Go Back Go Back
Go Back Go Back

რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები - შშმ ქალები „საკუთარი ოთახის“ ძიებაში

რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები - შშმ ქალები „საკუთარი ოთახის“ ძიებაში

News

რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები - შშმ ქალები „საკუთარი ოთახის“ ძიებაში

calendar_today 18 December 2020

ნატალი ბუკია - აქტივისტი. ფოტო - დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

„ჩვენს საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაგონებაზე ერთდაერთი აზრი უტრიალებთ თავში - „ისინი ხომ ჩვენგან სრულიან განსხვავდებიან და არ შეუძლიათ ის, რაც ჩვენ.“ არ უარვყოფ, რომ რაღაცებს მართლაც განსხვავებულად ვაკეთებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შეგვიძლია.“ - ნატალი ბუკია ეტლით მოსარგებლეა და სოციალურად აქტიურად ცხოვრობს. მართვისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლაც იმიტომ აირჩია, რომ მისთვის საინტერესო პროცესებში იყოს ჩართული და სასიკეთო ცვლილებები მოიტანოს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის და გოგოებისთვის, რომელთაც ხშირად უწევთ, დისკრიმინაციას და უთანასწორო დამოკიდებულებებს გაუსწორონ თვალი.  

ნატალი ამბობს, რომ სტერეოტიპული მიდგომებები და ბარიერები განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება, როცა საქმე შშმ ქალების სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება. „ძალიან ცოტა კლინიკაა ადაპტირებული, ან უმეტესობა იმგვარად არის მოწყობილი, რომ მიუხედავად პანდუსისა და ლიფტისა, დახმარების გარეშე შეუძლებელია სერვისის მიღება, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის. გიწევს ვინმესთან ერთად წახვიდე ექიმთან. თანაც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ტრადიციად შემორჩა, რომ გინეკოლოგთან აუცილებლად შენზე უფროსი, ან ოჯახის წევრი უნდა გამოგყვეს. შშმ პირების შემთხვევაში კიდევ უფრო მძაფრად დგას ეს პრობლემა. გარემო არ გაძლევს უფლებას, დამოუკიდებლად მიიღო სერვისი, შენი პირადი სივრცე დაიცვა და არავის შეუთანხმდე, როდის წახვალ ექიმთან, ან რატომ და რის გამო.“

მარიკო კობახიძე, აქტივისტი და სტუდენტი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

გენდერული ნიშნით შექმნილ ბარიერებსა და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებზე ამახვილებს ყურადღებას შშმ აქტივისტი და სტუდენტი, მარიკო კობახიძეც: „შეზღუდული შესაძლებლობით, ქალები უფრო ხშირად ვხდებით დისკრიმინაციის მსხვერპლნი, ვიდრე მამაკაცები და ბიჭები. ჩვენ განვიცდით ორმაგ დისკრიმინაცაის არაერთ სფეროში, რადგან ვართ ქალები და ამასთანავე, შეზღუდული შესაძებლობის მქონენი. გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მეტასტაზივით მოდებული სტერეოტიპების გაქრობა და სამართლებრივ სისტემაში მოქმედი კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის დოკუმენტების იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც ასახავს შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ქალთა და გოგონათა საჭიროებებს.“

მარიამ მიქიაშვილი,  უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე. 
ფოტო: დინა განოვა/UNFPA Georgia

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმი რეალურად ვერ აღიქვამს შშმ პაციენტის მდგომარეობას, მიაჩნია, რომ მას არ ექნება სქესობრივი ცხოვრება, ვერ გააჩენს და ვერ გაზრდის შვილს და ა.შ. ამის გარდა, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებებში მიუწვდომელი ფიზიკური გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე საჭირო აღჭურვილობა, რომლითაც დამოუკიდებლად სარგებლობა ძალიან უჭირთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს.“ - მარიამ მიქიაშვილი, რომელიც უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა და ყოველდღიურადაა ჩართული მოზარდი შშმ გოგოების გაძლიერებისა და განათლების მიღების პროცესში, არაერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: „თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს მწირი ინფორმაცია აქვთ საკუთარი უფლებების შესახებ და ვერ ახერხებენ თვითადვოკატირებას. ისინი ხშირად ხდებიან სტიგმისა და სტერეოტიპების მსხვერპლნი, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე საკუთარ ოჯახებშიც. ეს კი უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე, დამოუკიდებელ და სრულფასოვან ცხოვრებაზე. გოგონებს სჭირდებათ მეტი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ, რაც მათ დაეხმარება იყვნენ უფრო თავდაჯერებულნი და თვითმყოფადები.“

კვლევა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკანონმდებლო ანალიზი, სახელმწიფო პროგრამების მიმოხილვა და რეკომენდაციები გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან მიმართებაში", რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2020 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, ყველა იმ საკითხს მოიცავს, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები საჯარო თუ პირად საუბრებში ამახვილებენ ყურადღებას. დოკუმენტის მიზანია არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და სახელმწიფო პროგრამების მიმოხილვა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან (CRPD) მიმართებაში. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისში მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და პროგრამების ფუნდამენტურ გადახედვასა და ცვლილებებს  რიგი რეკომენდაციების შემოთავაზების გზით, რათა საკანონმდებლო ბაზა და პროგრამები შესაბამისობაში მოვიდეს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან შშმ ქალებისა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ შშმ ქალებს და გოგონებს ხელი მიუწვდებოდეთ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და თითოეულმა მათგანმა სრულფასოვანი, ღირსეული ცხოვრებით იცხოვროს. ამისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფოსთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან და აქტივისტებთან, რადგან ვთვლით, რომ სწორედ ერთობლივი ძალისხმევა მიგვიყვანს სასურველ, უფრო თანასწორ და ინკლუზიურ საზოგადოებამდე,“ - ამბობს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე. 

კვლევამ აჩვენა, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა, ისევე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები და პროგრამები ნაკლებად აღიარებს შშმ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებულ საჭიროებებსა და მოწყვლადობას, ხოლო ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ჯანდაცვის სერვისებსა და ინფორმაციაზე მისაწვდომობისა და გონივრული მისადაგების ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხი რჩება. ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი, რომელიც კვლევის თანაავტორია, აღნიშნავს, რომ „შშმ ქალებსა და გოგონებს არ აქვთ სრულყოფილი შესაძლებლობა სხვებთან თანაბრად ისარგებლონ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ყველა შესაძლო სერვისითა და საშუალებით, ისინი, როგორც წესი, ვერ ახერხებენ საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას შესაბამისი სტანდარტებისა და ხარისხის დაცვით, რასაც ხელს უწყობს სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია და დისკრიმინაციული მიდგომა შშმ ქალებისა და გოგონების მიმართ.“

კვლევის თანაავტორი, ადამიანის უფლების და გენდერის ექპერტი ლიკა ჯალაღანია, სახელმწიფოს მხრიდან კვლევის რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობას უსვამს ხაზს: „აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს სთავაზობს შშმ ქალთა წინაშე მდგარ საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე არსებულ პრობლემათა დაძლევის კონკრეტულ გზებს, რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" (CRPD) ბაზისურ პრინციპებს, შესაბამისად, აღნიშნულ რეკომენდაციათა გათვალისწინება საკანონმდებლო ჩარჩოს, ისევე როგორც სახელმწიფოს კონკრეტულ პროგრამებს მეტად მგრძნობიარეს გახდის შშმ ქალთა საჭიროებების მიმართ და შშმ ქალებსა და გოგონებს მეტ შესაძლებლობას შეუქმნის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მისაწვდომობის თვალსაზრისით.”

კვლევა განხორციელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) მხარდაჭერით, გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.