საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, დაიწყო სოციალურ-ეკონომიკური რეაგირება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კერძოდ, ხანდაზმულთა მხარდაჭერა პრევენციული ღონისძიებების, ხანდაზმულთა ჯანმრთელობის და დაცვის ხელშეწყობით.
პროექტი მიმდინარეობს საქართველოს ოთხ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში, მათ შორის კასპში, სადაც კვირას ერთობლივი ვიზიტი და შეხვედრები გაიმართა.
2 აგვისტოს, 11.15 საათზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე წითელი ჯვრის წარმომადგენლებსა და მოხალისეებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები, რომელიც ეხება ხანდაზმულთათვის სხვადასხვა სახის დახმარების, მომსახურების და ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის, ხანდაზმულ ასაკში COVID-19-ის პრევენციისა და მასთან გამკლავების გზებს.
კორონავირუსის გავრცელების ამ ეტაპზე გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, წითელი ჯვრის საზოგადოება სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს დაურიგებს 60 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს.
აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „კოვიდ 19-ის შედეგებთან გამკლავება ადგილობრივ თემებში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია UN COVID-19 MPTF -ის მიერ.