Go Back Go Back
Go Back Go Back

გურიაში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა

გურიაში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა

News

გურიაში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა

calendar_today 02 April 2021

2021 წლის 29-31 მარტი. ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ერთობლივი ძალისხმევით და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან თანამშრომლობით, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა. ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი სახოკიასა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლელა ბაქრაძეს შორის. შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერულ თანასწორობის ხელშეწყობისა და ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით.  



„გურია კვლავაც რჩება პრიორიტეტულ რეგიონად ჩვენთვის, ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. ვიმედოვნებთ, რომ ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შევძლებთ, გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გენდერული თანასწორობის მისაღწევად,“ - განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ. 



ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში გაიხსნა ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა „გოგონები მომავლიდან“. ამავე პროექტის ჩვენება შედგა ჩოხატაურის #1 და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლებში. ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგოების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ. ფოტოპროექტი მომზადებულია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივით და ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც UNFPA ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა.



ღონისძიების ფარგლებში, ამავე სკოლების ბიბლიოთეკებში, გამომცემლობა „პალიტრა L“-თან და „სილქნეტთან“ პარტნიორობით, „თანასწორობის კუთხეები“ გაიხსნა. „თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. „თანასწორობის კუთხე“ საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ. „თანასწორობის კუთხეები“ მწერალმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა და UNFPA-ს მეგობარმა, გიორგი კეკელიძემ გახსნა. მან მოსწავლეებთან გენდერული თანასწორობის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში „თანასწორობის კუთხეების“ გახსნას მომავალშიც გეგმავს.