9 მაისს, ევროპის დღეზე მისულ სტუმრებს, გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA-სა და ევროკავშირის მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგების გაცნობა "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში შეეძლოთ.
UNFPA ცდილობს ინოვაციური გზებით მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მათ კეთილდრეობასა და უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
წელს პირველად, შემეცნებითი ბორბლის მეშვეობით, ფორსეტის გუნდთან ერთად განვმარტეთ, რას ნიშნავს ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა (TF GBV), რა კავშირი აქვს მას ციფრულ უსაფრთხოებასთან და როგორ დავიცვათ თავი ონლაინ.
“ევროპის დღე” განსაკუთრებული შესაძლებლობა იყო, რომ კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილ გენდერულ ძალადობაზე, ციფრულ უსაფრთხოებაზე და ტექნოლოგიების გამოყენებაზე” - ამბობს ფორსეტის პროექტის კოორდინატორი ანა არევაძე.
ამავე თემაზე, პავილიონის მთავარი სცენიდან UNFPA-ის ახალმა მეგობრებმა - სთენდაფ კომიკოსებმა ვენერო მელუამ და ნინიკო ლეკიშვილმა მარტივი და სახალისო გზით განმარტეს, რას ნიშნავს აბრევიატურა TF GBV და პირადი მაგალითებით დაეხმარნენ აუდიტორიას გაესვათ წითელი ხაზები ტოქსიკურ ურთიერთობაში.
“ევროპის დღეზე UNFPA-სთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო და სახალისო გამოცდილება იყო. მიხარია რომ ისეთ სერიოზულ თემაზე როგორიცაა ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა, მოგვეცა საშუალება ახალგაზრდებთან გვესაუბრა იუმორის კუთხით, რაც თემას უფრო დასამახსოვრებელს და ხელშესახებს ხდის” - ამბობს ნინიკო ლეკიშვილი.
მთავარი სცენიდან, UNFPA-ის და ევროკავშირის ერთობლივი “მამების სკოლის” ფასილიტატორმა და მასწავლებელმა გიორგი ლიპარიშვილმა სტუმრებს უამბო "რა დევს მამის ჩანთაში?"
“მამობასზე სიტყვის თქმა ჩემთვის ყოველთვის პასუხისმგებლობასთან და სიამაყესთან ასოცირდება. საჯაროდ მამობაზე 2 სიტყვის თქმა ამ პასუხისმგებლობას აორმაგებს. მამობაზე ყოველი სიტყვის თქმის მერე, ვცდილობ მეც უკეთესი მამა გავხდე ვიდრე გუშინ ვიყავი. მადლობა UNFPA მრავალწლიანი ნდობისა და თანამშრომლობისთვის” - ამბობს გიორგი ლიპარიშვილი.
მთელი დღის მანძილზე არ წყდებოდა საინტერესო, შემეცნებითი და ინტერაქციული პროგრამა UNFPA-იმ ნარინჯისფერ კუთხეში, სადაც ყველასათვის საყვარელი სამაგიდო თამაშის “პერსონას” უამრავი რაუნდი გაიმართა სხვადასხვა თაობის სტუმრების მონაწილეობით.
“ევროპის დღეს მქონდა შესაძლებლობა, რომ განსხვავებული ასაკის, პროფესიის, სქესის და შეხედულებების მქონე სტუმრებისთვის გამეცნო “პერსონა”. მომწონს, როცა ადამიანები სხვადასხვა პერსპექტივით აკვირდებიან პერსონაჟებს, ეცნობიან მათ გამოწვევებს და პასუხობენ მსმენელის კითხვებზე. ამ დღეს განსაკუთრებით საინტერესო იყო, თუ როგორ განიხილავდნენ ახალგაზრდები და უფროსები გენდერულ საკითხებს, ცვლიდნენ აზრებს და ცდილობდნენ სტერეოტიპებისა და სოციალური თემების სხვა კუთხით დანახვას” - ამბობს UNFPA-ის ერთ-ერთი მოხალისე გიორგი მოისწრაფიშვილი.
2022 წელს, UNFPA-ის ინიციატივით, გამომცემლობა „პალიტრა L”-თან და BG Era Games-თან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილმა “პერსონამ”, ყველა ასაკის ადამიანის ინტერესი გამოიწვია და სამაგიდო თამაშის მოყვარულების გულებსა და თაროებზეც დაიდო ბინა.
UNFPA-ის კიდევ ერთ მოხალისეს, დავით დუმბაძეს სურს, მისმა თანატოლებმა მეტი გაიგონ რას ნიშნავს მათი მომავლისთვის ევროკავშირის წევრობა. სწორედ ამიტომ დაინტერესდა ევროპის დღეზე მოხალისეობით.
“ვფიქრობ ეს არის შესაძლებლობა მივიღოთ უკეთესი განათლება და შევძლოთ ჩვენი სურვილების და მისწრაფებების შესრულება” - ამბობს ის
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი მესამე წელია მონაწილეობს ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ევროკავშირის ელჩს, ყველა სტუმარს, ჩვენს მოხალისეებს და მეგობრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
UNFPA-ში გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია სამყარო უფრო უკეთესი, თანასწორი და ინკლუზიური გავხადოთ.