Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ხარისხიანი მონაცემები მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად - UNFPA მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცვლილებებისთვის

ხარისხიანი მონაცემები მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად - UNFPA მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცვლილებებისთვის

Story

ხარისხიანი მონაცემები მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად - UNFPA მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცვლილებებისთვის

calendar_today 23 July 2024

A photo of young people sitting at a table looking in gadgets and leptops
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„კაცობრიობის წინსვლისთვის საჭიროა ადამიანების აღრიცხვა, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან ან ვინ არიან ისინი - მთელი მათი მრავალფეროვნებით. აღრიცხვის მიღმა დარჩენა, შეუმჩნევლად და, შესაბამისად, მომსახურების გარეშე დარჩენას ნიშნავს“ - ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის მსოფლიო მოსახლეობის დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში. 

1994 წლის მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის მოწოდების კვალდაკვალ, საზოგადოებებმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადეს მოსახლეობის მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და გამოყენების გაუმჯობესების მიმართულებით. 

როგორც ნატალია კანემმა 11 ივლისს განაცხადა, “ჩვენი საზოგადოებების მრავალფეროვნებას ასახავს მოსახლეობის ახალი მონაცემები ჩაშლილი ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის და სხვა ფაქტორების მიხედვით. მხოლოდ ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, ქვეყნების დაახლოებით ორ მესამედში მოსახლეობის აღწერის კითხვარები ახლა უკვე მოიცავს კითხვებს შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ.” მათ შორისაა საქართველოც. 

ხარისხიანი მონაცემები - პოლიტიკის ფორმირების წინაპირობა

იმისათვის, რომ ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული და ხარისხიანი მონაცემები არსებობდეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი), 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას იწყებს. საქსტატს აღწერის პროცესის წარმართვასა და მონაცემების ანალიზში ტექნიკურ დახმარებას უწევს გაეროს მოსახლოების ფონდი (UNFPA), რომელიც 2002 წლიდან უჭერს მხარს საყოველთაო აღწერის ჩატარებას საქართველოში.

„აღწერა არის ერთადერთი უნიკალური გზა, რაც საშუალებას გაძლევს, დასახლების დონეზე გქონდეს მრავალფეროვანი ინფორმაცია... აღწერა ტარდება 10 წელიწადში ერთხელ და ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს, როგორც ადამიანურს, ასევე ფინანსურს“, ამბობს საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე არაბული.

A photo of a man wearing a grey suit, standing in front of a watt with logos of Geostat
ალექსანდრე არაბული. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

აღწერის დროს გროვდება უნიკალური ინფორმაცია მოსახლეობის დასაქმების, განათლების, შეზღუდული შესაძლებობის თუ მიგრაციის მიზეზების შესახებ, რაც შემდგომი პოლიტიკის ფორმირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.  

„ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებსაც აქვთ სტრატეგიები, სამოქმედო გეგმები და მათთვის ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შემდგომი პოლიტიკის ფორმირების პროცესში, სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. როდესაც მონაცემები სანდოა, უკვე თავისუფლად შეიძლება მას დაეყრდნო“, ამბობს ის. 

მოსახლეობის რიცხოვნების, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო საშუალებათა წყაროების, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ 2014 წლის აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, UNFPA-იმ ჩაატარა ჩაღრმავებული ანალიზი 5 ძირითადი მიმართულებით: გენდერულ ჭრილში, დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ტენდენციები, მოსახლეობის დინამიკა, მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები და ახალგაზრდები.

მონაცემების სიღრმისეული ანალიზი იძლევა გადაწყვეტილებების მიღებისას სწორი აქცენტების დასმისა და პრიორიტეტების გამოკვეთის შესაძლებლობას. 2024 წლის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით, კვლავ მოხდება სიღრმისეული ანალიზი სხვადასხვა თემატური მიმართულებით, რადგან სწორედ მტკიცებუბლებებზე დაფუძნებული ქმედებები უნდა  წარმოადგენდეს ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკების ფორმირების საფუძველს. 

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გენდერული სტერეოტიპების დასამსხვრევად 

UNFPA-ს პროგრამები, სწორედ, კვლევებზე დაფუძნებულ მონაცემებს ეყრდნობა საქართველოში რეალური თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობისათვის.

2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“, ცხადყო საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი საზიანო სოციალური ნორმების შესაცვლელად ქალებთან და კაცებთან თანაბრად მუშაობის საჭიროება. 

მოგვიანებით, 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ უკვე ნათლად აჩვენა, რომ ქალებისა და კაცების როლების შესახებ ფესვგადგმულმა სოციალურმა ნორმებმა ნელ-ნელა ცვლილება დაიწყო.

2013 წელთან შედარებით, 2019 წელს, გამოკითხულთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ბავშვის მოვლა მხოლოდ ქალის პასუხისმგებლობაა, 81%-დან 69%-მდე შემცირდა კაცების შემთხვევაში, ხოლო 76%-დან 54%-მდე - ქალების შემთხვევაში. გარდა ამისა, თუ 2013 წელს ყოველი მეორე გამოკითხული მამობის შვებულების კანონის საჭიროებას ვერ ხედავდა, და თითქმის იგივე რაოდენობა არ იზიარებდა იდეას, რომ მამებისთვის შვეულების მიცემა დამსაქმებლის ვალდებულება იყო, 2019 წელს უკვე ქალებმაც და კაცებმაც (67.3% და 64.6%) დაუჭირეს მხარი კანონის მიღებას, რომლის მიხედვით დეკრეტული შვებულება ორივე მშობელს თანაბრად უნდა ეკუთვნოდეთ. 

