Go Back Go Back
Go Back Go Back

მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ეროვნული ინდიკატორები და საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2024

მდგრადი განვითარების მიზნების (SDG)  ეროვნული ინდიკატორები და საქართველოს მოსახლეობის  აღწერა 2024
მდგრადი განვითარების მიზნების (SDG)  ეროვნული ინდიკატორები და საქართველოს მოსახლეობის  აღწერა 2024

Publisher

Number of pages

34

Author

ზაზა ჭელიძე

Publication

მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ეროვნული ინდიკატორები და საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2024

Publication date

03 October 2022

Download Icon

2015 წელს, გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE) მოამზადა „ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის რეკომენდაციები მოსახლეობისა და საცხოვრისების საყოველთაო აღწერის 2020 წლის რაუნდისათვის“. ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციამ შესაბამისი დოკუმენტი მიიღო 2015 წლის ივნისში. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა UNECE სტატისტიკის განყოფილების მიერ, ევროსტატთან მჭიდრო თანამშრომლობით, და გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) მოსახლეობისა და საცხოვრისების 2020 წლის აღწერათა პრინციპებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გადასინჯვის საფუძველზე. აღნიშნულ რეკომენდციებში შესულია მეთოდოლოგიის მიმოხილვა, რომელიც დამტკიცდა ქვეყნების მიერ 2020 წლის აღწერისთვის რაუნდისთვის. დოკუმენტში განხილულია მოსახლეობის აღწერის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, ტერმინთა განმარტებები, კანონმდებლობა, აღწერის ფაზები, შედეგების გამოქვეყნება-გავრცელება, ხარისხის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვა, და აგრეთვე, აღწერის პროცესში გამოსაყენებელი ტექნოლოგიები.

აღნიშნულ რეკომენდაციებს თან ერთვის იმ მონაცემების ჩამონათვალი, რომლებიც მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის რაუნდში ქვეყნებმა უნდა მიიღონ. ჩამონათვალში შესულია შემდეგი საკითხები: მოსახლეობა, გეოგრაფიული მახასიათებლები, დემოგრაფიული მახასიათებლები, ეკონომიკური მახასიათებლები, სოფლის მეურნეობა, განათლება, მიგრაცია, ეთნო-კულტურული მახასიათებლები, შეზღუდული შესაძლებლობები, შინამეურნეობისა და ოჯახის მახასიათებლები და საცხოვრისების მახასიათებლები.

გარდა ამისა, აღწერის შედეგად მიღებული მიკრო მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაზე დაბალ ადგილობრივ დონეზე, რომელიც ქვეყნის განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მოსახლეობის აღწერა წარმოადგენს ერთადერთ წყაროს, რომელიც სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს აწვდის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით დახარისხებულ ინფორმაციასა და მონაცემებს მოსახლეობის რაოდენობისა და ინდივიდებისა და შინამეურნეობების მთავარ მახასიათებლებზე. ეს კი თავის მხრივ, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. აღწერის შედეგად მიღებული  მონაცემები ასევე გამოიყენება სტატისტიკური გამოკვლევების შერჩევის ბაზად. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს იმ ძირითად სარგებელს, რაც მოსახლეობის აღწერას მოაქვს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა UNSD-ის, გაეროს სააგენტოებს და საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებს ერთობლივი ძალისხმევისკენ, რათა მათ მეტი ტექნიკური დახმარება გაუწიონ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურებს, მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერათა 2020 წლის რაუნდის წარმატებით ჩატარებისთვის, მათი შესაძლებლობების განვითარების მიზნით, რაც მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევისა და 2030 წლის დღის წესრიგის შესრულების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მდგრადი განვითარების მიზნების გახორციელებისას ყურადღების ცენტრში ადამიანები არიან მოქცეული, შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის შესახებ მონაცემები, რომელთა მოპოვებაც წარმოებს მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის, შინამეურნეობების კვლევის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და დემოგრაფიული სტატისტიკური მონაცემების (CRVS) სისტემებისა ან მოსახლეობის რეესტრის საშუალებით.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ეროვნულ დონეზე ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის მაღალი ხარისხით ორგანიზებასა და ჩატარებას საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების სრული დაცვით. UNFPA პროგრამებს 155 ქვეყანაში ახორციელებს და მტკიცე და ფართო დახმარებას უწევს ამ ქვეყნების მთავრობებს, რათა მათ უზრუნველყონ მოსახლეობის აღწერის სათანადოდ დაგეგმვა, განხორციელება და აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივად გამოყენება. ინსტიტუციური მხარდაჭერა გულისხმობს მოსახლეობის აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების გამოყენების შესაძლებლობების განვითარებას, მოსახლეობის ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი დინამიკის, ასევე სივრცითი და სოციალური უთანასწორობის დადგენის მიზნით, მათ შორის მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორებისა და მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის (ICPD) ინდიკატორების განსაზღვრისმიზნით.

