Go Back Go Back
Go Back Go Back

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის საქართველოში

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის საქართველოში

News

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის საქართველოში

calendar_today 27 October 2022

მშობლებს ხელში უჭირავთ გოგო შვილი და ეხუტებიან
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

წელს პირველად, კომპანია „მეამაში“ დასაქმებულმა ხუთმა მამამ დეკრეტული შვებულებით ისარგებლა. „მეამას“ გუნდისთვის ოჯახების მხარდაჭერის პოლიტიკის გატარება, მათ შორის, სამუშაო ადგილზე მშობლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა,  დაარსების დღიდან წარმოადგენდა პრიორიტეტს, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობამ უფრო სისტემური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორი გახდა. 

2022 წლის 4 მაისს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და კომპანია „მეამას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ სამუშაო ადგილზე ოჯახზე მორგებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით.

როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, ოჯახზე მორგებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ადვოკატირება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით:

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გატარებით და შესაბამისი მიდგომებით, ღირსეული სამუშაო პირობებისა და დეკრეტული/მშობლობის შვებულების შეთავაზებით როგორც დედებისთვის, ასევე მამებისთვის, შესაძლებელია, შეიქმნას ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო პროგრესული და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას.“

„მეამა“ პირველია კერძო კომპანიებს შორის, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, დანერგოს და გაატაროს ოჯახზე მორგებული პოლიტიკა და ამ გზით, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას სამუშაო ადგილზე. ამისთვის „მეამა“ მშობლებს საშუალებას აძლევს თანაბრად ისარგებლონ დეკრეტული და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით.

რატომ უნდა ისარგებლოს მამამ დეკრეტული შვებულებით?

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის, ფლორენს ბაუერის განმარტებით, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ეხმარება წყვილებს იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენიც მათ სურთ ისე, რომ დედაც და მამაც სრულფასოვნად ახერხებდეს სამუშაო ძალის შენარჩუნებასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებას. 

ასეთი პოლიტიკის ნაწილია სათანადოდ ანაზღაურებადი მშობლის შვებულება - დედებისა და მამებისათვის, ასევე, მშობლებისათვის მოქნილი სამუშაო განრიგის შეთავაზება, მეძუძური დედებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფა და მცირეწლოვანი ბავშვების მოვლისთვის განკუთვნილი სივრცეები და საშუალებები სამუშაო ადგილზე.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მშობლობის შვებულების სათანადო რეგულირებას შეუძლია გენდერული როლების უსამართლო განაწილებასთან დაპირისპირება, გენდერული სტერეოტიპების რღვევა, შრომით ბაზარზე ქალების მონაწილეობის გაზრდა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობა. შრომითი უფლების რეალიზება უზრუნველყოფს ქალების ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბის შემცირებას. 

გარდა ამისა, აღნიშნული პოლიტიკა მშობლებს პირადი ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსირების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის ჩართულობა კი დადებითად აისახებას მის განვითარებაზე. 

როგორ უწყობს ხელს „მეამა“ საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვას?

„მეამას“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ მებურიშვილი აღნიშნავს, რომ „მეამა“ დაფუძნების დღიდან მუშაობს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვაზე, თუმცა მამის დეკრეტული და ბავშვის მოვლის გამო შვებულება მაინც სიახლე იყო მათ კომპანიაში.

დასაქმებულთა დარწმუნება, ესარგებლათ იმ უპირატესობებით, რასაც მათ ეს პოლიტიკა სთავაზობს, ჩვენგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვდა. ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის თითოეულმა თანამშრომელმა საკმაოდ აქტიური შიდა საკომუნიკაციო კამპანია ვაწარმოეთ ამ საკითხზე, ცნობიერების ამაღლების კუთხით კი დავგეგმეთ და განვახორციელეთ გარკვეული  ტრენინგები  თანამშრომელთან, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, შედეგად სულ რამდენიმე თვეში მეამაში ხუთმა კაცმა უკვე ისარგებლა დეკრეტული შვებულებით,“ ამბობს ის. 

