Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალი სიცოცხლე იბადება

ახალი სიცოცხლე იბადება
ახალი სიცოცხლე იბადება

Publisher

Number of pages

81

Author

თამარ შარაშენიძე; სოფიო ბოჯგუა

Publication

ახალი სიცოცხლე იბადება

Publication date

11 August 2022

Download Icon

ქალის ორგანიზმი კომპლექსური სისტემაა, რომელიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირით ქმნის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ქალის სასქესო ორგანოები უმთავრესად განლაგებულია სხეულის შიგნით, მცირე მენჯის ღრუში.

საკვერცხე წყვილი ორგანოსგან შედგება და პასუხისმგებელია რეპროდუქციისთვის აუცილებელი კვერცხუჯრედების გამოთავისუფლებაზე.

დაბადებისას ქალის საკვერცხეებში უკვე არსებობს დაახლოებით 1-2 მლნ კვერცხუჯრედი. აქედან, ცხოვრების განმავლობაში შეიძლება მომწიფდეს და გასანაყოფიერებლად გამოთავისუფლდეს მხოლოდ 300.

საკვერცხის მთავარი ფუნქციაა ქალის სასქესო ჰორმონების (ესტროგენისა და პროგესტერონის) გამომუშავება. მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება საკვერცხიდან (ამ პროცესს ოვულაცია ჰქვია) და ე.წ. ფალოპის მილების (კვერცხსავლის) გავლით ხვდება საშვილოსნოს ღრუში. კვერცხუჯრედი განაყოფიერდება მაშინ, როცა სპერმატოზოიდი ხვდება და აღწევს მის შიგნით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოსშიდა გარსზე (ენდომეტრიუმზე) მაგრდება. ასე იწყება ორსულობა.

ქალის რეპროდუქციული სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ძუძუ. იგი მდებარეობს გულმკერდის დიდიკუნთის ზედაპირზე. მისი ფორმა და ზომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ასაკზე, ასევე, ორგანიზმის მდგომარეობაზე, როგორიცაა ძუძუთი კვება და ა.შ.

ძუძუ შედგება ცხიმოვანი და ფიბროზული ქსოვილებისა და 15-20 ჯირკვლოვანი წილისგან, რომლებიც მოქცეულია ცხიმოვან ქსოვილში. თითოეულ წილს აქვს საკუთარი სარძევე სადინარი, რომელიც მიემართება დვრილისკენ. მუქ პიგმენტურ რგოლს ძუძუსთავის გარშემო არეოლა ეწოდება.

პრემენსტრუალურად (წინარემენსტრუალურად) და ორსულობისას სარძევე ჯირკვალი შუპდება და შესაძლოა ოდნავ მტკივნეულიც გახდეს. ორსულობის დროს, სხვადასხვა ჰორმონების ზემოქმედების შედეგად, იგი ლაქტაციისთვის (რძის წარმოებისთვის) ემზადება – დიდდება და იწყებს ჯერ ხსენის, ხოლო შემდეგ რძის გამომუშავებას.

ჯანმრთელი ძუძუ ქალის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის რეგულარულ გამოკვლევასა და სკრინინგს. სკრინინგის პროგრამის წყალობით, შესაძლებელია დროულად აღმოვაჩინოთ არასასურველი სიმსივნური წარმონაქმნი, ან ცვლილება და ადრეულ ვადაზე ვუმკურნალოთ. სკრინინგულ შემოწმებებს შორის შუალედში ქალს შეუძლია თვითგასინჯვა. რაიმე უჩვეულოს აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, დროულად მიმართოს ექიმს.