მოსახლეობის შესახებ მონაცემები საჭიროა მდგრადი განვითარების მიზნების 244 გლობალური ინდიკატორიდან 98 ინდიკატორის დასადგენად. მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის საფუძველზე დგება და ზუსტდება ეროვნულ მონაცემები, მოსახლეობასთან დაკავშირებული ფაქტორები მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორებისთვის და, ასევე, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე კვლევების საწარმოებლად საჭირო შერჩევის ბაზის განსაზღვრა. დამატებით, მდგრადი განვითარების მიზნების ყველა ინდიკატორისთვის დისაგრეგირებული მონაცემების შეგროვება, მაგალითად, მიგრაციის სტატუსისა და შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით, საჭიროებს მოსახლეობის აღწერისთვის განკუთვნილ კითხვარში შესაბამისი კითხვების შეტანას. მოსახლეობის აღწერის 2020 წლის რაუნდისათვის UNFPA-ის სტრატეგია ემყარება მოსახლეობის აღწერის 2010 წლის რაუნდის დროს მიღებული გამოცდილების კრიტიკულ ანალიზს და ესადაგება განვითარების ახალ მსოფლიო ჩარჩოს. სტრატეგია ემსახურება ქვეყნების შესაძლებლობათა განვითარებას, აღწერის შედეგად მიღებული მაღალი ხარისხის, დროული, შესაბამისი და გეოგრაფიული ნიშნით დისაგრეგირებული მონაცემების მიღებას, ანალიზს, გავრცელებასა და გამოყენებას, მდგრადი განვითარების პოლიტიკის, გეგმების და პროგრამების შემუშავების, გახორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, რაც საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება.

UNFPA-ის ძალისხმევა ქვეყნებთან მუშაობის პროცესში, მიმართულია იმისკენ, რომ მოსახლეობის აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების გამოყენება მოხდეს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ICPD მაჩვენებელთა შესრულების კონტროლის მიზნით. მოსახლეობის აღწერათა 2020 წლის რაუნდისათვის UNFPA-ის სტრატეგიის უმთავრეს მიზნებს წარმოადგენს: ა) სტატისტიკის ეროვნული სისტემების შესაძლებლობების გაძლიერება, რაც მათ მოსახლეობის აღწერის შედეგად გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით დახარისხებული მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების საშუალებას მისცემს; და ბ) უზრუნველყოფა იმისა, რომ მოსახლეობის აღწერის შედეგად მიღებული მონაცემები სრულად და მართებულად იქნას
გამოყენებული, სოციალურ-დემოგრაფიული ინფორმაციის შესაქმნელად, რომელიც საჭიროა ადგილობრივი, ეროვნული და გლობალური განვითარების დღის წესრიგით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისა და მონიტორინგისთვის. UNFPA სტრატეგიის საბოლოო მიზანი (აღვწერთ და ვითვალისწინებთ ყველა ადამიანს, ყველგან, მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად) ემსახურება დემოგრაფიულ მონაცემთა ეროვნული სისტემების გაუმჯობესებას, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნებს მიაკვლიონ და აღმოფხვრან უთანასწორობა და ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. მაგალითად, UNFPA ერთ-ერთი რეკომენდაცია გულისხმობს მოსახლეობის აღწერისთვის განკუთვნილ კითხვარში ისეთი კითხვების შეტანას, რომლებიც ეხება მიგრაციის სტატუსს, შეზღუდულ შესაძლებლობებს, ქორწინების ტიპსა და ქორწინების რეგისტრაციას. აღწერისთვის განკუთვნილ კითხვარში მიგრაციასთან დაკავშირებული კითხვების შეტანა ეხმიანება მდგრადი განვითარებისათვის 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ამოცანას, რომელიც მიგრაციის სტატუსის განსაზღვრას ისახავს მიზნად.

Latest