მარიამ მებურიშვილი
მარიამ მებურიშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მისივე თქმით, „მეამა“ ისეთი გარემოს შექმნას ცდილობს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ კარიერულ ზრდასა და განვითარებასთან ერთად, დრო დაუთმონ პირად ცხოვრებას:

„მეამას“ მაგალითით, შემიძლია აღვნიშნო, რომ კომპანიებში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვა ხელს უწყობს თანამშრომლების ეფექტურობას და სამუშაო გარემო დასაქმებულებისთვის კიდევ უფრო კომფორტული ხდება. ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის შეთავაზება მამებისთვის და  დედებისვთის, ასევე ოჯახის მხარდამჭერი სხვა სახის ხელშეწყობა, დამსაქმებელთათვისაც ძალიან სასარგებლოა, სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა პროდუქტიულობის გაზრდისა და მათი კომპანიისადმი ერთგულების გაღრმავების თვალსაზრისით.“

საქართველოში დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით დამოკიდებულება მკვეთრად შეცვლილია ბოლო 6 წლის განმავლობაში. 2019 წელს ჩატარებული კვლევის „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ თანახმად, დაახლოებით, სამიდან ორი ქალი და კაცი მხარს უჭერს მამის დეკრეტული შვებულების იდეას. რესპონდენტების 62.3% აღნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს მამობის შვებულების მარეგულირებელი კანონი და 66% მიიჩნევს, რომ შვებულება უნდა მიეცეს როგორც დედებს, ასევე მამებს.

2013 წელს ჩატარებული იგივე კვლევის თანხმად კი ყოველი მეორე გამოკითხული ამბობდა, რომ მამების შვებულების კანონის საჭიროებას ვერ ხედავდა, და თითქმის იგივე რაოდენობა არ უჭერდა მხარს იდეას, რომ მამებისთვის შვეულების მიცემა დამსაქმებლის ვალდებულება ყოფილიყო.

დავით სამსიანი
დავით სამსიანი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

დავით სამსიანი ერთ-ერთია იმ ხუთ მამას შორის, რომელმაც „მეამას“ დეკრეტული და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით ისარგებლა. მისი აზრით, „კომპანიის მხრიდან ასეთი სახის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთგვარი წახალისებაა, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ოჯახზე და ვიყოთ ჩართული მის გაძლიერებაში.“

ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, პირველი შვილი შემეძინა. კომპანიისგან ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა, ვისარგებლო მამებისთვის განკუთვნილი დეკრეტით და ვიყო ჩემი მეუღლის და შვილის გვერდით,  ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე საჭირო პერიოდში. ბავშვის პირველი სიცილი, პირველი ტირილი, პირველი უძილო ღამე - ეს ის მომენტებია, რომლებიც აღარასოდეს განმეორდება და ძალიან მადლიერი ვარ, რომ შევძელი ჩვენთვის მნიშვნელოვან ეტაპზე მათ გვერდით ყოფნა,“ ამბობს ის.

2022 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა,  “Equimundo”-სთან (აშშ) თანამშრომლობით, შეიმუშავა „ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და პრაქტიკა სამუშაო ადგილზე -კომპედიუმი დამსაქმებელთათვის საქართველოში“, რომელშიც მოცემულია მტკიცებულებები და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, რითაც შეუძლიათ იხელმძღვანელონ საქართველოს ხელისუფლებისა და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სამუშაო ადგილზე ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ხელშესაწყობად. 

აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი და პერსპექტიული მუშახელის ძიებისას, კომპანიები, რომლებიც  სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსების თვალსაზრისით თანამშრომლებს უკეთეს პირობებს სთავაზობენ, მნიშვნელოვნად ზრდიან საკუთარ კონკურენტუნარიანობას.

-------------------------

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვაზე მუშაობს შემდეგი პროგრამების ფარგლებში: გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისათვის“, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით და “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად”, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის რესპონდენტებს და შესაძლოა, ისინი არ გამოხატავდეს გაეროს მოსახლეობის ფონდის, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის შეხედულებებს.