3 ივნისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქებში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში “თანასწორობის კუთხეები“ გაიხსნა და ზრდასრულთა განათლების და ახალგაზრდულ ცენტრებს 200-ზე მეტი წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.
„თანასწორობის კუთეების“ გახსნაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებმა. ასევე, გაიმართა ახალგაზრდებთან შეხვედრა ქართველ ავტორთან და ტელეწამყვანთან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან, რომელმაც გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.
UNFPA-ის რიგით მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე „თანასწორობის კუთხეები“ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გაიხსნა პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
ამავე ღონისძიებებზე, ორგანიზაცია „საფართან“ თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდული წიგნის კლუბის შექმნას, რომელიც ზრდას და განვითარებას განაგრძობს ქართულ-სომხური პლატფორმის - „განძის“ ბლოგერების მონაწილეობით. პლატფორმა „განძი“ UNFPA-ს და ორგანიზაცია „საფარი“-ის კიდევ ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის დახმარებით, ქართველი და სომეხი ახალგაზრდების ინფორმირებულობას უწყობს ხელს.