სიახლეები

სოფლად მცხოვრებ ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვა: გზა უფრო თანასწორი სამყაროსკენ

8 მარტი 2018

UNFPA-ს აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემი

ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი, 2018

დღევანდელ მსოფლიოში არსებული ეკონომიკური უთანასწორობა განმტკიცებულია უთანასწორობის  მრავალი სხვა  ფორმით, მათ შორის,  სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში არსებული უთანასწორობით. 200 მილიონზე მეტ ქალს, რომელთა უმრავლესობასაც ღარიბი და სოფლად მცხოვრები ქალები წარმოადგენენ, არ გააჩნია ოჯახის  ნებაყოფლობით დაგეგმვის მეთოდებზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, 800-ზე მეტი ორსული ქალი - მათ შორის, მყიფე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ქალები - ყოველდღიურად იღუპებიან ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებებისგან.

მსოფლიოს არაერთ ნაწილში მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით შეზღუდულია ან საერთოდ არ არსებობს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რაც არ აძლევს მათ რეპროდუქციული უფლებების რეალიზების შესაძლებლობას.

აუცილებელია, აღმოიფხვრას ქალების მიმართ დისკრიმინაცია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ თავი დააღწიონ სიღარიბის უსამართლო ციკლს, განმეორებით ორსულობას, ლიმიტირებულ შესაძლებლობებს, განუხორციელებელ ადამიანის უფლებებს და არარეალიზებულ პოტენციალს. რეპროდუქციული უფლებების უარყოფა არა მარტო აზიანებს ადამიანებს, ის ასევე ზღუდავს ეკონომიკის და  ქვეყნების მდგრად განვითარებას.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები ღარიბი ქალების უფლებების განხორციელებას, ის ასევე საშუალებას მისცემს მათ იყვნენ ჯანმრთელები, მიიღონ განათლება და იცხოვრონ აქტიურად, მათ შორის, წვლილი შეიტანონ ეკონომიკურ ცხოვრებაშიც. ეს უპირატესობები სარგებლის მომტანია როგორც ქალისთვის, ასევე მისი ოჯახისა და ქვეყნისთვის. ამიტომაც, ჩვენი, UNFPA-ს მისიაა, პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ, რათა 2030 წლისთვის შევძლოთ ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მომსახურებების ირგვლივ არსებული დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების აღმოფხვრა, დედათა სიკვდილიანობის იმ შემთხვევების პრევენცია, რომელთა თავიდან არიდებაც შესაძლებელია, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ქალებისა და გოგონების მიმართ არსებული სხვა მავნე პრაქტიკების დასრულება.

უთანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის UNFPA-ს ფოკუსს წარმოადგენდა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ პროგრამებს, რომელიც გარიყული და მარგინალიზებული ქალების ცხოვრებას აუმჯობესებს, არავინ გამოაკლდეს.

წელს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ყველამ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ვიღებთ ვალდებულებას, ვებრძოლოთ უთანასწორობის სხვადასხვა ფორმას, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალებს უკან ხევს და ხელს უშლის საკუთარი უფლებებისა და ამბიციების რელიზებაში, კაცების გვერდით თანასწორად ცხოვრებაში. უფრო თანასწორი სამყაროს შექმნა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.