გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, გაიმართება კონფერენცია „მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის“.
აღნიშნული კონფერენცია ეწყობა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სიღრმისეული ანალიზის მიგნებების წარსადგენად. კონფერენციის მთავარი თემებია:
· 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემთა ანალიზი გენდერულ ჭრილში;
· დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დინამიკა საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ ამ მონაცემების მნიშვნელობასა და გამოყენებაზე შესაბამისი პოლიტიკისა და გეგმების შემუშავებისათვის ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით. აღნიშნული ანალიზი გვაწვდის მტკიცებულებებს პოლიტიკის შემუშავებისა და პროგრამების დაგეგმვისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მოზარდები და ახალგაზრდები, მოსახლეობის დაბერება, მოსახლეობის დინამიკა და გენდერული თანასწორობა.
კვლევა დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დინამიკის შესახებ საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებული მეორე კვლევაა, რომელიც 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეფუძნება. მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მსგავსად, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საქართველოც გამოირჩეოდა მამრობითი სქესის ახალშობილთა სიჭარბით, რაც დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი შეფარდების გადახრით გამოიხატა. 2010-2014 წლების მონაცემებით საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.
მოცემული კვლევა გვთავაზობს განსაკუთრებით საინტერესო ჰიპოთეზას დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი შეფარდების ინდიკატორის შედარებით ნორმალიზების შესახებ. ეს ჰიპოთეზა დაკავშირებულია იმ ფაქტის აღიარებასთან, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მისი სოციალური და პოლიტიკური სისტემების სიღრმისეული ტრანსფორმაცია.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სამეცნიერო წრეების, კვლევითი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.