5 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ერთობლივი ინიციატივით, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.
დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა მწერალ და ტელეწამყვან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელმაც მოზარდებთან ისაუბრა გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე.
„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.
საქართველოში რიგით ოცდამეორე „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.