გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მრავალი წელია მუშაობს იმისთვის, რომ მოზარდებს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ხელი მიუწვდებოდეთ ასაკზე მორგებულ ინფორმაციაზე ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ.
25 ივლისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლების სასწავლო პროგრამებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს როგორც მასწავლებელთა 5-წლიანი ინტეგრირებული განათლების პროგრამას, ასევე განათლების მენეჯმენტის/მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო ან არჩევით კურსს.