Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია - შშმ ქალთა უფლებებისთვის საქართველოში

სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია - შშმ ქალთა უფლებებისთვის საქართველოში

News

სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია - შშმ ქალთა უფლებებისთვის საქართველოში

calendar_today 29 June 2020

ანა მაისურაძე, ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

 „არასოდეს მქონია სტიგმა საკუთარი თავის მიმართ“

„4-5 წლის ასაკიდან აღმოვაჩინე, რომ არ შემეძლო ის, რაც სხვა ბავშვებს შეეძლოთ - დავრბოდი, მაგრამ არ შემეძლო სიმაღლეზე ახტომა, რეზინობანას თამაში. რა თქმა უნდა, ვხედავდი ამ ყველაფერს. მერე, როცა გავიზარდე, კიდევ მეტად ვიგრძენი ეს, უფრო - სხვების დამოკიდებულების გამო ჩემდამი.“ - ყვება ანა მაისურაძე, „მე არასოდეს მქონია სტიგმა საკუთარი თავის მიმართ. არასოდეს მიფიქრია, რომ ოჯახს ვერ შევქმნიდი და შვილს ვერ გავაჩენდი, თუმცა სხვებისგან ხშირად დამიჭერია ეს დამოკიდებულება, რომ მე ვერ მეყოლება შვილები, ბავშვი როგორ უნდა გავაჩინო, შეიძლება, პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ ხშირად მიგრძნია.“
ანა 32 წლისაა და მალე შვილს ელოდება. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი და სისხლის სამართლის მაგისტრი, წიგნის მაღაზიაში მუშაობს კონსულტანტად. მენჯ-ბარძაყის პათოლოგიური ამოვარდნილობა დაბადებისას განვითარებულმა სეფსისმა გამოიწვია, რის გამოც ორივე მხარეს ენდოპროტეზირება - ხელოვნური სახსარი აქვს გაკეთებული. ორსულობა ანამ და მისმა მეუღლემ COVID19-ის პანდემიის დაწყებამდე დაგეგმეს. შესაძლო რისკები თავიდანვე ჰქონდათ გაცნობიერებული, თუმცა მათ გადაწყვეტილებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია.  

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ეროვნული შეფასება“, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მომზადდა, ხაზგასმითაა ნათქვამი საზოგადოებისა და სერვისის მიმწოდებელთა სტერეოტიპული დამოკიდებულებების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალობის მიმართ. ასეთ დამოკიდებულებებზე ანაც საუბრობს: „5 წლის წინ, როცა გინეკოლოგთან მივედი და გაიგო, რომ სქესობრივი ცხოვრება დაწყებული მქონდა, მირჩია, რომ ორსულობის ტესტი გამეკეთებინა. ტესტს რომ ვიკეთებდი, ლაბორანტების ქირქილი მესმოდა. თუმცა ალბათ ასეთი დამოკიდებულება სხვა - არა შშმ - ქალების მიმართაც არსებობს.“
სახალხო დამცველის ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ შშმ ქალებს ხშირად აღიქვამენ „უსქესო“ არსებებად, რომელთაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები არ უნდა აწუხებდეთ. ამავე პრობლემას ანაც უსვამს ხაზს: „საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ, რომ შშმ პირებს შეიძლება ჰქონდეთ სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება. მუდმივად არსებობს დამოკიდებულება „ამას ვინ მოიყვანს“, „ეს ვის მოეწონება“, „ეს ვის სჭირდება“. მოლოდინიც არა აქვთ, რომ შეიძლება გყავდეს სექსუალური პარტნიორი, დაოჯახდე, ან შვილი გააჩინო. მე ვიცნობ შშმ პირებს, რომელთაც პირადი ცხოვრება არ გააჩნიათ. ბევრ შშმ ქალს წყდება გული, რომ ვერ მოასწრო შვილის გაჩენა, ან ოჯახის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს დაუჯერა.“
ანა თვლის, რომ თავად ყოველთვის დამოუკიდებელი იყო და ოჯახშიც გაუმართლა - დედა ყოველთვის ხელს უწყობდა მის სოციალიზაციას. თუმცა იცის არაერთი შემთხვევა, როცა მშობლები შშმ შვილებს სკოლაშიც კი არ უშვებენ. „თუმცა ახლა ალბათ შედარებით გაუმჯობესებულია სიტუაცია, განათლება და ინფორმაციაზე წვდომა ბევრ რამეს ცვლის,“ - ამბობს ის - „სხვა ქალებს ვეტყოდი, რომ გამოიყენონ თავიანთი რეპროდუქციული ასაკი, გამოიყენონ დრო. თუ უნდათ, რომ ჰყავდეთ შვილი, ან უბრალოდ, ჰყავდეთ პარტნიორი, არ მოუსმინონ სხვებს, არ დაემორჩილონ სტერეოტიპებს, ცრურწმენებს. მაქსიმალურად ეცადონ, რომ იყვნენ ბედნიერები, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს საზოგადოება მათზე.“

