, ვერც კი წარმომიდგენია.

ერთხელ ავტობუსში ყური მოვკარი, ახალგაზრდები როგორ აქებდნენ ჩვენს სანაყინეს. აი, ამ დროს ვგრძნობ ხოლმე, რომ ხალხს ბედნიერებას ვანიჭებ და ამით მეც ბედნიერი ვარ.

პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსი ვარ. ერთი პერიოდი ტექნიკუმში ქიმიას ვასწავლიდი. ქიმიურ ლაბორატორიაშიც ვმუშაობდი. მერე დაიწყო 1990-იანების ქაოსი.

ამ საქმეში რომ არ ვიყო, ალბათ ბავშვებთან ვიმუშავებდი, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებში. მინდა  მოზარდებს ჰქონდეთ გარემო, სადაც ექნებათ თავისუფლება და არა აკრძალვები, იგრძნობენ სიყვარულს.

ასაკს ბევრი დადებითი მოაქვს, განსაკუთრებით ჩვენს კულტურაში. ახალგაზრობაში მეტი აკრძალვებია, ტაბუები, ჩარჩოებს გიქმნიან. მე პერიფერიაში გავიზარდე, და კარგად მესმის ეს ყველაფერი. ასაკი გემატება და უფრო დამოუკიდებელი ხდები, მზად ხარ, თამამი ნაბიჯები გადადგა. 

 

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "ინდიგოს" 2017 წლის სექტემბრის ინგლისურენოვან ნომერში. სტატია მომზადებულია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით

ტექსტი: ეკა ჭითანავა, ცირა გვასალია

ფოტო: დინა ოგანოვა