მსოფლიო მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობისას, არცთუ იშვიათია ქალების მიმართ არასათანადო მოპყრობა, მათ შორის ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია, უგულებელყოფა, ყურადღების ნაკლებობა, ინფორმირებული თანხმობისა და კონფიდენციალურობის პირობების დარღვევა, დახმარებაზე უარის თქმა და ქალთა ავტონომიის დარღვევის ფაქტები, რაც უხეშად არღვევს სამეანო მომსახურების მიწოდებისას ქალების მიმართ ღირსეული და პატივისცემაზე დაფუძნებული მოპყრობის უფლებას, და აფერხებს ჩვენს ძალისხმევას დედათა სიკვდილიანობის შემცირების მიმართულებით.
დედათა ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღკვეთის მიმართულებით ამ მნიშვნელოვანი ხარვეზის აღმოსაფხვრელად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (დკეც) თანამშრომლობით აწარმოა პირველი თვისებრივი კვლევა, საქართველოში მშობიარობის დროს ქალების მიმართ მოპყრობის შესასწავლად. წინამდებარე კვლევა განხორციელდა 2022 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში, საქართველოში მცხოვრებ რეპროდუქციული ასაკის ქალებსა (18-49) და სამშობიარო დაწესებულებების პერსონას შორის. კვლევას წინ უძღოდა პილოტური ფაზა, რომელიც განხორციელდა 2022 წლის მაისში.