ასე შეიქმნა 2016 წელს ორგანიზაციასთან “ვიზრუნოთ ერთად” პარტნიორობით კამპანია “კაცები ზრუნავენ”, რომლის მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების, ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. 

A photo of a father reading a book to his son.
კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, არაერთი საინტერესო, შემეცნებითი და სასარგებლო აქტივობა ხორციელდება. ფოტო. ლევან კაპანაძე/MenCare

იმისათვის, რომ სოციალური ნორმების ცვლილებები საყოველთაოდ ხელშესახები გახდეს, UNFPA თანამშრომლობს ასევე კერძო და საჯარო სექტორთან ოჯახების მხარდაჭერის პროგრამების გატარებასა და სამუშაო ადგილზე მშობლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის. 

UNFPA-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის, ფლორენს ბაუერის თქმით, “გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაში ინვესტიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დემოგრაფიული ცვლილების მართვაში“. 

„დედობის ტვირთის“ შემსუბუქება და ზრუნვის როლების უფრო თანაბრად გადანაწილება ქალებსა და კაცებს შორის კი საფუძველს ჩაუყრის მომავალში ისეთი საზოგადოებების შექმნას, სადაც ბავშვების გაჩენა არ იქნება „ტვირთი“, არამედ შეფასდება, როგორც საზოგადოების მდგრად მომავალში შეტანილი წვლილი. 

გოგოც და ბიჭიც მნიშვნელოვანია

წლების მანძილზე, საქართველოში ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული გენდერული ნორმაა, რომელიც ვლინდება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაში, არამარტო ბავშვის დაბადებამდე, არამედ მის შემდგომაც, რომლის მაგალითია მემკვიდრეობის განაწილების დისკრიმინაციული  პრაქტიკა.

იმისათვის, რომ ამ საკითხზე ფართო დისკუსიისთვის გაეღო კარი, UNFPA-იმ 2014 წელს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა მჭიდრო კავშირშია გენდერულ ნორმებთან და ნაწილობრივ კულტურულ, რელიგიურ, ისევე როგორც სოციალურ-ეკონომიკურ  თავისებურებებთან. და განსხვავდება ურბანულ და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის. 

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 1990 – 2015 წლებში, ვაჟის ყოლის სურვილის გამო, 31 446 გოგო არ დაიბადა. სწორედ ამ წლიდან დაიწყო UNFPA-იმ კამპანია ნუ განასხვავებ: გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია, რომლითაც, ორგანიზაციას სურდა შეეხსენებინა ყველასთვის, რომ გოგოებიც და ბიჭებიც თანაბრად ღირებულ და ძვირფას რესურსს წარმოადგენენ თავიანთი ოჯახებისთვის, თემისთვის და ქვეყნისთვის.

An illustrated banner on green background: parents are covering their son and daughter to indicate they do not differentiate
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი/UNFPA

ამ და სხვა კამპანიების ფარგლებში, UNFPA-ის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მუშაობის შედეგად, წლებთან ერთად დამოკიდებულებები იცვლებოდა იმგვარად, რომ კავკასიის ბარომეტრის მონაცემებით, თუ 2010 წელს, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, სულერთი იყო გოგო ეყოლებოდათ თუ ბიჭი 44% იყო, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 57%-მდე გაიზარდა. ამავე კვლევით, ბიჭის ყოლის მსურველთა რაოდენობა წლებთან ერთად, 46%-დან 31%-მდე შემცირდა, ხოლო გოგოს ყოლის მსურველთა რაოდენობა კი 9%-დან 11%-მდე გაიზარდა. 

თუმცა, პროგრესის მიუხედავად, განსხვავებული ტენდენციაა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში: ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭება კვლავაც მწვავედ დგას გარკვეულ გეოგრაფიულ ერთეულებში (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი). სახეზეა განსხვავება სოფლად და ქალაქად მცხოვრებ მოსახელობას შორის. 

2019 წლის მონაცემებით, ქალების (62%) და კაცების (52%) უმრავლესობისთვის, მნიშვნელობა არ აქვს შვილის სქესს. თუმცა, სოფლად (41%)  მცხოვრებთა წილი, რომლებიც მხოლოდ ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში ბიჭს ისურვებდნენ, თითქმის ორჯერ აღემატება ქალაქში (24%) მცხოვრებთა წილს. 

ხარისხიანი, განახლებადი მონაცემების არსებობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ მათ შეძლონ სწორად და დროულად განსაზღვრონ თავიანთი საქმიანობის პრიორიტეტები მოსახლეობების წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით. 

2024 წელს საქართველოში დაგეგმილი მოსახლოების საყოველთაო აღწერაც ამ მიზანს ემსახურება. აღწერის ღონისძიებების შემდგომ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ის ცვლილებები, რის წინაშეც ქვეყანა ბოლო ათწლეულის მანძილზე აღმოჩნდა და შესაძლებელი გახდება არსებული მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზი იმისათვის, რომ მომავალი ათწლეულის მანძილზე კიდევ უფრო უკეთ დაიგეგმოს ყველა ის აქტივობა, რაც ქვეყანაში რეალური გენდერული თანასწორობის მისაღწევადაა აუცილებელი.