Go Back Go Back
Go Back Go Back

შემოგვიერთდით, დავიცვათ უფლებები შიდსის დასაძლევად

შემოგვიერთდით, დავიცვათ უფლებები შიდსის დასაძლევად

Statement

შემოგვიერთდით, დავიცვათ უფლებები შიდსის დასაძლევად

calendar_today 01 December 2024

An illustrated card dedicated to December 1 - world AIDS Day with combination of text and visuals
ილუსტრატორი: ეკა ტაბლიაშვილი/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება შიდსისთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, 1 დეკემბერს:

გზა შიდსისგან თავისუფალი მსოფლიოსკენ იწყება და სრულდება ადამიანის უფლებებით. 

უფლებით, მიიღო ზუსტი და მიუკერძოებელი ცოდნა. უფლებით, გექცეოდნენ ღირსებითა და პატივისცემით. უფლებით, გქონდეს დაცულობის შეგრძნება, მიუხედავად იმისა, ვინ ხარ და ვინ გიყვარს. 

სწორედ ამ ფუნდამენტური უფლებების დაცვამ მოიტანა მნიშვნელოვანი მიღწევები აივ ინფექციისა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აივ-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 39%-ით შემცირდა, 2010 წელს 2.1 მილიონიდან 2023 წელს 1.3 მილიონამდე. თუმცა, ყველაზე მაღალი რისკის მქონე პირებს შორის ინფექციის გავრცელების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ვირუსის მიმართ მოწყვლადობა გაცილებით მაღალია იმ პირებს შორის, ვინც ვერ სარგებლობს საკუთარი უფლებებითა და არჩევანით.

იმ პირების სულ მცირე ნახევარს, რომლებიც ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, ჯერ კიდევ არ აქვთ წვდომა პრევენციის სერვისებზე, რაც პირდაპირ არღვევს მათ უფლებას, ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტების ხელმისაწვდომობაზე. აღნიშნული ჯგუფი მოიცავს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მოწყვლად პირებს, მათ შორის სექს მუშაკებს, ტრანსგენდერებსა და კაცებს, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ კაცებთან. 

დისკრიმინაციული კანონები კიდევ უფრო ამძიმებს არსებული სოციალური სტიგმითა და  უთანასწორო ზრუნვით გამოწვეულ ტვირთს. ადამიანები, სამართლებრივი ან სოციალური დევნის შიშით, ვერ ახერხებენ დახმარებისთვის მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, აივ-ის პრევენციის, ტესტირების, მკურნალობისა და ინფორმაციის მისაღებად – ამგვარი სერვისების ხელმისაწვდომობის პირობებშიც კი, რაც მათ უსაფრთხოებასა და, რიგ შემთხვევაში, მათ სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს. 

აივ-ითა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (სგგი) ინფიცირების რისკი ორჯერ უფრო მაღალია ქალებსა და გოგოებს შორის, ვიდრე კაცებსა და ბიჭებს შორის. ეს არც არის გასაკვირი მსოფლიოში, სადაც ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალების 44 პროცენტს არ აქვს შესაძლებლობა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, როცა საქმე სქესობრივ ურთიერთობასა ან ჯანმრთელობის მომსახურებას ეხება. აივ-ით ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ ქალებს შორის, რომლებიც მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან სიღარიბისა და გენდერული ნიშნით ძალადობის რისკის გამო. ასევე დროა, უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ კაცებთან, რათა მათ შეძლონ იმ ბარიერების დაძლევა, რომლებიც მათ ჯანდაცვის მომსახურებათა ძიებასა და მიღებაში უშლის ხელს, და, რაც კვლავ რჩება აივ-ის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვან დაბრკოლებად. 

ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების არასრულყოფილად დაცვასთან ერთად, ყოველივე ზემოთაღნიშნული ხსნის იმას, თუ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მიუხედავად ინფექციის გავრცელების შემცირებისა, რატომ შეჩერდა პროგრესი და მსოფლიო რატომ ვერ ახერხებს იმ კურსის შენარჩუნებას, რომელიც მას სასურველ მიზნამდე მიიყვანს, რაც 2025 წლისთვის შიდსის 370 000-ზე ნაკლებ ახალ შემთხვევას გულისხმობს. 

გზა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე გადის, არა მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა, ეს აგრეთვე არის ეფექტური გზა, რომელიც აივ-ით ინფიცირებული ან აივ-ით ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ყოველი ადამიანის დაცვას ემსახურება. ადამიანებს, რომლებიც ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რომლებმაც იციან, რომ მათი უფლებები დაცულია, და რომლებსაც უსაფრთხოდ აქვთ წვდომა მაღალი ხარისხის სერვისებზე, შეუძლიათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. 

სწორედ ამიტომ თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) სახელმწიფოთა მთავრობებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ დაემაროს ჯანდაცვის სისტემებს აივ-ის პრევენციის, ტესტირების და მკურნალობის სერვისების უზრუნველყოფისა და შენარჩუნების მიზნით, განსაკუთრებით მოზარდებისთვის, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების  რეგულარული მიწოდებით. 

დღეს, აღვნიშნავთ რა შიდსთან ბრძლის მსოფლიო დღეს, მოდით, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რათა ერთად შევუდგეთ შევუდგეთ უფლებების დაცვისკენ მიმავალ გზას -  გზას, რომელიც ადამიანის ღირსების დაცვასა და არჩევანის თავისუფლებაზე გადის, გზას, რომელიც შიდსის დასრულებამდე მიგვიყვანს.