Go Back Go Back
Go Back Go Back

5 ინიციატივა, რომლითაც UNFPA თანასწორ მშობლობას უწყობს ხელს

5 ინიციატივა, რომლითაც UNFPA თანასწორ მშობლობას უწყობს ხელს

News

5 ინიციატივა, რომლითაც UNFPA თანასწორ მშობლობას უწყობს ხელს

calendar_today 18 June 2023

მამის დღის ილუსტრაცია, რომელზეც ნაჩვენებია, როგორ იზრდებიან მამასთან ერთად მისი გოგო და ბიჭი შვილები
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი/UNFPA

18 ივნისი მამის დღეა. ეს დღე საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის, Care Together-ის ერთობლივი ინიციატივით, 2016 წლიდან აღინიშნება იმისთვის, რომ წავახალისოთ მამების ფასდაუდებელი როლი შვილების ცხოვრებაში.

UNFPA, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, აქტიურად უწევს ადვოკატირებას კაცების აქტიურ ჩართულობას შვილების აღზრდაში, საოჯახო საქმეების გადანაწილებასა და, ზოგადად, გენდერული თანასწორობის მიღწევაში. 

2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ ცხადყო, რომ კაცები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ბავშვის აღზრდაში, ბევრად უფრო პროდუქტიულები არიან სამსახურში, და გაცილებთ ბედნიერები პირად ურთიერთობაში, მათი შვილებიც უფრო ჯანსაღ გარემოში იზრდებიან.  

იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ და წაახალისონ მამების ჩართულობა შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში, 2016 წელს UNFPA-ის საქართველოს ოფისმა და ორგანიზაციამ Care Together კამპანია „კაცები ზრუნავენ“ წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო, შემეცნებითი და სასარგებლო აქტივობა ხორციელდება.  

წარმოგიდგენთ 5 ინიციატივას, რომლის მეშვეობით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ხელს ვუწყობთ თანასწორ მშობლობას საქართველოში.

„მამის დღე“

საქართველოში პირველად „მამის დღე“ 2016 წელს აღინიშნა. ამ დღის აღნიშვნა ქართველ მამებს შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილების აღზრდაში, მათ ცხოვრებაში მამების ჩართულობა, თანასწორი მშობლობა და პარტნიორობა. „მამის დღის“ დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას შვილებზე ზრუნვის და მათი აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას. წლიდან წლამდე, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ინიციატივას არაერთი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაცია უერთდება მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც ამ დღესასწაულს კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის.

„მამაკაცური საუბრები“

2016 წლიდან დაიწყო ერთდღიანი ტრენინგ-მოდულის, “მამაკაცური საუბრების” განხორციელება თბილისში, კახეთში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. საერთაშორისო ორგანიზაციასთან, Equimundo-თან პარტნიორობით დამუშავებული ტრენინგ-მოდული ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და კვლევით მონაცემებს. შეხვედრაზე ფასილიტატორები და მონაწილეები უსაფრთხო, სანდო გარემოში საუბრობენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა საოჯახო საქმის თანაბარი გადანაწილება, შვილების აღზრდასა და მოვლაში თანაბარი ჩართულობა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, ძალადობის ნიშნების ამოცნობა და მათი გამოაშკარავება. ტრენინგ-მოდული მოიცავს ინტერაქტიულ სავარჯიშოს, ვიზუალურ სასწავლო მასალას და ეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს.  

„მამების თასი“

„მამების თასი“ საფეხბურთო ჩემპიონატია მამებისა და შვილებისთვის, რომელიც
2017 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან პარტნიორობის ფარგლებში დაარსდა და ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებაზეც ზრუნავს. „მამების თასის“ მინი ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს 4-6 მონაწილე ჰყავს. ტრადიციულად, თითოეული გუნდი 8-12 წლის გოგოებისა და ბიჭებისგან შედგება, მწვრთნელი რომელიმე მონაწილის მამაა. ინიციატივის მიზანია, ხაზი გაუსვას შვილების ცხოვრებაში მამების ჩართულობის და სპორტში ბიჭებისა და გოგოების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობას. 

მამების ჯგუფი

2020 წელს, კოვიდ პანდემიის დასაწყისში, კამპანიის „კაცები ზრუნავენ" ფარგლებში შეიქმნა მამების ჯგუფი, რომელიც Facebook-ის 10 000-მდე მომხმარებელ კაცს აერთიანებს. ჯგუფში ისინი ერთმანეთს სასარგებლო რჩევებს უზიარებენ, ცვლიან საინტერესო ინფორმაციას, სვამენ კითხვებს და იღებენ ერთმანეთისგან პასუხებს შვილების აღზრდასა თუ საოჯახო საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„მამების სკოლა“

2021 წელს, თბილისსა და ქუთაისში გაიხსნა „მამების სკოლა“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. „მამების სკოლის“ პროგრამა 100-მდე მეტმა მონაწილემ გაიარა. სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, „მამების სკოლის“ პარტნიორები არიან „გაგუას კლინიკა“ თბილისში და ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერა“ ქუთაისში.