„გავაბედნიერეთ ჩვენი თავიც და დედაც“

“ათჯერ რომ გავჩნდე და ათჯერ რომ მქონდეს საშუალება, ავირჩიო პროფესია, ათივეჯერ ავირჩევდი ექიმობას, კერძოდ, რეპროდუქტოლოგობას, რადგან ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, როცა შემიძლია, ჩემი და ჩემი გუნდის პროფესიული ძალისხმევა პატიოსნად მოვახმარო საკუთარი თავის და სხვა ადამიანების ბედნიერებას.“ - ამბობს ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი არსენ გვენეტაძე, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დიდი ხნის პარტნიორია. ცნობილი ექიმი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს თავის პაციენტზე - ეკატერინე ქაჯაიაზე, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და ორი წლის წინ, ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად, დედა გახდა. არსენ გვენეტაძის თქმით, ეს, ჯერჯერობით, ერთადერთი შემთხვევაა საქართველოში.

ეკატერინე ქაჯაია შვილთან ერთად, ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

მანამდე კი, როცა ეკატერინემ და მისმა მეუღლემ შვილის ყოლა გადაწყვიტეს, მათ რამდენიმე კლინიკამ უთხრა უარი. „იმდენად მინდოდა შვილი, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი,“ - იხსენებს ეკატერინე, „გარშემო ყველას უკვირდა, ასეთ მდგომარეობაში მყოფმა რომ შვილის გაჩენა გადავწყვიტე, თუმცა აღფრთოვანებულებიც იყვნენ. ექიმებიც მეუბნებოდნენ, რომ ძალიან რთული იქნებოდა ორსულობა ჩემთვის. მჯეროდა, რომ გამომივიდოდა და შევძლებდი, ბავშვი მე თვითონ გამეჩინა.“
სახალხო დამცველის დოკუმენტის „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ეროვნული შეფასება“ თანახმად, ხშირად სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები ეტლით მოსარგებლე ქალებს არ აღიქვამენ, როგორც ადამიანებს, რომელთაც შესაძლოა სქესობრივი ცხოვრება ჰქონდეთ, ან შვილები ჰყავდეთ, და უბიძგებენ ან მიანიშნებენ კიდეც მსგავსი აქტივობებისგან თავის შეკავებისკენ. თუმცა ეკატერინეს შემთხვევაში, მისი მოტივაციის და სამედიცინო გუნდის მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. 

არსენ გვენეტაძე, ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

 „ეკატერინეს მიზანდასახულობა მოტივატორად იქცა ჩემთვის, და არა მხოლოდ ჩემთვის,“ - აღნიშნავს არსენ გვენეტაძე, „ჩვენ გავაანალიზეთ ყველა რისკი და სარგებელი და ყველა სამედიცინო წესის დაცვით, პირველივე ინვიტრო განაყოფიერებაზე შედეგი მივიღეთ. დაიბადა ალექსანდრე, რომელიც ფანტასტიკური ბიჭია. ამ ყველაფრით, ბედნიერი გავხადეთ ჩვენი თავი, ბედნიერი გავხადეთ დედა.“

UNFPA შშმ ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის

2020 წლის დასაწყისიდან, გაეროს ექვსი სააგენტო - UNFPA, UNICEF, WHO, UNDP, UN Women, OHCHR – მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით პროგრამას „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ახორციელებს. პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვის მთავარი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების გატარებას, შშმ პირთა უფლებებების კონვენციის განხორციელების მხარდაჭერას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამის პრიორიტეტების და თავისი მანდატის ფარგლებში, UNFPA აქტიურად თანამშრომლობს გაეროს სხვა სააგენტოებთან, სახელმწიფო უწყებებთან, სამოქალაქო სექტორთან და სერვისის მომწოდებლებთან, რათა ხელი შეუწყოს შშმ ქალებისა და ახალგაზრდებისთვის მათზე მორგებული და ადამიანის უფლბებზე დაფუძნებული სერვისების ხელმისაწვდომობას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და გენდერული ნიშნით ძალადობის კუთხით.
„UNFPA, როგორც გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, უკვე მრავალი წელია მუშაობს იმისთვის, რომ თითოეულ ქალს მიუწვდებოდეს ხელი ყველა საჭირო სამედიცინო სერვისზე, ადამიანის უფლებებისა და ღირსების სრული დაცვით,“ - ამბობს ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, „მოხარული ვართ, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში, UNFPA-ს საქართველოს ოფისს მიეცა საშუალება, მეტად მოახდინოს ფოკუსირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და ახალგაზრდებზე და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას მათი ცხოვრებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.“
პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ხანგრძლივობა ორი წელია. იმისათვის, რომ სტერეოტიპები დაინგრეს,  სერვისის მიწოდება განვითარდეს და მიდგომები შეიცვალოს, გაეროს მოსახლეობის ფონდმა დაიწყო პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაცია და საკანონმდებლო ბაზის, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების ანალიზი, მათში შშმ ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების ასახვის მიზნით. შემდგომი ნაბიჯების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით  დაწყებულია მუშაობა ოჯახის დაგეგმვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურის დოკუმენტში ცვლილების შეტანაზე, რომელშიც აისახება შშმ ქალებისა და ახალგაზრდების კლინიკური საჭიროებები, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალიწინებით.